„კანონპროექტის ორივე ნაწილი წაკითხული მაქვს. მართალია ჩემთვის მოსაწონი იქ არაფერია, თუმცა არაფერი საჩხუბარიც ამ კანონპროექტში არ არის, - ამის შესახებ გადაცემაში „პირისპირ“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
„თუ კანონპროექტის ირგვლივ შექმნლი პრობლემის სათავეზე ვსაუბრობთ, პრობლემა არის იმაში, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს აზროვნების უნარი დაკარგული აქვს და მათი აგდება ნებისმიერ თემაზე მარტივია. ამ შემთხვევაში, საპატრიარქომ ეს თემა გამოიყენა და ციანიდის გამო შელახული რეპუტაციის აღდგენას ცდილობს. მათ მოახერხეს გარკვეული მასების აყოლიება და მათ გვერდით დაირაზმა პოპულისტი პოლიტიკური პარტიები, რომლებთაც სურთ, დაიმკვიდრონ ადგილი ამბიონთან ახლოს.
კანონპროექტის ორივე ნაწილი წაკითხული მაქვს. მართალია ჩემთვის მოსაწონი არაფერია, თუმცა არაფერი საჩხუბარი ამ კანონპროექტში არ არის. პრობლემა ის არის, რომ ინფორმაციას არავინ არ კითხულობს. ხომ შეიძლება დაგუგლო, წაიკითხო და გაერკვე რაზე ჩხუბობ. მაგრამ ამ ქვეყანაში წაკითხულის გაანალიზებუს უნარიც არ აქვთ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
16 სექტემბერს, სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას, პატრიარქმა კანაფთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე თავისი პოზიცია განმარტა. ილია მეორემ აღნიშნა, რომ პროცესი ძალიან სარისკოა და ხელისუფლებამ ის მკაცრად უნდა აკონტროლოს და საქმიანობა კერძო სექტორს არ მიანდოს.
იმავდროულად, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაციისა და ექსპორტის შესახებ კანონპროქეტის დაჩქარებული წესით განხილვას არ ემხრობა და ის კონსენსუსამდე გაურკვეველი ვადით გადადო.
შსს-ს ცნობით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს ქვეყანაში მარიხუანის გასაღების მკაცრ შეზღუდვას.
30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2017 წლის 30 ნოემბერს გააუქმა.
იმავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე შსს-მ კანაფის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები მოამზადა.
ასევე ცნობილია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება.