სკორსეზემ ჯორჯ ჰარისონზე ფილმი გადაიღო

სკორსეზემ ჯორჯ ჰარისონზე ფილმი გადაიღო

ბრიტანული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ცნობილმა ამერიკელმა კინორეჟისორმა მარტინ სკორსეზემ დაასრულა მუშაობა ახალ დოკუმენტურ სურათზე. ეს ფილმი ლეგენდარული ჯგუფი “The Beatles” წევრის ჯორჯ ჰარისონის ცხოვრებას ეხება.

 

ამ ნამუშევრის სახელწოდებაა “ცხოვრება მატერიალურ სამყაროში: ჯორჯ ჰარისონი”.

 

სურათში მუსიკოსი წარმოდგენილი იქნება როგორც ცნობილი ჯგუფის წევრი. დიდი ადგილი დაეთმობა ჯორჯ ჰარისონის საზოგადოებრივ-საქველმოქმედო საქმიანობასაც.

 

რეჟისორის ახალ სურათში მაყურებელი იხილავს ჰარისონის ბიოგრაფიის შესახებ დღემდე გადაღებულ უცნობ კადრებს. სურათი ჯორჯის მთელ ცხოვრებას მოიცავს, ბავშვობიდან გარდაცვალებამდე.

 

ფილმში შესულია ინტერვიუები პოლ მაკარტნისთან, ერიკ კლეპტონთან, იოკო ონოსთან, ფილ სპექტორთან და სხვებთან.

 

“ჯორჯ ჰარისონი ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. ის შესანიშნავი მუსიკოსი გახლდათ და არანაკლებ დიდებული პიროვნება. ძალიან მინდოდა, რომ ჯორჯის შესახებ დოკუმენტური სურათი გადამეღო. ბედნიერი ვარ, რომ ეს სურვილი განვახორციელე. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჰარისონის ქვრივს ოლივიას, რომელიც მუშაობის პროცესში აქტიურად მეხმარებოდა” – განუცხადა “The Daily Telegraph”-ის ჟურნალისტს მარტინ სკორსეზემ.

 

სურათი “ცხოვრება მატერიალურ სამყაროში: ჯორჯ ჰარისონი” DVD ფორმატის სახით გაყიდვაში მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს გამოვა. ცოტა მოგვიანებით კი ამ ფილმს სატელევიზიო არხი HBO უჩვენებს.

 

საინტერესოა, რომ მარტინ სკორსეზესათვის ეს პირველი დოკუმენტური ნამუშევარი არ არის. 2008 წელს რეჟისორმა გადაიღო სურათი “და იყო შუქი”, რომელიც ჯგუფი “The Rolling Stones”-ის შემოქმედებას მიეძღვნა.