"ციხეში წახვალთ, ასე გადაეცით დარბაზიდან გაპარულ ბოკერიას" - ირმა ინაშვილი

ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ვერ ეღირსებით, ციხეში კი წახვალთ, ასე გადაეცით დარბაზიდან გაპარულ ბოკერიას, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს" წევრებს სურთ, პარლამენტის წევრები გახდნენ მოსამართლეები და პროკურორები, რომ ადგილზე დააკაონ ადამიანები.

„სიამოვნებით დაგაკავებდით ადგილზე, ბატონი ბოკერია რომ გაძვრა დარბაზიდან, მაგრამ თქვენგან განსხვავებით, მე ბოკერიას ვთავაზობ ადვოკატის უფლებას, სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვთავაზობ, თავი დაიცვან, თუ მართლები არიან, მაგრამ არა ხართ მართალი, საქმე ამაშია. მკვლელების დასჯაც მოხდება და დანაშაულის გამოძიებაც ოდესმე მაინც მივა ბოლომდე, მაგრამ თქვენ ამ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ვერ ეღირსებით, ციხეში კი წახვალთ, ასე გადაეცით დარბაზიდან გაპარულ ბოკერიას", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ამასთან, როგორც „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა აღნიშნა, გიგა ბოკერიასა და მისი გუნდის წევრებს უფლება არ აქვთ, ისაუბრონ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე.

შეგახსენებთ, რომ "ევროპულმა საქართველომ" პარლამენტის სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.