ზაზა სარალიძე სკანდალური მასალების გამოქვეყნებას აანონსებს

ზაზა სარალიძე სკანდალური მასალების გამოქვეყნებას აანონსებს

“მე მოვრჩი ხელისუფლებასთან თამაშს, – განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ.

ზაზა სარალიძის მტკიცებით, კომისიის წევრები “ოცნების“ მხრიდან, ჩართული არიან ამ საქმის გაყალბებაში, რაშიც ფულს იღებენ.

სარალიძე დაკონკრეტებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ ყველაფერს დოკუმენტალურად დაამტკიცებს.

მისივე თქმით, „ამ საქმეში ჭეშმარიტება დადგება მაშინ, როდესაც ყველა პროკურორი, რომელიც ამ საქმესთან იყო შემხებლობასთან, პასუხისგებაში იქნება მიცემული”.

“თუ ასე არ მოხდა, არავინ არაფერს დაადგენს და ვერ დაადგენს, იქიდან გამომდინარე, რომ თვით კომისიის წევრები, ვინც ოცნების მხრიდან გამოძიებაში ჩართული არიან, დავალებული აქვთ, რომ საქმე გააყალბონ. თუ რა თანხები აქვთ აღებული, მოვა დრო და ყველაფერს ვიტყვი. ზუსტად იმიტომ ვამბობ, რომ ამ ხელისუფლებამ უნდა დატოვოს თანამდებობა და ახალმა ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ეს საქმე. მათთან თამაშს მოვრჩი. ხომ მეთამაშნენ, ახლა დამთავრდა მათი საკითხი”, – განაცხადა სარალიძემ

სარალიძემ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულსა და მის ოჯახს თანხაც კი შესთავაზეს.

“პროკურატურა ცდილობს, ისევ თავისი ვერსია გაიტანოს. აპირებენ, მეორე ბავშვის მოსყიდვას, რახან ზიხარ, აიღე ფული და აიღე შენს თავზეო… ეს ყველაფერი გამოვა სააშკარაოზე, ხელისუფლებას არ ეგონოს, რომ ზაზა სარალიძე ამაზე არ მუშაობს. ყველა ვიცი, რას აკეთებს და ყველა ვიცი, რაშია ჩართული აბსოლუტურად. ამ საქმის გაყალბებაში თავად მკვლელის ნათესავები არიან ჩართულნი, დაჭერილისა და დაუჭერელის. ამ ყველაფერს დოკუმენტალურად დავამტკიცებ. ეს არის აბსოლუტურად დადასტურებული ინფორმაცია. მე არ მიყვარს ზეპირად საუბარი, ყველაფერი ერთ ადგილზე გროვდება და ერთ დღესაც გაიხსნება”- აღნიშნა ზაზა სარალიძემ.