სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას დავით უსუფაშვილი ეხმაურება.
„სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, აპირებს ეკლესიას, მეუფეებს და სხვა სასულიერო პირებს ასწავლოს ჭკუა და კონსტიტუცია. მე, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ვაპირებ უხერხემლო და ფარისეველ თანამდებობის პირებს, რომლებიც პატრიარქთან კეკლუცობით პიარს იკეთებენ და მის კალთას ამოფარებულები პასუხისმგებლობას გაურბიან, განვუმარტო კონსტიტუციური წესრიგის და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ანა-ბანა.
მარიხუანას მოშენების თაობაზე მმართველი გუნდის უპრეცედენტო იდიოტიზმმა, რომლის საზოგადოებისთვის ახსნა-განმარტება მათმა კანდიდატმა თავად იკისრა, სრულიად ერი და ბერი გადარია. ხოლო კონსტიტუციაც, კონკორდატიც, სახელმწიფოც და ეკლესიაც ქალბატონი სალომეს ოცნებელმა თანაგუნდელებმა დააზიანეს, როდესაც ერთ დღეში ლომებიდან კურდღლებად ქცეულები საპატრიარქოს იატაკზე იტყავებდნენ მუხლებს და პირობას დებდნენ, რომ მარიხუანას კულტივირების შერჩეული მოდელი „სათნო იქნება ღვთისათვის“…
არაკვალიფიციური, უპასუხისმგებლო და ფარისეველი სახელმწიფო თანამდებობის პირების სინდისზეა დღეს ეკლესიაში და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებული პრობლემების უდიდესი უმრავლესობა“, – წერს უსუფაშვილი.