ორი წლის წინათ, ქალთა კოლონიაში, 8 ქალი სასჯელს ქმრის მკვლელობისთვის იხდიდა.
“ისინი სასჯელს იხდიდნენ იმის გამო, რომ მოძალადე ქმრები მოკლეს,” – ამბობს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ცენტრის ფსიქოლოგი, მანანა სოლოღაშვილი, - “ერთმა მათგანმა არმატურა გაუყარა ქმარს, მისი ძალადობისგან თავი რომ დაეცვა. ყოფილა შემთხვევები, ვეღარ გაგვირჩევია, რომელი იყო მსხვერპლი და რომელი - მოძალადე. მსხვერპლი, ფსიქოლოგიურად, ზოგჯერ ისე აღიჭურვება, რომ თავად ახდენს ძალადობის პროვოცირებას. ასეთი ცუდი თვისება აქვს ძალადობას – დროთა განმავლობაში, მსხვერპლი თვითონ ხდება მოძალადე. ცალკე თემაა ბავშვები, რომლებიც, ოჯახური ძალადობის შემყურე, განსაკუთრებით ზარალდებიან.”
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ჩატარებული ეროვნული კვლევის მონაცემებით (“ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის შესახებ”, 2009 წელი), 5-დან 12 წლამდე ბავშვებში, ძალადობის გავლენის შედეგად, ყველაზე მეტად გავრცელებული ქცევითი მოდელებია: სიმორცხვე, საკუთარ თავში ჩაკეტილობა - 19.6%; კოშმარები - 10.4%; აგრესიულობა და-ძმის ან სხვა ბავშვების მიმართ - 7.2%; ღამის ენურეზი (ღამით შარდის შეუკავებლობა) - 5%, რომლის მაჩვენებელი გაცილებით მეტია ზოგადად დადგენილ პროცენტულ მაჩვენებელზე.
მაია კალანდარიშვილის (სახელი და გვარი შეცვლილია) სამივე შვილს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. 11, 9 და 6 წლის ბავშვები წლების განმავლობაში უყურებდნენ, როგორ შეურაცხყოფდა მამა დედას, როგორ სცემდა დალურჯებამდე, დანას როგორ უყრიდა და როგორ კეტავდა მერე, ასეთ მდგომარეობაში მყოფი არავის რომ არ ენახა. “მეცოდება იმ გამო, რომ ასეთია, მაგრამ ვერ ვაპატიებ, მე, ჩემ შვილებს ასე რომ გაგვიფუჭა ცხოვრება,” – ამბობს მაია, – “ამის უფლება არავის უნდა მისცე.”
ეროვნული კვლევის შედეგები
ძალადობად, მიღებული განმარტებით, განიხილება ნებისმიერი ქცევა ინტიმურ პარტნიორებს შორის, რომლის დროსაც ერთი მათგანი ცდილობს მეორის კონტროლს. ოჯახური შეურაცხყოფა, რომელიც მოიცავს ფიზიკურ შეურაცხყოფას, იწოდება ოჯახურ ძალადობად. გაეროს მოსახლეობის ფონდმა, 2009 წელს, საქართველოში ჩაატარა ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის შესახებ კვლევა, რომელშიც 15-დან 49 წლამდე 2 385 ქალი მონაწილეობდა. კვლევის ძირითადი შედეგები ასეთია:
ყოველი მე-18/20 ქალი, ამბობს, რომ ქმარს ისინი დაუმცირებია სხვა ადამიანების წინაშე ან გამიზნულად შეუშინებია; ყოველი 28/29-ე ქალი, აღნიშნავს, რომ ქმართან არა ერთხელ ჰქონდა სქესობრივი კავშირი საკუთარი სურვილის წინააღმდეგ; ყოველი მეასე ქალი ფიქრობს, რომ მეუღლემ აიძულა ისეთი სქესობრივი ქმედების ჩადენა, რაც მისთვის დამამცირებელი იყო; ყოველი 24-ე ქალი, ვისაც ჰყავს მეუღლე/პარტნიორი აცხადებს, რომ ამ უკანასკნელს მისთვის ფიზიკური ზიანი მიუყენებია; ყოველი მეოცე ქალის გონებრივ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მოუხდენია გავლენა ქმრის/პარტნიორის ქცევას. ქმრის/პარტნიორის ძალადობრივი ქმედებების გავლენის შედეგად, ქალთა ერთ მეექვსედს ხელი ეშლება სამუშაოში. ქალთა საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობა უფრო მეტად ფსიქოლოგიურ ზიანზე საუბრობს, მეუღლის/ქმრის ძალადობა მათში საკუთარი თავის რწმენისა და კონცენტრაციის უნარების დაქვეითებას იწვევს.
ყოველი 100 ქალიდან, რომლებიც ოდესმე ყოფილან ფეხმძიმედ, ორი ან სამი ქალი ამბობს, რომ ფეხმძიმობის პერიოდში ქმრის/პარტნიორის ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ყოფილა. ამ ქალთა თითქმის ერთი მესამედი ამგვარი ფაქტების არსებობას ორ ან მეტჯერ ადასტურებს. მეუღლის მხრიდან, ფეხმძიმობის პერიოდში ძალადობის მსხვერპლ ქალთა ერთ მეხუთედზე მეტი, აცხადებს, რომ მათ დაარტყეს/ხელი ჰკრეს მუცელზე.
რესპონდენტთა უმრავლესობის მიხედვით, პირი, რომელსაც ასეთი ძალადობა აქვს ჩადენილი, მათი შვილის მამაა. ფეხმძიმობისას ძალადობის მსხვერპლ ქალთა დიდი უმრავლესობა მოძალადესთან ცხოვრობდა ძალადობის პერიოდში. ფეხმძიმობისას ძალადობის მსხვერპლ ქალთა დიდ უმრავლესობას მსგავსი გამოცდილება ფეხმძიმობამდეც ჰქონდა.
ყველაზე ფართოდ გავრცელებული კონტროლის ფორმა, კვლევის მიხედვით, ,,თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვაა”. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ადგილისა და განათლების დონის პარამეტრების მიხედვით, უფრო მეტი თბილისის მცხოვრები, არასრული განათლების მქონე ქალი აღმოჩნდა ძალადობის მსხვერპლი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ძალადობის მიმართ ქალების დამოკიდებულებაა. კვლევის მიხედვით, ქალების ერთი მესამედი ამართლებს ძალადობას, იმ შემთხვევაში თუკი ქმარი ,,გაიგებს, რომ ცოლი ღალატობს”; ყოველი მე-15 ქალი ქმრის მიერ ცოლის ცემის ფაქტს ამართლებს იმ შემთხვევაში, თუკი ქმარი ეჭვიანია; ყოველი მე-18 ქალი - თუკი ცოლი არ უჯერებს ქმარს.
ასე, საქართველოში გამოკითხული ქალების 6,9% ფიქრობს. საქართველო, ამ თვალსაზრისით, გამონაკლისი არ არის. სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევების მიხედვით, ქმრებისგან ცემას დასაშვებად მიიჩნევენ ქალები – ტაჯკეთში (74,4%), სომხეთში (22,1%), ყაზახეთში (10,4%), უკრაინაში (3,5%), იორდაიაში (90%), ეთიოპიაში (81%) სომალიში, (75,5%), მალიში (75,2%), უგანდაში (70,2%), ვიეტნამში (63,8%), ერაყში (59,1%), ინდოეთში (54,4%), რუანდაში (48%), ჰაიტიში (29%), ნეპალში (23,2%), ჰონდურასში (15,5%), სერბეთში (6,2%).
ამ წესით მცხოვრებ ოჯახებში ბავშვები იზრდებიან. გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის მონაწილე რეპროდუქციული ასაკის ქალების უმრავლესობა (68%) ქორწინებაში იმყოფება, დაახლოებით 5% - ქვრივი ან განქორწინებულია. შესაბამისად, მათ შვილებს მშობლებისგან „საჩუქრად“ მიღებული აქვთ ძლიერი ფსიქოლოგიური ტრავმები, სტრესი, დაავადებები, რომლებიც ზემოთ იყო ჩამოთვლილი. ყველაფერი ეს კი, საზოგადოებაში მათი სრულყოფილი ინტეგრაციის მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორია.
გზა მსხვერპლიდან მოძალადემდე
მაია კალანდარიშვილი ამბობს, რომ გათხოვებამდე ქმრისთვის განსაკუთრებული არაფერი შეუმჩნევია, - „ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. მერე ომში მიიღო მონაწილეობა, ყველანაირ ომში იყო და, ამის შემდეგ აერია გუნება. თავიდან აკრძალვები დაიწყო. მითითებდა, სად უნდა წავსულიყავი და სად - არა. დაწესებული მქონდა დრო, როცა სახლში უნდა დავბრუნებულიყავი. თუ გადავაცილებდი, ჯერ მეჩხუბებოდა, მერე - მცემდა. ჩემი დედამთილიც ცდილობდა ჩვენ დაპირისპირებას. ყველანაირად ჩემ საწინააღმდეგოდ განაწყობდა. როცა ქმარი სადმე მიშვებდა, ჩემი დედამთილი ეუბნებოდა, - შეამოწმე, მართლა იქ მიდის, მგონი, გღალატობსო.
როგორც გავარკვიე, ჩემ დედამთილს თავად ჰქონდა ოჯახში პრობლემები. ის და მისი მეუღლე ძალით დააქორწინეს. ერთსაც და მეორესაც სხვები უყვარდათ. ბოლომდე ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს. წლების განმავლობაში, ძალიან ჩხუბობდნენ ოჯახში. მამამთილი ჩემი თანდასწრებითაც დამუქრებია ფიზიკური ანგარიშსწორებით. ჩემი დედამთილი არ აღიარებდა, მაგრამ მეზობლებს უთქვამთ, გვინახავს, როგორ სცემდაო. ჩემი ქმარი მაშინ პატარა იყო. ახლა დედამისთანაც დაძაბული ურთიერთობა აქვს. ყოფილა შემთხვევები, უჩხუბიათ და ჩემი ქმარი ყელში წვდომია, დაგახრჩობო.“
ფსიქოლოგი მანანა სოლოღაშვილი განმარტავს, რომ ეს ძალადობის ტიპური, ციკლური პროცესია, მსხვერპლის მოძალადედ ტრანსფორმირება, - „ძალადობა შვებს ძალადობას, ეს უკვე კარგად ცნობილი ამბავია. მსხვერპლი, რომელიც წლების ძალადობის ქვეშ ცხოვრობს, შემდეგ, ეძებს მასზე სუსტს, რომ უკვე თავად განახორციელოს მასზე ძალადობა. ამიტომ არ შეიძლება ძალადობის მოთმენა, მასთან შეგუება. რეცეპტი, რა თქმა უნდა არ არსებობს, მაგრამ არის ნიშნები, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ.
მოძალადისთვის დამახასიათებელია ძალაუფლება და კონტროლი. თუკი ადამიანი არ ითვალისწინებს შენ შეხედულებებს, დამოკიდებულებებს, სურვილებს და, მაგალითად, სიურპრიზებს მხოლოდ მაშინ გიკეთებს, როცა თვითონ უნდა და მხოლოდ ისეთს, როგორიც თავად უნდა, ე.ი. ძალადობისკენ აქვს მიდრეკილება. მოძალადისთვის დამახასიათებელია პარტნიორის სრული იგნორირება. ყველაფერი, ერთი შეხედვით, წვრილმანი აკრძალვებით იწყება და მსხვერპლის იზოლირებით მთავრდება.“
,,მარტოხელა ქალი იმდენად ცოდოა, რომ, თუ ქმარი ძალიან არ გცემს, ჯობია, მასთან და მის ოჯახთან დარჩე. გარდა ამისა, განქორწინებულ ქალს ყოველთვის გარკვეული სტიგმა დასდევს საზოგადოებაში,” - ასეთი რამ, გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევისას ითქვა, ერთ-ერთ ფოკუს-ჯგუფში, სადაც თბილისში მცხოვრები 35-59 წლის ქალები იყვნენ. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ძალადობის მსხვერპლს მოძალადის გვერდით დარჩენას აიძულებს.
„რამდენჯერმე ვცადე წამოსვლა, თვითმკვლელობამდე ვიყავი მისული, ისეთ მდგომარეობაში მაგდებდა, ადამიანს აღარ ვგავდი, მორალურად ისე მამტვრევდა, თუმცა, ყოველთვის უკან ვბრუნდებოდი. რით უნდა გაზარდო სამი შვილიო, ჩემები მეუბნებოდნენ,“ - ყვება მაია კალანდარიშვილი, - „ქმარი მუშაობის საშუალებას არ მაძლევდა, არანაირი შემოსავალი მე არ მქონდა, ან სახლი რომ მექირავა, ან საჭმელი მეშოვნა შვილებისთვის. დახმარებით ვერავინ მეხმარებოდა. რამდენჯერ პოლიციაში მივედი, მაგრამ - რა? ცოლ-ქმრის ჩხუბში არ ვერევითო. ამიტომ ვბრუნდებოდი უკან. თავშესაფარში ყოფნამ ამომასუნთქა. ტელევიზორით გავიგე ცენტრის არსებობა და მოვედი.ამათ შეძლეს ჩემი ქმრის დაშოშმინებაც. როცა აუხსნეს, თუკი ასე გააგრძელებ, დაისჯები და ცოლ-შვილსაც დაკარგავო, ძალადობა შეწყვიტა. უკვე ორი წელია, ასეა.“
კანონმდებლობის შეზღუდულ შესაძლებლობებს ადასტურებს ისიც, რაზეც, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში, პოლიციელებმა ილაპარაკეს: „ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც ამ სფეროშია ჩართული (სასამართლოშიც კი), იცის, რომ ჩვენ ქმედებებს აზრი არ აქვს. ჩვენ უბრალოდ მივდივართ და ველოდებით, სანამ სიტუაცია დაწყნარდება. ვიცით, რომ უაზრობაა, შეგიძლია წაიყვანო ადვოკატთან და ის გამოსცემს ორდერს, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყვება. მივდივართ, ვაწყნარებთ და მერე ისევ გვირეკავენ. ასე დავდივართ წინ და უკან, ვიდრე ჩვენი ცვლა არ შეიცვლება” (პოლიციელი, თბილისი)“.
ე.წ. შემაკავებელი ორდერი, რომელმაც, იდეაში, ძალადობა უნდა შეაჩეროს, ოჯახური ძალადობის შესახებ კანონის ფარგლებში გაიცემა. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ცენტრში აღნიშნავენ, რომ არასამთავრობო და სამთავრობო სტრუქტურები ახლა კანონის დახვეწაზე მუშაობენ. სავარაუდოდ, დაისმება შესაბამისი სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნისა და თავშესაფრების რაოდენობის გაზრდის საკითხიც. დღეს საქართველოში სახელმწიფოს მიერ შექმნილი ერთი და არასამთავრობო სექტორის მიერ ამოქმედებული სამი ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი არსებობს.
„მსურველი ბევრია, მაგრამ ჩევნი შესაძლებლობები შეზღუდულია,“ - ამბობს მანანა სოლოღაშვილი, - „უცხოეთში მოძალადეებისთვისაც კი აქვთ თავშესაფრები. ჩვენი კანონით კი, მსხვერპლის იზოლაცია უნდა მოხდეს. მოძალადე ისევ იმ გარემოში რჩება, რომელშიც იყო, მერე, თუკი სხვა გამოსავალს ვერ ხედავს, მსხვერპლიც იგივე გარემოში ბრუნდება. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესი კი, როცა გარემო არ იცვლება, ძალიან ნელა მიდის. დახმარება ორივე მხარეს სჭირდება. საკუთარ თავთან ჰარმონიაში მყოფი ადამიანი არასოდეს ძალადობს სხვაზე, მით უმეტეს - სუსტზე და მით უმეტეს - ქალზე. ამას მხოლოდ არასრულფასოვნების კომპლექსის მქონე, ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი, ზღვარგადასულად ეჭვიანი ადამიანი თუ გააკეთებს.“
ზოგადი სტატისტიკა იმისა, თუ რამდენი ქალი გადის რეაბილიტაციის კურს თავშესაფრებში, არ არსებობს. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ცენტრის თავშესაფარში ასეთი დღეს 17-ია. ძალადობის მსხვერპლთ არ ეადვილებათ თავიანთ პრობლემებთან ბრძოლა. ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ რაიმეს შევცლის, ვისიმე მხრიდან დახმარების იმედი არ აქვთ. მაია კალანდარიშვილი ამბობს, რომ ეს არასწორია, - „ახლა ვიცი, რომ პირველივე შემთხვევისას უნდა შემეჩერებინა, არ უნდა მიმეცა ჩემი დათრგუნვის, ჩემი შვილებისთვის ცხოვრების დანგრევის უფლება.“
„არასდროს იფიქროთ, რომ დაიმსახურეთ დასჯა, ყველას აქვს შეცდომის უფლება,“ - ამბობს ფსიქოლოგი მანანა სოლოღაშვილი, - „ძალადობა არ უნდა მოითმინო, თორემ იგი ძალიან შორს წავა.“
გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქალების ნაწილი მიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა არის პირადული საკითხი და დაუშვებელია მასში კანონის ჩარევა (30.7%).
როცა პრობლემა ორი ადამიანის ურთიერთობას სცილდება, როცა საქმეში ბავშვები ერთვებიან, ყველაფერი, ალბათ, გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ პირადი.