„ქალბატონი სალომე თავისებურია და მიაჩნია, რომ ის პოზიცია უნდა გამოხატოს, რაც აქვს და არ უნდა ითვალთმაქცოს“

„ქალბატონი სალომე თავისებურია და მიაჩნია, რომ ის პოზიცია უნდა გამოხატოს, რაც აქვს და არ უნდა ითვალთმაქცოს“

სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ერთი-მეორის მიყოლებით უცნაური განცხადებები არ მინელებულა. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სულ ბოლოს მარიხუანას კულტივაციის თემას გამოეხმაურა და გაიზიარა მმართველი ძალის მიერ მომზადებული მეტად არაპოპულარული კანონპროექტი, რომ მედეას ქვეყანაში მსგავსი სამკურნალო პლანტაციების გაშენება გასაკვირი არ არის. ასევე, ზურაბიშვილმა განცხადებები გააკეთა სასულიერო პირთა მისამართითაც და მათ კონკორდატი შეახსენა, თანაც, აღნიშნა, რომ, როცა პრეზიდენტი გახდება, ამ საკითხს თავად მიხედავს, რადგან ეკლესია არ უნდა ერეოდეს საერო საკითხებში.

რის მიღწევას ლამობს სალომე ზურაბიშვილი იმ ქვეყანაში, სადაც მართლმადიდებლობასა და ეკლესიას ამხელა ძალა აქვს, ხოლო მარიხუანას მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიცია გადახედვას არ ექვემდებარება?! ამის შესახებ For.ge ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძე ესაუბრა.

აგვისტოს ომის შესახებ შეფასებას, ასევე, აფხაზეთის მეზობელ სახელმწიფოდ მოხსენიების ციებ-ცხელებას ჯერ არ ჩაუვლია და სალომე ზურაბიშვილი კანაფის მოყვანის არაპოპულარულ თემასაც გამოეხმაურა და სასულიერო პირებსაც კონკორდატი შეახსენა. უნდა აწყობდეს კი ნებისმიერ საპრეზიდენტო კანდიდატს მართლმადიდებელ ქვეყანაში სასულიერო პირთა განაწყენება? არჩევნების წინ ეს უბრალო შეცდომებია, თუ საეჭვო დამთხვევაა?

- ყველაფერი შეიძლება ვივარაუდოთ. საერთოდ, ქალბატონ სალომეს ისეთი შეხედულებები აქვს მთელ რიგ საზოგადოებრივ, პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებით, რომელიც არ ჯდება იმ ხედვებში, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას გააჩნია. ეს გამომდინარეობს მისი ბიოგრაფიიდან და იქიდან, თუ სად გაიკეთა მან კარიერა, რა ღირებულებებს ეზიარა, რა პოზიციები ჰქონდა. ასე რომ, მისი განცხადებები, თუნდაც იმავე აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ან კიდევ ეკლესიასთან მიმართებით უცხოა და ეხამუშება ტიპურ ქართულ აზროვნებასა და მენტალიტეტს. ქალბატონი სალომე ცოტა თავისებური ქალბატონია და მას მიაჩნია, რომ ის პოზიცია უნდა გამოხატოს, რაც აქვს და არ ითვალთმაქცოს. თუმცა, როგორც მე ვხედავ, მისი ბოლო გამოსვლების ფონზე, მან ე. წ. სცილასა და ქარიბდას შორის აიღო გეზი. ერთი მხრივ, მას სურს, მიჰყვეს თავის ჩვეულ დღის წესრიგს და იყოს სალომე ზურაბიშვილი, მეორე მხრივ, ის ვალდებულია, ანგარიში გაუწიოს კონიუნქტურას, რომ ის არის „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი და იმის გამო, რომ ქვეყანაში არსებობს გარკვეული კონიუნქტურა, უნდა მოარგოს ამ კონიუნქტურას თავისი განცხადებები. მან უკვე შეარბილა თავისი განცხადებების ტონი აგვისტოს ომთან დაკავშირებით. არც ის გამიკვირდება, თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ იტყვის, რომ მას ისე არ გაუგეს და ეკლესიის მისამართით მისმა მიმართვამაც ტრანსფორმაცია განიცადა.

მე, როგორც რიგითი ექსპერტი და, ასევე, მრევლის წარმომადგენელი, ვთვლი, რომ გაცილებით უმჯობესია ჩვენთვის, ეკლესია არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებში ნაკლებად ერეოდეს, რადგან ჩვენ მაინც, ასე თუ ისე, საერო სახელმწიფო ვართ. რაც შეეხება მარიხუანასთან დაკავშირებულ საკითხს, ნამდვილად ვერ დავეთანხმები სალომე ზურაბიშვილს იმაში, რომ ეს არ არის ეკლესიის განსახილველი. სინამდვილეში, ეს ისეთი თემაა, რომელიც ეხება ერის სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. როგორ უნდა დარჩეს ეკლესია ამ საკითხის მიღმა და არ ამოიღოს ხმა?! კონკორდატში ეს არ არის გაწერილი. მეორე საკითხია, რომ, სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ არ ჩაგვიტარებია კვალიფიციური სოციოლოგიური გამოკითხვები და არ ვიცით, სალომე ზურაბიშვილის ამ გამოხტომებმა „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერთა რაოდენობა მოუმატა, თუ მოუკლო.

არის ასეთი მოსაზრება, რომ ოდესღაც არაფორმალურ და დღეს უკვე ფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლა სურს და ამ მიზნით სწორედ ზურაბიშვილის კანდიდატურა შემოგვთავაზა. უფრო მეტიც, როდესაც გვესმის სალომე ზურაბიშვილის სავიზიტო ტერმინი -„არა ქაჯებს“, ეს თურმე ნიშნავს, რომარა ქოცებს“. შესაძლოა, ეს ვერსიაც განვიხილოთ, რომ ბიძინას სურდეს ქართული პოლიტიკიდან ჩამოშორება ამ ქალბატონის მეშვეობით?

- ეს ყველაფერი უფრო კონსპიროლოგიურ თეორიას წააგავს. ერთი წუთით დავუშვათ, რომ ასე იყოს, მაშინ საინტერესოა, რატომ უნდა აწყობდეს ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლა? ის ხომ დაბრუნდა პოლიტიკაში, პარტიას ჩაუდგა სათავეში და ერთგვარად მოახდინა თავისი სტატუსის ფორმალიზება. რა საფუძველი უნდა ჰქონდეს ამ ვერსიას?

ამაზეც არის პასუხი, რომქართული ოცნებისწევრები ამდენი ხნის განმავლობაში პარაზიტირებენ ბიძინას მხრებზე და ივანიშვილს მობეზრდა ამ ადამიანების საკუთარი რესურსით თრევა. მით უმეტეს, რომ ამ ადამიანების უნიათობის გამო პასუხი ისევ ბიძინას მოეთხოვება, როგორც მათ მფარველს და თავად ამ ადამიანებს ცოდვა ნაკლებად მოეკითხებათ.

- იცით, რა არის? ყველა ადამიანს გააჩნია თავისი მოსაზრება. რა თქმა უნდა, რაციონალური საფუძველი აქვს იმ მოსაზრებას, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ელიტის უმეტესობა მართლაც პარაზიტირებს ბიძინა ივანიშვილის მხრებზე. მათ ბიძინათი უდგათ სული, რადგან პოლიტიკურ ლიდერად ვერც ერთი მათგანი ვერ შედგა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს სავსებით შეუძლია „ქართული ოცნების“ შემადგენლობა განაახლოს, იქ ახალი ხალხი მიიყვანოს, თანდათანობით გაისტუმროს ძველები და შექმნას ახალი ძალა. თუ მიაქციეთ ყურადღება, თავის ტელეინტერვიუში საკმაოდ კრიტიკულად ისაუბრა „ქართულ ოცნებაზე“ და თქვა, რომ „ოცნება“ ჯერ ვერ ჩამოყალიბდა ევროპული ყაიდის პოლიტიკურ პარტიად. ეს მძიმე დიაგნოზია საკუთარი პარტიის მიმართ. ასე რომ, ასე ცალსახად ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, თითქოს სალომე ზურაბიშვილი მას სჭირდება რაღაც ინსტრუმენტად, რომ „ოცნებაც“ ჩამოაშოროს ხელისუფლებას და თვითონაც წავიდეს. მერე ვის უტოვებს ხელისუფლებას?

ასევე, ერთ-ერთი ვერსიაა, რომ ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილზე ფსონის დადებით მესიჯი გაუგზავნა პუტინს, რის დასტურადაც ზურაბიშვილის განცხადება მოჰყავთ აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

- თუ ეს განცხადებები სალომე ზურაბიშვილის მიერ წინასწარ განზრახულად კეთდება, რომ რუსეთს პოზიციები გაუმყაროს და რუსეთმა ეს გამოიყენოს, მაშინ საქმე რთულად ყოფილა. მაინც არა მგონია, სალომე ზურაბიშვილს არ ესმოდეს, რომ ასეთი განცხადებებით რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. უბრალოდ, მას ასეთი ბუნება აქვს, რომ იმეორებს იმ პოზიციას, რა პოზიციაც არის მიღებული ევროპასა და დასავლურ სამყაროში, რომ რუსეთმა დაიწყო ომი, მაგრამ სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა, რომ წამოეგო მის პროვოკაციებს და ხელში ჩაუგდო რუსეთს ომის დაწყების საბაბი.

ფაქტია, რომ სასულიერო პირთა ნაწილმა მკვეთრად უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა სალომე ზურაბიშვილის მიმართ. მეუფე პეტრეზე რომ არაფერი ვთქვათ, რომელმაც მასდაფრანგულიუწოდა და პარალელი გაავლო კათოლიკე მისიონერებთან, რომლებმაც საქართველოს სიკეთე ვერ მოუტანეს, ასევე, მონასტერში მცხოვრებმა ბერმაც დაგმო სალომე ზურაბიშვილის განცხადებები და აღნიშნა, „სალომე, შენ ხარ პუტინი“. თუკი გავითვალისწინებთ, რომ სასულიერო პირთა მოსაზრება საქართველოში ანგარიშგასაწევია, მაშინოცნებასსანანებელად გაუხდება ეს კანდიდატურა?

- არაერთხელ განვაცხადე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ის შეცდომა დაუშვა, რომ არ წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა. რა მიზეზებით იყო ეს გამოწვეული, ამას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს. ალბათ, დიდწილად, ეს მაინც საგარეო მიზეზებით იყო გამოწვეული. ბიძინა ივანიშვილმა თქვა კიდეც თავის ინტერვიუში, რომ ევროპას არ მოსწონს, როცა ერთი პარტიის ხელშია კონცენტრირებული სახელისუფლებო ყველა ბერკეტი და ამას კიდევ საპრეზიდენტო ბერკეტიც რომ დაემატოს, ევროპა გაგვინაწყენდება. როგორც ჩანს, ეს გარემოებაც მოქმედებდა.