„ტყიბულის საწარმოს დინჯი კაპიტალი სჭირდება, რომელიც საბოლოო მოგებაზეა გათვლილი“

„ტყიბულის საწარმოს დინჯი კაპიტალი სჭირდება, რომელიც საბოლოო მოგებაზეა გათვლილი“

როდესაც ტყიბულის საწარმოს მენეჯმენტი წამგებიან ბიზნესზე საუბრობს, მათ უნდა გაითვალისწინონ ერთი ფაქტი, რომ ტყიბულის საბადო მომგებიანი გახდება იმ შემთხვევაში, თუკი ნახშირს ექნება სათანადო გასაღების ბაზარი. თუმცა დღემდე პრობლემად რჩება, რომ ცალკეულ პირთა ინტერესის გამო ტყიბულს სათანადო გასაღების ბაზარი არ აქვს.

რა პერსპექტივა აქვს ტყიბულს, ამის შესახებ For.ge-ს სამთო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ომარ ლანჩავა ესაუბრა.

ტყიბულის საბადო მომგებიანი გახდება იმ შემთხვევაში, თუკი ნახშირს ექნება სათანადო გასაღების ბაზარი. დღეს რა უშლის ხელს ტყიბულს, რომ გასაღების ბაზარი ჰქონდეს?

- მე წარმოვადგენ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტს და გრიგოლ წულუკიძე იმაზე ზრუნავდა, რომ ტყიბულის საბადოს გასაღების ბაზარი ჰქონოდა. დღეს გასაღების ბაზარი შედარებით ადვილი მოსაპოვებელია, ეს არის საბაზისო წარმოების ელექტროენერგია, მაშასადამე, ნახშირზე მომუშავე თანამედროვე 300 მეგავატის სიმძლავრის თბოელექტროსადგურის აგება. მოგეხსენებათ, რომ ენერგეტიკაში არსებობს საბაზისო დენი და არსებობს პიკური დატვირთვა. ჩვენ სარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურები გვაქვს, რომელთაც წყალსაცავები აქვთ და მათ ვიყენებთ, როგორც საბაზისო დენს. თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს არის წყალში გადაყრილი ფული, ამიტომ ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის აგება უნდა მოხდეს. დევს კიდეც ამის პროექტი.

თბოელექტროსადგური თვითონ ტყიბულში უნდა აშენდეს?

- მე ვფიქრობ, ტყიბულში აშენება უპრიანია და ეს ჩემი აზრია გადაჭრილად, რადგან სხვაგან რომ ავაშენოთ, ნახშირის ტრანსპორტირება უფრო რთული და ძვირადღირებული იქნება. ამიტომ, სადაც მოიპოვებ ნახშირს, იქ უნდა იყოს თბოელექტროსადგურიც.

გარემოზე ზემოქმედების მხრივ ხომ არ იქნება თბოელექტროსადგური პრობლემური და ტყიბულელები მეორე ახალი დილემის წინაშე ხომ არ აღმოჩნდებიან?

- ზოგადად, თბოელექტროსადგურები უფრო პრობლემურია, რადგან ჰიდროელექტროსადგურები უფრო სუფთაა, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიები ამ პრობლემას აღმოფხვრიან. სხვათა შორის, ამერიკაში, სადაც ნახშირს ღია წესით მოიპოვებენ, იქვე აშენებულია თბოელექტროსადგურები. იმის გამო, რომ იქაური ნახშირი ეკოლოგიური სიბინძურით გამოირჩევა, გარემოს დამცვლებმა ატეხეს ერთი ამბავი. ამიტომაც ახლა მოიპოვებენ ნახშირს სხვაგან და ტრანსპორტირება უჯდებათ ძვირი, ე.ი. 80%-ია ტრანსპორტირების ხარჯი, ჩვენ კი ერთადერთი საბადო გვაქვს ტყიბულში და სხვაგან ძალიანაც რომ გვინდოდეს, არ გვაქვს საბადო. ამიტომ, ჩემი აზრით, თბოელექტროსადგური უნდა აშენდეს ტყიბულში. ესაა ერთი გზა, ხოლო მეორე გზაა კლინკერის გამოყენება ცემენტის წარმოებაში. მოგეხსენებათ, ნახშირზე გამომწვარი კლინკერი უფრო მაღალი ხარისხისაა და, ზოგადადაც, მაღალი ხარისხის ცემენტს გვაძლევს, ხოლო გაზზე გაკეთებული, რომელიც ირანიდან შემოდის, შედარებით იაფფასიანი და მდარეა. ჩვენი კლინკერი ირანიდან შემოტანილს იაფ, უხარისხო პროდუქციას კონკურენციას ვერ უწევს. კონკურენტუნარტიანი რომ გახდეს ტყიბულის ნახშირზე წარმოებული კლინკერი, ამისთვის საჭიროა საბაჟო მოსაკრებლის სათანადოდ გაზრდა.

ცალკეული ადამიანები საუბრობენ, რომ ტყიბულს საერთოდ უნდა შეეცვალოს პროფილი და ეს იქნება ერთადერთი საშუალება, რომ მეშახტეები არ დაიღუპონ. თქვენ რას ფიქრობთ?

- ამ აზრს არ ვიზიარებ. ამერიკაში 90 მილიონი ტონა ქვანახშირის მოპოვებაზე ერთი ადამიანი იღუპება, ტყიბულში კი 150 ათასი ტონის მოპოვებაზე (რაც მილიონი ტონა არც არის) 4 ადამიანი დაიღუპა. ანუ გამოდის, 90 მილიონი ტონა რომ ვაწარმოოთ, ტყიბულში 4 ათასზე მეტი კაცი დაიღუპება. რამხელა რეზერვია იმისთვის, რომ გამოვიყენოთ მოწინავე ტექნიკა, უნდა გვყავდეს ტყიბულში მცოდნე ადამიანები და უნდა დაიცვან უსაფრთხოების წესები განუხრელად, რაც არ ხდება.

ხომ არ მივადექით ბეჟუაშვილების პასუხისმგებლობის თემას?

- პასუხისმგებლობის გამოკვეთა და ვინმეს დადანაშაულება ჩემთვის ძალიან რთულია, მაგრამ იქ უსაფრთხოების წესები არ იყო დაცული. უსაფრთხოების წესები მოიცავდა სამ წელიწადში ერთხელ დეპრესიული აგეგმვის ჩატარებას. როდესაც ვენტილაციის მიზეზით ხდება უბედური შემთხვევა, ან როგორღაც ავიცილებთ უბედურ შემთხვევას, რომელიც უნდა მომხდარიყო ვენტილაციის მიზეზით, ამ შემთხვევაში, გეგმიური, არაგეგმიური დეპრესიული აგეგმვა უნდა ჩატარებულიყო. მთელ რიგ საკითხებს არ ექცევა ყურადღება. სათანადო განათლების მქონე კადრების დასაქმება ამ პრობლემას მოხსნიდა.

რაც შეეხება ბეჟუაშვილებს, ეს ხალხი ამ ყველაფერს ვერ აკეთებდა და არც აკეთებდა. ასეთ საწარმოს სჭირდება დინჯი კაპიტალი, რომელიც ამოღებადი არაა, ანუ იმ წუთში მოგებაზე არაა ორიენტირებული და საბოლოო მოგებაზეა გათვლილი. ჩემი აზრით, ეს საკუთარ თავზე უნდა აიღოს სახელმწიფომ, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტს უფრო ძვირი დაუჯდება ტყიბულის შენახვა, იქ რომ შახტი არ იყოს. ამიტომ იყოს მინიმალური, მაგრამ უტყუარი მოგება და სახელმწიფომ შეუხამოს კანონმდებლობა, რათა კონკურენტუნარიანი გახდეს ტყიბულის ნახშირი. დღეს რომ საზღვარგარეთელი ინვესტორი მოიყვანოთ, მერე ესენი ისე შეცვლიან კანონებს, რომ გახდიან წამგებიანს მათ ბიზნესს და აღარავინ შემოვა. ამიტომ ეს თავის თავზე უნდა აიღოს სახელმწიფომ. სახელმწიფო ბიუჯეტმა უნდა იკისროს ამის დაფინანსება, რადგან მისი შესანახია ეს საზოგადოება. სახელმწიფოს საზოგადოების სოციალური დაცვის ვალდებულება ეკისრება. აგრეთვე, სახელმწიფოს ვალდებულებაა, უსაფრთხოების წესების განუხრელად შესრულების უზრუნველყოფა თავისი ინსპექტორების მეშვეობით. სწორედ სახელმწიფომ უნდა მოახდინოს ამის კონტროლი და ინსპექტორმა უნდა იცოდეს, რასთან აქვს საქმე. რაც მოხდა ტყიბულში, ამ ყველაფერს უვიცობამდე მივყავართ.