დაგვიანებული და ერთი პირობა – ხელჩაქნეული „ნაბუქოს“ პროექტი კვლავ გამოცოცხლდა. გაზსადენის მშენებლობისთვის უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტები დაფაცურდნენ და საკმაო მილიარდებს მოუყარეს თავი. რაც შეეხება გაზსადენის ბუნებრივი აირით შევსებას, აქ გადამწყვეტ სიტყვას აზერბაიჯანი ამბობს.
კონსორციუმმა „ნაბუქომ“ წამყვან ბანკებთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ის 4 მილიარდი ევროს კრედიტს აიღებს. კერძოდ, ევროპის საინვესტიციო ბანკი „ნაბუქოს“ 2 მილიარდ ევროს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 1,2 მილიარდ ევროს, მსოფლიო ბანკი კი, 800 მილიონ ევროს გამოუყოფს.
დანარჩენ თანხას, დაახლოებით 4 მილიარდ ევროს, კონსორციუმის მონაწილეები თავად მოიძიებენ. კერძოდ, „ნაბუქო“ კრედიტების აღებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან გეგმავს, სადაც საპროცენტო განაკვეთი უფრო დაბალია, ვიდრე ღია ბაზარზე.
„ნაბუქოს“ მშენებლობა 2011 წელს დაიწყება. მან აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპას ბუნებრივი აირი უნდა მიაწოდოს. წესით და რიგით „ნაბუქოს“ მშენებლობა კარგა ხნის დაწყებული უნდა იყოს და 2013 წლისთვის დამთავრებულიც, მაგრამ ამ გაზსადენის ირგვლივ მუდმივი გაურკვევლობაა.
უმთავრესი პრობლემა „ნაბუქოს“ ბუნებრივი აირთი შევსების საკითხს ეხება. აკი გაზსადენი იმ იმედით შენდებოდა, რომ მასში შუააზიური გაზი გავლიდა, მაგრამ რუსეთმა იმდენი მოახერხა, რომ თურქმენულ-ყაზახურ ბუნებრივ რესურსებს პირი უქცია და ახლა „ნაბუქოს“ არათუ მომარაგება, მშენებლობაც კი ეჭვის ქვეშ დგას.
თუმცა, ტრანსევროპული გაზსადანის გადასარჩენად აზერბაიჯანში მაქსიმალური სიმძლავრეები ჩაირთო და ბებერ კონტინენტსაც იმედი გაუღვივა. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ ვიცე-პრეზიდენტის, ხოშბახტ იუსიპზადეს განცხადებით, მიუხედავად იმისა, ჩაერთვებიან თუ არა პროექტში ყაზახეთი და თურქმენეთი, „ნაბუქო“ მაინც განხორციელდება.
ეს განცხადება იუსიპზადემ არც მეტი არც ნაკლები საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, მისთვის აკადემიის საპატიო წევრის წოდების მინიჭებისას გააკეთა.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალმა საპატიო წევრმა ხაზი გაუსვა ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხებისა და ორი სახელმწიფოს მჭიდრო ურთიერთობებს, ამ ურთიერთობების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მისთვის „საქართველო - მეორე მშობლიური ადგილი, ხოლო თბილისი მეორე სახლია“.
გარდა ამისა, იუსიპზადემ ნავთობისა და გაზის მოპოვების სფეროში აზერბაიჯანის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით სახელმწიფო ნავთობკომპანიის საქმიანობაზე ისაურა. მან მნიშვნელოვანი უწოდა ყველა იმ პროექტს, რომელიც საქართველოს მონაწილეობით ხორციელდება.
„მიუხედავად იმისა, მიიღებენ თუ არა ამ პროექტში მონაწილეობას ყაზახეთი და თურქმენეთი (რაც, რა თქმა უნდა, კარგი იქნება), „ნაბუქოს“ პროექტი მაინც განხორციელდება“, - აღნიშნა იუსიპზადემ და აქვე დასძინა, რომ „ის, რაც ამ მიმართულებით კარგი იქნება აზერბაიჯანისთვის, კარგი იქნება საქართველოსთვისაც“.
„ნაბუქოს“ პროექტი პირველ ეტაპზე ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის გაგრძელებაზე ახალი მილსადენის მშენებლობას ითვალისწინებს. ასევე ევროპის მიმართულებით, საქართველოს და თურქეთის გავლით აზერბაიჯანული და შუააზიური გაზის ტრანსპორტირებას გულისხმობს.