ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიები აშშ-ის შუალედური არჩევნებისთვის ემზადებიან

ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიები აშშ-ის შუალედური არჩევნებისთვის ემზადებიან

Facebook-ის, Twitter-ის, Google-ის, Microsoft-ისა და სხვა ცნობილი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები გეგმავენ, რამდენიმე დღეში შეხვდნენ და იმსჯელონ იმაზე, თუ როგორ დაიცვან საკუთარი პლატფორმები აშშ-ის შუალედური არჩევნებისას პოლიტიკური მანიპულაციისგან. ამის შესახებ CNN-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გასულ კვირაში Facebook-ის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გააუქმეს 652 გვერდი, რომლის მეშვეობითაც დეზინფორმაციას ავრცელებდნენ.  ამ ჯგუფებისა და პერსონალური გვერდების უმეტესობა ირანსა და რუსეთში იყო შექმნილი. 

2018 წლის აპრილში, Facebook-მა განაცხადა, რომ წაშალა „ფეისბუკის“ და ინსტაგრამის“ დაახლოებით 270 გვერდი, რომლებსაც რუსული „ტროლების ფაბრიკა“ აკონტროლებდა. ივლისში „ფეისბუკსა“ და ინსტაგრამზე“ აღმოაჩინეს 32 ექაუნთი, რომლებიც სავარაუდოდ, აშშ-ის ნოემბრის შუალედურ არჩევნებში ჩარევის კამპანიაში მონაწილეობდა. ნაპოვნი გვერდები და ექაუნთები, როგორც მანამდე ისეთ თემებზე მუშაობდნენ, რომლებიც ამერიკულ საზოგადოებაში დაპირისპირებას იწვევდა. კომპანიამ გვერდები რუსეთს ვერ დაუკავშირა, მაგრამ Facebook-ის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს კავშირი სავარაუდოა.

19 აგვისტოს უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში პოტენციურად ოთხი ქვეყნის ჩარევის საფრთხეა. ეს ქვეყნებია, რუსეთი, ირანი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა. ბოლტონმა აღნიშნა, რომ ეს ქვეყნები „ყველაზე მეტ შეშფოთებას იწვევს“. მისი თქმით, ამერიკის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამ ჩარევის თავიდან ასაცილებლად.

2018 წლის ნოემბერში აშშ-ში შუალედური არჩევნები ტარდება, რომელზეც სრულად გადაირჩევენ აშშ-ის წარმომადგენლობით პალატას, ასევე სენატორების მესამედს. გარდა ამისა, 39 შტატში გუბერნატორის არჩევნები ჩატარდება.