ამერიკული მუსიკალური გამოცემა “Billboard”-ის ინფორმაციით, ბრიტანელი მომღერალი ადელის ბოლო სტუდიური ჩანაწერი “21”, აშშ-ში ყველაზე პოპულარულ ალბომად გადაიქცა.
ალბომი “21” აშშ-ში გაყიდვაში მიმდინარე წლის 22 თებერვალს გამოვიდა.
დღეისათვის გაყიდულია ამ ჩანაწერის 1.017 მილიონი ცალი კომპაქტ დისკი. ამ მონაცემით ადელმა სახელგანთქმულ რეპერ ემინემს გაუსწრო.
ემინემის ბოლო სტუდიური ჩანაწერი “Recovery” გაყიდვაში გასული წლის ივნისში გამოჩნდა. დღეისათვის მისი 1.005 ცალია გაყიდული. ადელმა წარმატებას გაცილებით მოკლე დროში მიაღწია.
ბრიტანელი მომღერალი ამერიკულ ჰიტ პარადებს ათი კვირის განმავლობაში ლიდერობდა და მარტის დასაწყისიდან დღემდე სამეულს ქვემოთ არ ჩამოსულა.
ადელი (ნამდვილი სახელი ადელ ედკინსი) 1988 წელს, ლონდონის ენფილდის რაიონში დაიბადა.
სადებიუტო ალბომი “19” 2008 წლის 28 იანვარს გამოუშვა.
ამ დღიდან მომღერალმა უსაზღვრო პოპულარობას მიაღწია. ის დასახელდა სოულის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად დიდ ბრიტანეთში. ინგლისელი მუსიკალური კრიტიკოსების აზრით, ადელი სახელოვანი ეტა ჯეიმსისა და დასტი სპრინგფილდის ტრადიციებს აგრძელებს.
დისკი “19” რამდენიმე კვირის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის მუსიკალური ალბომების ჰიტ-პარადებს უცვლელად ლიდერობდა, მოგვიანებით კი “გრემის” ორ ნომინაციაში გაიმარჯვა
.
ადელის მეორე სტუდიური ჩანაწერი “21” გაყიდვაში მიმდინარე წელს გამოვიდა. ეს ნამუშევარი ნახევარი წელია ბრიტანული ჰიტ-პარადების პირველი სამეულის უცვლელი წევრია.