ლედი დრაკულა მარადიულ ახალგაზრდობაზე – მონადირე ელიზაბეტ ბათორის ისტორია

ლედი დრაკულა მარადიულ ახალგაზრდობაზე – მონადირე ელიზაბეტ ბათორის ისტორია

ქალის ისტორია, რომელზეც ქვემოთ მოგითხრობთ, საშინელებათა ჟანრის ზღაპრის სიუჟეტს ჰგავს. ამბობენ, ის ცნობილი გრაფის, დრაკულას, შორეული ნათესავი იყო და სისასტიკით გამოირჩეოდაო. თავისი “საგმირო” საქმეების წყალობით, მეტსახელად ლედი დრაკულას და სისხლიან გრაფინიას უწოდებდნენ.

ელიზაბეტ ბათორი ტრანსილვანიაში ცნობილი შტოს, ბათორების, შთამომავალი გახლდათ. დედამისი პოლონეთის მეფის, ისტვან ბათორის და იყო. ელიზაბეტი 1560 წლის 7 აგვისტოს დაიბადა. 5 წლისამ კარგად იცოდა ბერძნული, ლათინური და გერმანული ენები.

ელიზაბეტი ბავშვობიდან ეპილეფსიით იტანჯებოდა. გოგონა სასტიკი ხასიათით გამოირჩეოდა, საკმარისი იყო, ოდნავ გაბრაზებულიყო, რომ საშინლად სცემდა მსახურებს. ამბობენ, ელიზაბეტს შურდა ახალგაზრდა მოახლე ქალების სილამაზის და მათ საშინლად აწამებდაო. სისხლის დანახვაზე კიდევ უფრო შმაგდებოდა, ცოფებს ყრიდა და მის სისასტიკეს საზღვარი არ ჰქონდა.

12 წლის ასაკში ელიზაბეტი ძალდატანებით გაათხოვეს. ეს იყო პოლიტიკური ქორწინება. ქმართან ერთად დღევანდელი სლოვაკეთის (მაშინდელი უნგრეთი) ტერიტორიაზე ცხოვრობდა. გათხოვების შემდეგ, ცოტა ხანს, ელიზაბეტმა მსახურების წამება შეწყვიტა, მაგრამ შემდეგ კვლავ “საყვარელ საქმეს” დაუბრუნდა.

ერთხელ, მოსამსახურის ცემის დროს, ელიზაბეტს მოეჩვენა, რომ ხელის ის ნაწილი, რომელზეც თავგატეხილი მოახლის სისხლი მოხვდა, გაუახალგაზრდავდა. სასტიკი ქალის გონებაში მაშინვე დაიბადა აზრი, თუ როგორ უნდა შეენარჩუნებინა მარადიული ახალგაზრდობა.

მისი ბრძანებით, რკინის ეკლებიანი გალია დაამზადეს, რომელსაც ქალის ფორმა ჰქონდა. მას “რკინის ქალწული უწოდეს”. გრაფინიას ბრძანებით, ნორჩ ქალწულს ამ გალიაში აგდებდნენ და გავარვარებული შანთებით აწამებდნენ. ამ დროს გოგონას ეკლები ერჭობოდა და მისი სისხლით აბაზანა ივსებოდა, რომელშიც შემდეგ გრაფინია ბათორი ბანაობდა.

როცა ელიზაბეტი დარწმუნდა, რომ ამ მეთოდს ეფექტი არ მოჰქონდა, ჯადოქრებს მიმართა, რომლებმაც ურჩიეს, მდაბიოების კი არა, აზნაურთა ქალიშვილებისა და ჩვილების სისხლი გამოეყენებინა. მალე გრაფინია ბათორის ბრძანებით, სასახლეში 20 გოგონა დაიბარეს, რათა მათ ქალბატონი გაერთოთ. როგორ და რა მეთოდით აწამეს ისინი, ისტორიამ არ იცის, მაგრამ ფაქტი ერთია, მეორე დღეს ოცივე ქალწულის ცხედარი სასახლის ახლოს, მინდორში, სისხლისგან დაცლილი იპოვეს.

ელიზაბეტ ბათორის მსხვერპლთა რიცხვი იზრდებოდა. უამრავი ადამიანის გაუჩინარება-დაკარგვის გამო ელიზაბეტის ირგვლივ მითქმამოთქმა დაიწყო, რამაც მეფის ყურამდეც მიაღწია და გრაფინია ბათორის დასაკითხად თავისი ბიძაშვილი გაგზავნა.

ელიზაბეტი მუდამ თან დაატარებდა დღიურს, რომელშიც ჩაწერილი ჰქონდა თავისი ყველა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია. სწორედ ამ დღიურმა დაღუპა ის. მეფის ბიძაშვილმა ელიზაბეტის საძინებელში ეს დღიური იპოვა, რომელიც მთავარი სამხილი და გრაფინია ბათორის დაკავების მიზეზი გახდა.

იმდროინდელ სასამართლოს ხუთი დღე დასჭირდა, რათა გრაფინიასთვის განაჩენი გამოეტანა. 1611 წელს მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ისტორიკოსები ირწმუნებიან, რომ მარადიული ახალგაზრდობის სურვილით შეპყრობილ გრაფინია ბათორის ანგარიშზე 650-ზე მეტი ქალწულის მკვლელობაა.

ის მომცრო საკანში გამოამწყვდიეს, რომელსაც ერთი პატარა ხვრელი ჰქონდა, საიდანაც საჭმლით სავსე თეფშს და წყალს აწვდიდნენ. ამ ყოფაში ელიზაბეტმა 3 წელი გაატარა. 1614 წლის 21 აგვისტოს ის მკვდარი იპოვეს. ასევე იპოვეს რამდენიმე თეფში, რომლებზეც საჭმელი ხელშეუხებელი იყო.

თავდაპირველად გრაფინია ადგილობრივი ეკლესიის ეზოში დაკრძალეს, მაგრამ ამან სოფლის მცხოვრებლების უკმაყოფილება გამოიწვია და იქიდან გადაასვენეს.

ამ ქალმა ისტორიაში ადგილი დაიმკვიდრა საკუთარი სადიზმით. ხალხი მას ვამპირადაც კი მოიხსენიებდა. მას დემონის მოციქულადაც თვლიდნენ. ყველას აოცებდა მისი ორმაგი ცხოვრება – საზოგადოებაში ნაზი და მშვენიერი დიდგვაროვანი ქალი, საკუთარი სასახლის სქელი კედლების მიღმა კი ნამდვილი მონსტრი, რომლის მარადიული ახალგაზრდობისკენ სწრაფვამ უამრავი ქალი და ახალშობილი შეიწირა.

მოგვიანებით გრაფინია ელიზაბეტ ბათორზე ჰოლივუდში ფილმიც გადაიღეს. მისეულ წამების ხერხებს დღემდე იყენებენ სხვადასხვა საშინელებათა ფილმებში.