რა შესთავაზა 13 წლის ბიჭმა კახა კალაძეს?

რა შესთავაზა 13 წლის ბიჭმა კახა კალაძეს?

13 წლის ალექსანდრე ხუნძაკიშვილმა, პროექტი „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში თბილისის მერიას გზებზე უსაფრთხოების მუსიკალური ნიშნების მოწყობის იდეით მიმართა.

შეთავაზება მერიის გვერდზე გამოქვეყნდა.

„გზებზე და ტრასებზე მრავლად არის ყვითელი საღებავის ჰორიზონტალური ზოლები, რომლებიც გამოყენებულია უსაფრთხოების მიზნით. როდესაც ავტომობილი ამ ზოლზე გადადის, იგი გამოსცემს გარკვეულ ვიბრაციას და ეს ვიბრაციები მივამსგავსე ნოტებს. შესაბამისად, ჩემი იდეაც იმაში მდგომარეობს, რომ სხვადასხვა სიგრძის, სხვადასხვა რაოდენობის, სიმკვრივის ზოლები შეუსაბამოთ ნოტებს და როდესაც ავტომობილები გაივლიან ამ ზოლებზე გარკვეული სიჩქარით, უსაფრთხოების ზოლები გამოსცემენ მელოდიას.

ეს პროექტი ძალზე სახალისო, დასამახსოვრებელი და ამავდროულად, უსაფრთხო იქნება. რადგან, თუ ავტომობილი მითითებულ სიჩქარეზე არ გაივლის, (რაც გამაფრთხილებელ საგზაო ნიშანზე იქნება) მასში მყოფი მგზავრები მელოდიას ვერ გაიგებენ.”

იდეის ავტორის თქმით, აეროპორტის ტრასაზე შეიძლება გაკეთდეს „თბილისოს” მელოდია. ეს მელოდია სტუმრებისთვის დასამახსოვრებელიც იქნება. მელოდიის შერჩევაში, მისი ნოტებად გადმოტანაში და ზოლების ტესტირებაში თავადაც მიიღებს მონაწილეობას.