"ბავშვს ამ საშინელებისკენ ვიღაცამ უბიძგა" - 17 წლის ბიჭის თვითმკვლელობას "ლურჯ ვეშაპს" უკავშირებენ

არასრულწლოვანის კიდევ ერთი თვითმკვლელობის ფაქტი მოხდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში 17 წლის გ.დ. მშობლებმა საკუთარ ოთახში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

„რეზონანსს" ადგილობრივები უყვებიან, რომ მოზარდი გარდაცვლილი დილით დედამ იპოვა. ძებნა მშობლებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მოზარდი ოთახიდან გამოსვლას აგვიანებდა. დედა მისთან გასაღვიძებლად შევიდა და საზარელი სურათი დახვდა.

სოფელ წერეთელის რწმუნებული შალვა კურაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მოზარდის სავარაუდო თვითმკვლელობის მიზეზად მშობლები ინტერნეტ თამაშს „ლურჯ ვეშაპს" ასახელებენ.

კურაშვილის თქმით, ბიჭმა თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა, სადაც თვითმკვლელობის მიზეზს ხსნის. სოფლის რწმუნებული ამბობს, რომ მოზარდი საკმაოდ მხიარული და კონტაქტური ბავშვი იყო. ის არ იყო ჩაკეტილი და კონფლიქტური მოზარდი. მისი თქმით, გარდაცვლილს მშობლებთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა და სკოლაშიც კარგად სწავლობდა.

„არ ვიცი, ეს რა უბედურება გვჭირს. ყოველ დღე არასრულწლოვნების თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. ამ ბავშვს თავის მოკვლის არაფერი არც სჭირდა და არც ეტყობოდა.

ღამე სახლში ყოფილა, დასაძინებლად წასულა. საეჭვო არავის არაფერი შეუმჩნევია. დილით ოთახიდან რომ არ გამოსულა, დედამ დაუკაკუნა კარზე. იქიდან პასუხი რომ არ გაუცია, მერე დედ-მამას კარი ძალით შეუმტვრევიათ. შევიდნენ და ეს საზარელი სურათი დახვდათ. უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი ყოფილა. როგორც ამბობენ, იქვე საწოლზე წერილები დაუტოვებია.

"არ ვიცი, რა წერია, ალბათ მშობლები იტყვიან მერე, პოლიციას მისცეს, როგორც ვიცი. ვარაუდობენ, რომ თვითმკვლელობის მიზეზი ინტერნეტ თამაში „ლურჯი ვეშაპი" უნდა იყოს. სოფელში ასე ამბობენ.

"არ იყო ჩაკეტილი და დეპრესიული ბავშვი. პირიქით, საკამოდ მხიარული და რომ იტყვიან, სოფელში ლიდერი ბავშვიც კი იყო. სკოლაში, როგორც ვიცი, კარგად სწავლობდა.

"მშობლები ძალიან კარგი ჰყავს. ოჯახში რამე კონფლიქტი ჰქონოდა, გამორიცხულია. ამ ბავშვს ყველა თავზე დასტრიალებდა. როგორც ვიცი, პოლიცია უკვე მოსული იყო და გამოძიება დაიწყეს. ბავშვს ამ საშინელებისკენ ვიღაცამ უბიძგა, თორემ მას ამის ჩადენის არანაირი მიზეზი არ ჰქონია", - აცხადებს სოფლის რწმუნებული „რეზონანსთან".

მარნეულის საჯარო სკოლაში, სადაც გარდაცვლილი მოზარდი სწავლობდა, მას დადებითად ახასიათებენ. „რეზონანსთან" სკოლის მასწავლებლები ამბობენ, რომ რაიმე საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ. მოზარდი არ იყო ჩაკეტილი და გულჩათხრობილი. პირიქით, იმდენად მხიარული იყო, რომ გაკვეთილზე ხმაურის გამო შენიშვნას ხშირად აძლევდნენ. მასწავლებლებისთვისაც უცნაური და გაუგებარია, რა უნდა გამხდარიყო 17 წლის მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეზონანს" განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. უწყებაში არ აკონკრეტებენ, დატოვა თუ არა მოზარდმა გარდაცვალებმადე წერილი და სუიციდი უკავშირდება თუ არა ინტერნეტ თამაშს. შსს-ში ამბობენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ყველა მიმართულებით იმუშავებენ.