პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ საქართველოს ტერიტორაზე უნდა აიკრძალოს იმ ადამიანთა და იმ ბიზნეს წრეების მოქმედება, რომლებიც წარსულში დაკავშირებული იყვნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასთან. საყვარელიძეს განცხადებით, საქართველოს ტერიტორაზე დაუშვებელი უნდა იყოს ვლადიმერ პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებული ღონისძიების გამართვა.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ გამოდის თანამედროვე მსოფლიო, ამ ფონზე საქართველში რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაფინანსებული მედიაფორუმი იმართება და მისი ერთ–ერთი ორგანიზატორი არის ქართული მედია. რამდენად პრობლემური და ამავე დროს სახიფათოა რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაფინანსებული ფორუმის გამართვა თბილისში?
რამაზ საყვარელიძე: ამ ტიპის საყვედურს ანალოგიური მედიასაშუალებები და პოლიტიკოსებიც პასუხობენ იმით, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ მასთან თუ დიალოგი არ გვექნა, ეს ცუდია და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის დემაგოგია, მაგრამ მეორე მხრივ თვითონ სახელისუფლებო გუნდის უთავბოლობაც არის. ეს ის სახელისუფლებო გუნდია, რომელიც დათანხმდა ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიის შექმნას, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინც ამ ტრაგედიაში მონაწილეობდა, მათ მიმართ რაღაცა ზომები უნდა განხორციელდეს. ყველაზე მეტად ამ ტრაგედიაში პუტინის ხელი ურევია და მის მიმართ არ უნდა იყოს სანქციები? სანქციებს შენ არ აწესებ და დასავლეთს აწვდი ინფორმაციას, რომ ეს შენ გააკეთეოო, კომიკური სიტუაცია გამოდის.
მარტო იმაზე არ უნდა იყოს აქცენტი, ვინ გადალახა და ვინ არა ტერიტორია, საერთოდ, მთლიანად კონტროლის ქვეშ უნდა იყოს ის ხალხი და უპირველესად რუსეთის პრეზიდენტი, რომელსაც საკმაოდ სერიოზული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. აი, ამას რატომ ვერ ახერხებს ქვეყანა, ეს არის გაუგებარი.
თქვენ როგორ ფიქრობთ, რა უშლის ქვეყანას ხელს იმაში, რომ გადადგას ეს ნაბიჯები, რა პოლიტიკური ჩანაფიქრი შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას? მით უფრო, რომ ქვეყნის ხელისუფლებას აქვს პროდასავლური კურსი არჩეული, მაგრამ არის პრორუსული პოლიტიკური ძალის არსებობის პრობლემა და მათ შორის წარმოდგენილი არიან საქართველოს პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სახით...
– მე, მაგალითად, პოლიტიკურ ჩანაფიქრს ვერ ამოვიკითხავდი, იმიტომ, რომ ბევრ რამეში არის ხელ–ფეხ შეკრული და თავისთვისაც ხშირად დგამს არახელსაყრელ ნაბიჯებს. ძირითადად, იმიტომ, რომ არ იცი რა ხდება პოლიტიკაში, არ აქვს პოლიტიკური ალღო და ტემპერამენტი - მოდუნებული ხელისუფლებაა.
ამ ვითარებაში გამოსავალი არის პრორუსული მედიასაშუალების დახურვა?
– ითქვა კიდევაც, რომ დახურვა გამოსავალი ვერ იქნება, რადგან რუსეთი სხვა საშუალებებს იპოვის, მაგრამ ის, რომ შენი ქცევა, როგორც ქვეყნისა, ლოგიკურად გასაგები იყოს, ამისთვის სულაც არ არის საკმარისი იმ ადამიანების არშემოშვება, რომლებამც ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვიეს, რადგან პრინციპში, ვინც ეს ტერიტორია დაგაკარგინა, იმის ღონისძიებას არ კრძალავ და ეს ცოტა გაუგებარია. ის, რომ რუსეთის იმ წრეებს, რომლებიც შენი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, არ ჩაატარებინო რაიმე სახის ღონისძიება, ამას რად უნდა მედიის აკრძალვა?!
როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს რუსულ მხარეს, რომელიც საქართველოში აწყობს ასეთი შინაარსის ფორუმს და რომლის მონაწილეები ამბობენ, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის, ხოლო ამას ხელს უწყობს ქართული მედია? მეორე საკითხია რამდენად გავლენიანია და რამდენად შეუძლია საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, მაგრამ ეს გაზეთი გამოდის და მას ჰყავს თავისი მკითხველი...
– თავისი მკითხველიც და თავისი რესპოდენტებიც. მეჩვენება, რომ რუსეთს ძალიან შორს მიმავალი მიზნები არ აქვს. რუსულ პოლიტიკას დასჩემდა, რომ თვითონ აგრესია არის მათთვის სასიამოვნო რამ. რაც ახლა ხდება, ეს არის აგრესიის გამოხატულება. ოკუპაცია მოვახდინე? – კი, მოვახდინე; ოკუპაცია განვახორციელე? –კი განვახორციელე; შემრებჩა? – კი შემრჩება. ეს ხომ დამცირებაა და ვფიქრობ, რომ ეს დამცირება არის ძირითადი მიზანი.
პრობლემური და ამავე დროს საშიში რამდენად არის ამ სახის ფორუმი?
– საშიში არის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პოლიტიკაში ძალიან ხშირად გადამწყვეტი არის ხოლმე ძალა. ქართველები ძირითადად იმ მოტივით ღალატობდნენ სამშობლოს, რომ მტერი ძლიერია და რატომ უნდა შევაკლათ თავიო. მტრის ძალის დანახვა ფსიქოლოგიური ომის ერთ–ერთი საშუალებაა. ის, რომ ოკუპანტმა ქვეყანამ შენს ტერიტორიაზე მედიაშოუ გამართა და ვერაფერი ვერ გააწყე, ეს ძალის დემონსტრაციაა და აი, ამ დემონსტრაციით საქართველოში შეიძლება გამრავლდეს რუსეთის მხარდამჭერები. ამ მხრივ არის სახიფათო ის, რაც ახლა თბილისში ხდება.
ერთია საზოგადოების პროტესტი, მაგრამ მეორეა ღიად გამოხატული პროდასავლური კურსის ფონზე რა უნდა გაკეთდეს სახელმწიფოს დონეზე ამ საფრთხის აღსაკვეთად. როგორ ფიქრობთ, რუსეთი ამ სახის ღონისძიებებით ცდილობს ხელისუფლების პროვოცირებას?
– ერთი მხრივ ხელისუფლების პროვოცირებას და მეორე მხრივ ხელისუფლებაში უნიათო, სუსტი, უსუსური მხარის წარმოჩენას მოსახლეობის თვალში, რასაც ნაციონალები ეძახიან ხოლმე ამ ხელისუფლებას. რუსეთის და ნაციონალების პოლიტიკური სტილი და მოქმედება ხომ ხშირად თანხვედრაშია ერთმანეთთან. ვიმეორებ, ეს ფსიქოლოგიური ომის სტილია. ქართულ ფილმშიც არის – „რუსი მოდის, რუსი მოდისო“, ამით აშინებს მეტოქეს მებრძოლი.
თუკი ძლიერ სამხედრო მუსიკას შეუძლია იმ შთაბეჭდილების შექმნა, რომ ძლიერი მეტოქე მოდის და ამითი შიშის გამოწვევა მოსახლეობაში, ძლიერი მეტოქის სურათის შექმნა რუსეთის მხრიდან შენივე ტერიტორაზე ხომ იმ შედეგს მოგცემს, რომ შენი მოქალაქე არ იქნება შენდამი რწმენით განწყობილი, რომ შენ რაიმე შეგიძლია და ნებისმიერ შეძახილს იგივე რუსეთის მხრიდან აჰყვება. თან, შენმა მოქალაქემ უნდა დაინახოს შენი ძალა, ისე არ გამოგყვება ბრძოლაში. ჯერჯერობით, გარდა ჩივილისა სხვა საპასუხო არაფერი ჩანს. აი, ეს მიმაჩნია დაუშვებლად.
ვისურვებდი, რომ შექმნილიყო ახალი დოკუმენტი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორაზე შემსვლელების შემოშვების აკრძალვის გარდა, აიკრძალოს ყველა იმ ადამიანის მიერ დაფინანსებული ღონისძიება, რომელსაც რაიმე კავშირი აქვს საქართველოს ტერიტორული მთლიანობის რღვევასთან. ასეთი პირი უპირველესად არის ვლადიმერ პუტინი და შესაბამისად, მისი ფონდის მიერ დაფინანსებული ღონისძიება დაუშვებელი უნდა იყოს ქართულ სინამდვილეში.
მით უფრო მედიისთვის და მე როგორც ჟურნალისტი არასოდეს არ მივიღებ ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობას...
– აღმაშენებელს დიდგორის ომში ჯარი რომ მიჰყავდა, უკნიდან ზურგი ჩაუხერგა ამ ჯარს - გაიქცევიანო. წარმოიდგინეთ რა კარგი აზრის იყო ქართველებზე. აღმაშენებელს იმისთვის ეცადა აბა ქართველები როდის გახდებიან უფრო შეგნებული და ომისთვის როდის იქნებიან გამოსადეგი, ალბათ, ამას ვერც ვერასოდეს ეღირსებოდა. მან მიიღო ძალისმიერი გადაწყვეტილება საიმისოდ, რომ უზრუნველეყო ბრძოლის მოგება. აი, ასეთი ბრძოლის მოგების უზრუნველყოფისთვის საჭიროა ძალისმიერი გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აიკრძალოს იმ ადამიანთა და იმ ბიზნესის მოქმედება, რომლებიც წარსულში დაკავშირებული იყვნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასთან, რად უნდა ამას დიდი ფილოსოფია?!