ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა ბიუროს არ წარედგინა. მიზეზით კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე დაინტერესდა, რადგან როგორც თავად განმარტა, საგამოძიებო კომისიის დასკვნა 6 სექტემბერს გადაიგზავნა და ბიუროს დღის წესრიგში უნდა ასახულიყო.
პასუხად სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომამდე ბიუროს კიდევ ერთი სხდომა გაიმართება და დოკუმენტი დღის წესრიგს აუცილებლად დაემატება.
უკვე ცნობილია, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნას „ქართული ოცნება“ მხარს არ უჭერს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ არ მოხერხდა პოზიციების შეჯერება, უმრავლესობის პოზიცია დოკუმენტში აისახება და სხდომაზე გავა.
„ჩვენი ამოცანა იყო ჭეშმარიტების დადგენა, საბოლოო ჯამში, გარკვეული შედეგები არის, რომელიც იძლევა დასკვნების გამოტანის საშუალებას. ჩვენ გვექნება დისკუსიის კიდევ ერთი რაუნდი „ევროპულ საქართველოსთან“ და იმედი გვაქვს, რომ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება მოხდება. თუ არ მოხერხდა პოზიციების შეჯერება, ამ შემთხვევაში გვექნება ჩვენი პოზიცია, რომელიც შესაბამის დოკუმენტში იქნება ასახული და ეს დოკუმენტი იქნება წარდგენილი პლენარულ სესიაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ხმათა უმრავლესობით „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა დაამტკიცა. 67–გვერდიან დასკვნას კომისიის ცხრა წევრმა - თავად „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი. „ქართული ოცნების“ დასკვნის ვარიანტს კი, კომისიაში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ოთხმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საგამოძოებო კომისიის დასკვნა ჯერ პარლამენტის ბიუროს წარედგინება და ამის შემდგომ მსჯელობისათვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დასკვნა მიღებულია და ის აღარ შეიცვლება. კაპანაძემ არასამთავრო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს საგამოძიებო კომისიის დასკვნა და მასში ასახული რეკომენდაციები გააცნო. როგორც დეპუტატმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მათი მხრიდან საგამოძიებო კომისიის დასკვნა უაღრესად პოზიტიურად არის აღქმული.
„ჩვენი მიზანია პროგრესი ორი მიმართულებით იყოს მიღწეული – ერთი ეს არის კონკრეტული პირის მიმართ ბრალის წარდგენა, რაზეც ჩვენ რეკომენდაცია გავეცით და ასევე, უნდა დაისაჯოს ხალხი, ვინც პასუხისმგებელია გამოძიების ჩავარდნაზე. კომისიის მიერ დასკვნა მიღებულია, ის აღარ შეიცვლება და პარლამენტისგან მომდევნო ლეგიტიმაცია აღარ სჭირდება.
რაც შეეხება პარლამენტის მიერ დადგენილების მიღებას, დადგენილება ან იქნება ან - არა. იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ დადგენილებას წარმოადგენს, ჩვენ მზად ვართ, მასზე ვიმუშაოთ, მაგრამ რა ფორმით და როგორ გავა დადგენილება პარლამენტში, ამას დასკვნის შინაარსთან კავშირი არა აქვს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადებები გააკეთეს ა–ო წარმომადგენლებმა. როგორც საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს, დოკუმენტით იკვეთება, რომ გამოძიების პროცესში ხარვეზები არსებობდა.
„დოკუმენტით, რაც ჩვენ ვნახეთ, გამოძიებას ნამდვილად ჰქონდა პრობლემები და ეს ცალსახად იკვეთება. სხვა თემაა, ამას მოჰყვება თუ არა ახალი გამოძიება და ეს ნაწილი გახდება თუ არა საგამოძიებო ორგანოებისათვის დამატებითი წყარო, რომლითაც ისინი იხელმძღვანელებენ, მაგრამ ძალიან ბევრი გარემოება, რომელზეც საგამოძიებო კომისია დასკვნაში საუბრობს, არის დამაფიქრებელი და საჭიროებს შემდგომ გაგრძელებას და მსვლელობის მიცემას“, – აცხადებს სულხან სალაძე.
ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ არც ერთი ნაბიჯით არ აპირებენ უკან დახევას, ვიდრე არ ეცოდინებათ, ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი. მისივე თქმით, მთავარ კითხვაზე პასუხი - თუ სად და ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი, კვლავ უცნობია.
„მაშინ სად არის ჩვენს ძირითად კითხვაზე პასუხი, ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი? მკვლელი, რომელმაც სარალიძეს მიაყენა 10–11 ჭრილობა. ჩვენ ეს ადამიანი არ გვყავს და არც კომისიას უმსჯელია ამასთან დაკავშირებით. დასკვნაში ვკითხულობთ, თითქოს სახეზე გვქონია საპროცესო დარღვევები, რომელმაც გავლენა მოახდინა არათუ გამოძიების შედეგზე, არამედ მტკიცებულებების ხარისხზე. ძალიან სამწუხაროა, რომ ამას ვკითხულობთ. ამის ქვეტექსტი გახლავთ ის, რომ თურმე გამოძიებამ რაც იმსჯელა და რაც წარადგინა, აბსოლუტურად მართალია და სამართლებრივად სწორია. ამ შედეგზე თურმე გავლენა არავის და არაფერს არ მოუხდენია“, – აღნიშნა ნესტან ლონდარიძემ.
საგამოძიებო კომისია პროკურატურას მთელი რიგი რეკომენდაციებით მიმართავს. კომისიის რეკომენდაციაა, რომ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მიხეილ კალანდიას მიმართ, რადგან კომისიის დასკვნის მიხედვით, საკმარისია მტკიცებულებები, რომელიც კალანდიას სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში მონაწილეობას ადასტურებს.
დასკვნის მიხედვით, გამოძიებაში ერეოდა მირზა სუბელიანი, რომელიც მაშინ პროკურატურის მაღალჩინოსანი იყო. ასევე მისი ახლობლების მიმართ არ ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები: არ მოხდა მთავარი ფიგურანტების სახლის ჩხრეკა, ნივთმტკიცებების მოპოვება, ასევე არ იქნა დაკითხული მთელი რიგი მოწმეები, მათ შორის ისეთი მოწმეები, რომელთაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს პარლამენტის საგამოძიებო კომისიას.
ამის მიუხედავად, მთავარი პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ დამტკიცებულ დასკვნაზე კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს. პროკურატურაში ახლა პარლამენტისგან დადგენილებას ელოდებიან.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც პრაქტიკულად „ევროპული საქართველოს“ დასკვნაა, არასერიოზულია.
„დასკვნა პირადად მათთვის ერთი დიდი პოლიტიკური კრახია ვინაიდან საზოგადოებას ჰპირდებოდნენ, რომ გამოავლენდნენ მკვლელს, რადგან თითქოს პროკურატურამ და შსს–მ ვერ გამოავლინეს. ჰპირდებოდნენ, რომ გახსნიდნენ ამ კომპლექსურ და ძალიან სენსიტიურ საქმეს, გამოავლენდნენ პირებს, ვინც დამნაშავეებს ხელა აფარებდა, ვერც ერთი მოლოდინი ვერ გაუმართლეს საზოგადოებას. ვთვლი, რომ მათ სერიოზული ახსნა მოუწევთ, რატომ შექმნეს მოლოდინი, იყო თუ არა ეს უპასუხისმგებლობა.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, იყო თუ არა მათი საქმიანობა მართლმსაჯულებაში ჩარევა, რადგან როდესაც ჩემს ევროპელ კოლეგებს ვესაუბრები, უკვირთ, როგორ შეიძლება ერთი პოლიტიკური პარტია აწარმოებდეს გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც განხილვაში აქვს სააპელაციო სასამართლოს. ეს არის ყველასთვის წარმოუდგენელი და ჩემს თვალში როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ისე ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის დარღვევა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.