ის დაბრუნდა და როგორც საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, დაბრუნდა იქ საიდანაც პრინციპში არსად შორს არ წასულა. „ქართული ოცნების“ პარტიის ყრილობაზე ივანიშვილის, როგორც პარტიის აწ უკვე ოფიციალური თავმჯდომარის რანგში გამოსვლისადმი, ალბათ, ყველას საკუთარი მოლოდინები ჰქონდა. ივანიშვილის დაბრუნებამ გააჩინა როგორც მინიმუმ ორი კითხვა: ის დაბრუნდა საკუთარი ფინანსური იმპერიის გადასარჩენად, რომელსაც შესაძლოა საფრთხე დაემუქრა საერთაშორისო წრეებიდან, თუ დაბრუნდა იმ მიზეზების გამო, რაც ჩამოთვალა? ალბათ, ორივე ვერსიას აქვს არსებობის უფლება და მხოლოდ პროცესების დინამიკა და მეტი ინფორმაცია გვაჩვენებს თუ რომელი ვერსია უფრო ახლოა სიმართლესთან.
ივანიშვილის გამოსვლის შინაარსმა და პათოსმა სასაუბრო და საფიქრალი დაუტოვა ყველას. ვფიქრობ არ ვიქნები შორს ჭეშმარიტებისგან, თუ ვიტყვი, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც და ისინიც ვისაც „ოცნებაზე“ გული აუცრუვდა მაგრამ ალტერნატივა ვერ ნახა, პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებით ელიან ცვლილებებს, ოღონდ ხელშესახებ და არა ქაღალდებზე დაწერილს.
თუმცა, პარტიის ყრილობაზე ივანიშვილმა საზოგადოებასთან კომუნიკაციის მისეული მეთოდი აირჩია. მოვლენების რეტროსპექტიიული ანალიზიდან ის იმ პრობლემებზე გადავიდა, რომლებმაც პოლიტიკაში მისი დაბრუნება განაპირობეს. შესაბამისად, ივანიშვილის მიერ დასახელებული პრობლემების ჩამონათვალიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ რის შეცვლას შეეცდება ის.
მეტი სიზუსტისათვის, პრობლემების თავად ივანიშვილისეულ ინტერპრეტაციას მივყვეთ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ „ხელისუფლების შიგნით დაიწყო ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი დაპირისპირება, რაც გასცდა პოლიტიკური გუნდისთვის მისაღები დემოკრატიულობისა და აზრთა სხვადასხვაობის საზღვრებს.“
ეს განცხადება ფაქტიურად არის ძალიან მძიმე დიაგნოზი პარტიისათვის და „ქართული ოცნების“ იმ ლიდერების ლუსტრაცია, რომლებიც საზოგადოებას დაჟინებით უმტკიცებდნენ, რომ პარტიაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა. შესაბამისად, სრული უფლება გვაქვს ეჭვით მოვეკიდოთ ამ ლიდერთა განცხადებებს, რომ ივანიშვილის დაბრუნებისთანავე პარტიაში სიტუაცია დალაგდა და დაპირისპირება აღმოიფხვრა. ის რომ დაპირისპირებული მხარეები მწვავე საჯარო განცხადებებს აღარ აკეთებენ, სრულიადაც არ არის დაპირისპირების აღმოფხვრის ინდიკატორი. პარლამენტში კიდევ არაერთი მწვავე და საჩოთირო საკითხია განსახილველი, რომლებზედაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურად და მსოფლმხედველურად ჭრელ შემადგენლობას ბუნებრივად ექნება განსხვავებული პოზიციები. ამიტომაც, პარტიის კონსოლიდაციისათვის ივანიშვილს ახალი მოკავშირეები შეიძლება დასჭირდეს. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ გამოწვევებს თავი ვერ გაართვა და ესეც არის ერთგვარი სიგნალი მოსალოდნელი ცვლილებების. ინსტიტუციური წესრიგის აღდგენა, რასაც ხშირად უკიჟინებენ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას,“ მხოლოდ ამ ინსტიტუციებში შესაბამისი ახალი და უფრო ეფექტური საკადრო რესურსის მიყვანით არის შესაძლებელი.
„ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი სახელისუფლებო კონსტრუქცია ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა მდგრად ინსტიტუციურ და იდეურ საფუძვლებზე მდგომ მექანიზმად. შესაბამისად, ის მოწყვლადია მძლავრი პოლიტიკური და სოციალური რყევების მიმართ. ეს თავად „ქართულ ოცნებაშიც“ იციან და ეს დაადასტურა პარტიის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარის გიორგი კვირიკაშვილის ფაქტობრივმა აღიარებამ, რომ „ქართული ოცნება ვერ ჩამოყალიბდა გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალად.“
ამავე დროს ივანიშვილი იძულებული იქნება მოკლე ვადიან პერსპექტივაში შეძლებისდაგვარად შეინარჩუნოს პარტიაში ძალთა ურთიერთშეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების ბალანსი, რისი ერთ ერთი დასტურიც გახლავთ ახალი პოლიტსაბჭოს უაღრესად დაბალანსებული შემადგენლობა. ვიდრე სიტუაციას საბოლოოდ და უმტკივნეულოდ არ დაალაგებს, ივანიშვილს ნამდვილად არ სჭირდება პარტიაში დისიდენტური კერების გაჩენა.
თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში პოლიტიკური საქმეები ძირითადად, ყოველ შემთხვევაში აქამდე, მაინც არასაჯარო, კულუარულ სივრცეში წყდებოდა პროცესში სხვადასხვა პოლიტიკური მოთამაშეებისა და ინტერესთა ჯგუფების ვიწრო წრის მონაწილეობით. თუმცა, პოლიტიკური კონიუნქტურისგან თავისუფალ და ხალასი ტიპის სახალხო აქტივობას, მარტივად შეუძლია დაანგრიოს კულუარრებში აწყობილი ხელისუფლების გადანაწილების სქემები და სომხეთის ბოლოდროინდელი მოვლენები ამის კარგი მაგალითია.
პოლიტიკაში მისი დაბრუნების მეორე მიზეზად ივანიშვილმა „ოპონენტებისგან მომდინარე უკიდურესად დესტრუქციული მუხტი,“ „ანტიდემოკრატიული რევანშის წყურვილი,“ „დესტრუქციული ქმედებებით“ ძალაუფლებისთვის ბრძოლა და ოპოზიციისაგან მართული „სიცრუისა და პროპაგანდის მანქანა“ დაასახელა. ექს-პრემიერმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ „ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ უპასუხა ამ გამოწვევას.“
გამოდის, რომ ოპოზიცია (აქ მოიაზრება „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფები), ჯერ კიდევ იმდენად ძლიერია რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება გახდა აუცილებელი მათი და გავლენების გასანეიტრალებლად. ივანიშვილის ეს განცხადება, კიდევ ერთი ლუსტრაციაა მმართველი პარტიის ზოგი ლიდერის, რომლებიც საზოგადოებას არწმუნებენ, რომ „ნაცმოძრაობა“ „აღარ წარმოადგენს რისკ-ფაქტორს“ ქართულ პოლიტიკაში.
თუ პრობლემის ივანიშვილისეულ ხედვას გავიზიარებთ, მაშინ „ქართულ ოცნებასა,“ და მთავრობაში გარკვეული საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები უნდა მოხდეს, რადგანაც როგორც ჩანს, არსებული კადრებითა და სტრუქტურებით ოპოზიციის პრობლემასთან გამკლავება ვერ ხერხდება. ამას გარდა, სავარაუდოდ მოხდება ოპოზიციისა და მისი სტრუქტურებისადმი მმართველი გუნდის დამოკიდებულების გამკაცრება. თუ რა შინაარსს და ფორმას მიიღებს ეს დემოკრატიის ჩარჩოებიდან გაუსვლელად, უახლოეს მომავალში ვნახავთ.
პოლიტიკაში დაბრუნების მესამე მიზეზად, ივანიშვილმა „ობიექტურად არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა“. თუმცა, ისევე როგორც სხვა სფეროში, ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებთან გამკლავება განახლებული ადამიანური რესურსის გარეშე ძნელად თუ მოხერხდება. თუნდაც მამუკა ბახტაძის საინტერესო და ინოვაციურ ინიციატივებს სამეწარმეო გარემოს გაჯანსაღებაზე, ადგილებზე ეფექტური მენეჯმენტი ესაჭიროება.
დამკვირვებელთა უმრავლესობის შეფასებით, ივანიშვილის გამოსვლაში არ ჩანდა ცვლილებების მზაობა. შესაბამისად, ივანიშვილმა უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ოპონენტები შეცდნენ.