რესპუბლიკური პარტიის დედაქალაქის საქმეთა მდივანმა და საკრებულოს წევრმა თინათინ ხიდაშელმა სამარშუტო ტაქსების კორუფციული სქემის საკითხზე მორიგი ბრიფინგი გამართა. თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტებს მოქალაქეების მიერ მიწოდებული ექსკლუზიური მასალა გადასცა, მათ შორის ხელშეკრულებები, რომლის ხელმოწერასაც მძღოლებს კომპანია “თბილ ლაინი” აიძულებს.
თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია თბილისის მერიისგან ითხოვს:
1. დაუყოვნებლივ გადასინჯოს „თბილ-ლაინის“ მიერ მძღოლებისათვის შეთავაზებული პირობები და საზოგადოებას აუხსნას რამდენად შეესაბამება ეს უკანასკნელი სამართლიანობისა და თავისუფალი ბაზრის პრინციპებს;
2. მოსახლეობას აუხსნან, როგორ მოხდა, რომ სხვადასხვა კომპანიები, რომლებიც ერთმანეთის კონკურენტები უნდა იყვნენ, ერთსა და იმავე შინაარსის ხელშეკრულებებს სთავაზობენ მძღოლებს.
თინათინ ხიდაშელმა ხასგაზმით აღნიშნა, რომ ხელშეკრულება კორუფციული, აბსოლუტურად კაბალური და უკიდურესად უსამართლოა. მისი განცხადებით „ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ მძღოლები ალტერნატივის გარეშე არიან დარჩენილი, რადგან დედაქალაქში მოქმედი ყველა სამარშრუტო ხაზი ერთი კომპანიის ხელშია. იმის მიუხედავად, თუ ვინ არის ლოტის ფორმალური გამარჯვებული მოლაპარაკებებს ყველასთან „თბილ-ლაინის“ წარმომადგენლები აწარმოებენ.
რესპუბლიკური პარტია სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით მოუწოდებდა ქალაქის მერიას, არ დაეშვა მონოპოლია ბაზარზე და თავისუფალი კონკურენციის პირობებში მოსახლოებისათვისათვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო შეექმნა.
დღეს ჩვენ მივიღეთ ერთის მხრივ მოტყუებული მომხმარებელი, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე პირებოდა, რომ ღირებულება არც ერთი თეთრით არ მოიმატებდა, ხოლო მეორეს მხრივ მოტყუებული მძღოლები, რომლებიც სრულიად კაბალურ და უსამართლო პირობებში იმუშავებენ 10 წლის განმავლობაში იმისათვის რომ 50,000 ევროდ შეიძინონ 10 წლის განმავლობაში თბილისში ხაზზე მომუშავე მანქანები.
თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ „ტენდერის დასრულების შემდეგ ერთ-ერთ დადებით მხარედ ჩევნ გვითხრეს, რომ მძღოლებს ექნებოდათ კომპანიასთან იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების დადების უფლება და ისინი შეღავათიან პირობებში საკუთრებაში მიიღებდნენ ახალ მანქანებს. სამწუხაროდ, ეს დაპირებაც ტყუილი აღმოჩნდა, ვინაიდან ამ ხელშეკრულების მიხედვით მძღოლები 10 წლის მანძილზე იმუშავებენ სრულიად კაბალურ პირობებში, მანქანები ექსკლუზიურად და მთელი ამ ხნის მანძილზე კომპანიის საკუთრება იქნება. 10 წლის შემდეგ კი საკუთრებაში მიიღებენ 10 წლიანი მუდმივი მოძრაობის რეჟიმში თბილისში ნახმარ მანქანებს, რომლის შესყიდვაც ყველაზე მინიმალური დათვლებით 50 ათასი ევრო დაუჯდებათ.
მოკლედ ხელშეკრულების შესახებ:
1. ხელშეკრულებით დადგენილია რომ მძღოლები იჯარით იღებენ მანქანებს კომპანიისაგან და იჯარის გადასახადს თვეში 463 ევროს იხდიან (მუხლი 4 და 5.1.);
2. იჯარის გადასახადის გარდა მძღოლები ყოველდღიურად 10 ლარს იხდიან მარშრუტზე მოძრაობის ღირებულებას, რაც თვეში საშუალოდ 300 ლარს შეადგენს და ეს გაგრძელდება 1 ოქტომბრამდე, ხოლო 1 ოქტომბრის შემდეგ მარშრუტზე მოძრაობის ღირებულების გადასახადი დაზუსტდებაო (მუხლი 6.2), თუმცა რამდენი იქნება, მოიმატებს თუ დაიკლებს, ან რა პროპორციაში იქნება სამარშრუტო ტაქსის ფასთან ამაზე ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი. თუმცა შემდეგ (მუხლი 10.1.6) ამბობს, რომ მგზავრობის ტარიფის ცვლილების შემთხვევაში მოხდება ამ გადასახადის ცვლილება. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ ვინაიდან მგზავრობის ტარიფი გაიზარა, ამიტომ ეს გადასახადიც მოიმატებს.
3. მძღოლები ვალდებული არიან ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საგარანტიო თანხა 500 ევრო შეიტანონ კომპანიის ანგარიშზე (მუხლი 8). აღნიშნულ საგარანტიო თანხასთან დაკავშირებით პირობები იმდენად მძიმეა, რომ ალბათობა იმის რომ ის არასოდეს დაუბრუნდეს მძღოლს ძალიან მაღალია. მაგალითად, ხელშეკრულების დებულებების ბუნდოვანება, ტექნიკურ მონაცემებზე საუბარია დაუზუსტებისა და კონკრეტიკის გარეშე.
4. ხელშეკრულებით მძღოლს უფლება აქვს ერთი წლის შემდეგ სრულად გამოისყიდოს მანქანა, და უნდა გადაიხადოს ნარჩენი ღირებულება, თუმცა მისი ღირებულების შესახებ ინფორმაცია ხელშეკრულებაში არ არის.
5. ხელშეკრულების მთელი პერიოდის მანძილზე მძღოლი თავისი ხარჯებით უზრუნვეყოფს პრაქტიკულად ყველა ხარჯის დაფარვას, მათ შორის ზეთის გამოცვლის, ფილტრების, საბურავების, ექსპლუატაციის დროს აუცილებელი ცვეთით გამოწვეულ ხარჯებს, რემონტს, ტექნიკურ კონტროლს და სხვა (მუხლი 10.4.6, 10.4.13, 11.2).
6. მძღოლი თავისი ხარჯით ასხავს საწვავს და ფინანსურ ვალდებულებას იღებს უხარისხო საწვავით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში (მუხლი 10.4.14). ამ დებულების აბსურდულობა იმაშიც მდგომარეობს რომ ერთობლივად საჭირო საწვავის შეძენის შემთხვევაში კომპანია გაცილებით იაფად შეძლებდა ამ მომსახურების მიღებას, რაც შესაბამისად ფასზეც უნდა ასახულიყო.
7. მძღოლის ხარჯებს ისიც ზრდის, რომ მას არა აქვს შესაძლებლობა ყველა ამ მომსახურების დაფარვის დროს ბაზარზე, კონკურენტულ რეჟიმში მოქმედ კომპანიებთან დაამყაროს კავშირი და ყველაზე იაფი მომსახურებით ისარგებლოს, ვინაიდან ხელშეკრულება მას ავალდებულებს ყველა, მათ შორის წვრილმანი სამუშაოებიც კი, კომპანია ჯი-თი-მოტორსში განახორციელოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჩაეთვლება ხელშეკრულების დარღვევად რისთვისაც საგარანტიო 500 ევროს დაკარგავს (მუხლი 11.1.1).
8. და ბოლოს, მძღოლებს ეკრძალებათ მანქანაზე და ან მის შიგნით რეკლამის განთავსება და ამ უფლებით მხოლოდ კომპანია სარგებლობს. შესაბამისად, მთელი მოგება რომელიც შიდა ან გარე რეკლამით შემოვა კომპანიის სარგებელია (მუხლი 10.1.5 და 10.4.21).