კობა დავითაშვილი: თუკი ბატონ ბურჭულაძეს ეყო ამის თავხედობა, შევხვდებით სასამართლოში

კობა დავითაშვილი: თუკი ბატონ ბურჭულაძეს ეყო ამის თავხედობა, შევხვდებით სასამართლოში

„ბურჭულაძე არის ის ადამიანი, რომელმაც ბავშვებისთვის აკრეფილი ფული გამოიყენა პირადი ინტერესებისთვის. ამის დასამტკიცებლად არსებობს დოკუმენტური მტკიცებულბები და ეს ყველაფერი არ არის ჰაერზე ნათქვამი სიტყვები. თუკი მას ეყო თავხედობა, რომ შეიტანა სარჩელი სასამართლოში, ძალიან მიხარია, შევხვდებით სასამართლოში ბატონ ბურჭულაძეს," - „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი.

საჯარო ცილისწამებისთვის პაატა ბურჭულაძის ადვოკატი კობა დავითაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართავს და სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 15:00 საათზე შეიტანს. საქმე ეხება 17 ივლისს ტელეკომპანია „პირველის" გადაცემა „რეაქციაში" გასულ მასალას, სადაც დავითაშვილი ბურჭულაძეს ფონდ „იანვანას" საქველმოქმედო თანხის მითვისებაში დაადანაშაულა.

„მე ვამბობ, რომ ბავშვების ფულს იპარავდა ეს კაცი. მოვიდეს ბატონი პაატა, დაჯდეს აქ და ვესაუბრები, როგორ იპარავდა ბავშვების ფულს, როგორ სწირავდნენ მის ფონდს ხალხი, რომ ბავშვებისათვის წასულიყო ეს ფული და როგორ იდებდა ბატონი პაატა ჯიბეში ამ ფულს. მოვიტან მტკიცებულებებს," - გადაცემაში განაცხადა კობა დავითაშვილმა.

ბურჭულაძის ადვოკატი მარიამ ჩიქოვანი იმედოვნებს, რომ სასამართლო კობა დავითაშვილს ცილისწამებისთვის ფულად ჯარიმას დააკისრებს.

„პაატა ბურჭულაძე სასამართლოს მიმართავს თავისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დასაცავად და მოითხოვს, სასამართლომ დაავალოს კობა დავითაშვილს მის მიერ საჯაროდ გავრცელებული ცილისმწამებლური ცნობების უარყოფა და დააკისროს მას მორალური ზიანის ანაზღაურება 25 000 ლარის ოდენობით, რასაც მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბანი საქველმოქმედო ფონდ „იავნანაში" გადარიცხავს," - აცხადებს ადვოკატი მარიამ ჩიქოვანი.