იოკო ონომ “Lennon's Bar”-ს უჩივლა

იოკო ონომ “Lennon's Bar”-ს უჩივლა

ხუთი წლის წინ, შოტლანდიის ქალაქ დანდის მცხოვრებმა, ვინმე მაიკ კრეიგმა მშობლიურ დასახლებულ პუნქტში პაბი გახსნა. ამ სახის დაწესებულებით დიდ ბრიტანეთში ვერავის გააკვირვებ, ამიტომ გონებაგამჭრიახმა ბიზნესმენმა მას ჯონ ლენონის სახელი უწოდა. ვარაუდი სწორი გამოდგა და მალე “Lennon's Bar”-მა დიდი პოპულარობა მოიხვეჭა.

 

ჯონ ლენონის ქვრივი იოკო ონო მეტად დაკავებული პიროვნებაა.

 

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ჰიროსიმას თანამედროვე ხელოვნების ცენტრის მორიგი პრეს-რელიზი, სადაც აღნიშნულია, რომ ამ პრესტიჟული ორგანიზაციის მიერ დაწესებული ჯილდო, მიმდინარე წელს იოკო ონოს გადაეცემა. ეს პატივი ონოს თანამედროვე ხელოვნებაში დიდი ღვაწლისათვის და მსოფლიოში მშვიდობის დამყარების საქმეში გაწეული წვლილისათვის ერგო.

 

იოკო ონო მსოფლიოში კონცეპტუალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელია. ამის გარდა, თავის დროზე დიდ წარმატებებს მიაღწია, როგორც კინორეჟისორმა და მწერალმა.

 

იოკო ონოს დაჯილდოების ცერემონიალი ქალაქ ჰიროსიმაში, 2011 წლის 25 ივლისს გაიმართება.

 

ცოტა ხნის წინ ჯონ ლენონის ქვრივი  საკუთარი ავტობიოგრაფიის წერას შეუდგა. მასში დეტალურად იქნება განხილული მისი ურთიერთობა როგორც ჯონ ლენონთან, ასევე ანსამბლ „ბითლზის“ დანარჩენ წევრებთან. თავის დროზე, იაპონელ ქალბატონს ბრალს სდებდნენ, რომ მან ხელი შეუწყო ჯგუფის დაშლას. საკუთარ მემუარებში იოკო ონო შეეცდება, რომ ეს მოსაზრება გააბათილოს და ჯგუფში წარმოშობილი განხეთქილების ნამდვილ მიზეზებზე ისაუბრებს. ეს ავტობიოგრაფია დღის სინათლეს 2015 წლის დასაწყისში იხილავს.

 

ნამდვილად არ ვიცი ასეთმა დაკავებულმა ქალბატონმა საიდან შეიტყო შოტლანდიის ქალაქ დანდიში არსებული პაბის ამბავი. ფაქტი ერთია, ძალიან განრისხდა და სასწრაფო მოქმედებასაც შეუდგა.

 

ბრიტანული პრესის მტკიცებით, 78 წლის ჯონ ლენონის ქვრივის ადვოკატებმა პაბის მფლობელ მაიკ კრეიგს რამდენიმე დღის წინ ოფიციალური წერილი გაუგზავნეს.

 

იოკო ონო მოითხოვს, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში შენობას მოაცილონ ყველა ის ატრიბუტი, რომელიც სახელოვანი მუსიკოსის სახელს უკავშირდება. საუბარია პაბისათვის სახელწოდების გამოცვლაზე, რადგან იოკო ონოს აზრით საავტორო უფლებების დარღვევასთან გვაქვს საქმე.

 

პაბის მფლობელი დანებებას არ აპირებს.

 

“შენობის ინტერიერის გაფორმებაზე სამი ათასი ფუნტი სტერლინგი დამეხარჯა. მაინტერესებს ამ თანხას უკან ვინ დამიბრუნებს? ეს პაბი ხუთი წლის წინ გავხსენი და სად იყო ამ ხნის განმავლობაში იოკო ონო? ნამდვილად არ ვაპირებ ერთი მოხუცი ბებრუხანის კაპრიზების დაკმაყოფილებას. ბრძოლას არ შევწყვეტ და საქმეს სასამართლომდე მივიყვან” – განუცხადა “The Sun”-ის ჟურნალისტს განრისხებულმა მაიკლ კრეიგმა.

 

ონო-კრეიგის დაპირისპირების უახლოეს დეტალებს მომავალში აუცილებლად შეგატყობინებთ.

 

საინტერესო კი ერთია. “The Beatles”-ს სახელობის კლუბი თბილისშიც ფუნქციონირებს. მის მეპატრონეებს არ ეშინიათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს შორეული ინგლისიდან გამოგზავნილი ადვოკატი ესტუმროთ და საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულოს. საქართველოს დედაქალაქი ბოლო დროს უცხოელი ტურისტების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის და ჩაიტანს რომელიმე მათგანი ამ დასახელების კლუბის არსებობის შესახებ ინფორმაციას.