„საქართველო ისეთ საწვავს მოიხმარს, რომელსაც ძირითადად აფრიკის ქვეყნები იყენებენ“

„საქართველო ისეთ საწვავს მოიხმარს, რომელსაც ძირითადად აფრიკის ქვეყნები იყენებენ“

მას შემდეგ, რაც „ენ-დი-აი“-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლორა ტორნტონმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომ საქართველოში მცხოვრები ადამიანების სისხლში ზომაზე მეტი რაოდენობის ტყვია აღმოჩნდა, შესაბამისი სამსახურები დაფაცურდნენ. უკვე გადაწყდა, რომ სექტემბრიდან ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით კვლევა ჩატარდება, რაც ასე კომპლექსურად არასდროს ჩატარებულა.

ლორა ტორნტონის თქმით, საქართველოში შემოსული საწვავი უნდა კონტროლდებოდეს, რადგან საქართველო ისეთ საწვავს მოიხმარს, რომელსაც ძირითადად აფრიკის ქვეყნები იყენებენ.

რა კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში საკუთარი მოსახლეობა დაიცვან ტყვიისა და სხვა მომწამვლავი ნივთიერების შემცველი საგნებისა და პროდუქტებისგან?! ამის შესახებ For.ge-ს „ანტიკორუფციული კავშირის“ ხელმძღვანელი გიორგი ბურჯანაძე ესაუბრა.

ცალკეული სტრუქტურები ცდილობენ, საკუთარ სფეროში დანაშაული მიჩქმალონ და ტყვიის შემცველობის გამო საფრთხეები სხვაგან გადაამისამართონ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ტყვიის შემცველობა ევროპულ დონეს 5-ჯერ ჩამოუვარდება, ასევე, გამორიცხავენ საწვავში ტყვიის არსებობას და მიზეზს ჩინურ უხარისხო სათამაშოებში, საღებავებსა და სუნელებში ეძებენ. მაინცდამაინც უცხოელმა უნდა გააკეთოს საგანგაშო განცხადება, რომ საქართველოში ტყვიის მატების გამო აფორიაქდნენ?

- უკვე წლებია ვსაუბრობთ ერთ პრობლემურ საკითხზე, როგორიცაა კვების პროდუქტების უხარისხობა. იმ განათლებულ ხალხს, რომლებიც ევროპაშია ნამყოფი, არ აკმაყოფილებთ საქართველოში წარმოებული, თუ იმპორტირებული პროდუქციის ხარისხი. დაახლოებით რამდენიმე წლის წინ სტუმრები მეწვივნენ საფრანგეთიდან, სუფრა გავუშალე და რატომღაც წვენებზე გაკეთდა აქცენტი. უცხოელმა სტუმარმა მითხრა, ამ წვენს ვერ დავალევინებ ბავშვს და ვერც მე დავლევ, რადგან აქ არის საშიში შემადგენლობა.

უცხოელმა სტუმარმა საიდან იცოდა, რომ სასმელი საშიში იყო?

- სანამ ბავშვს დაუსხამდა აღნიშნულ სასმელს, მანამდე გაეცნო ეტიკეტზე მითითებულ შემადგენლობას და გამოიტანა დასკვნა, რომ მისი შემადგენლობა მრავალი დაავადების განვითარების წყაროს წარმოადგენდა. ეს ნიშნავს, რომ განვითარებული ქვეყნების მომხმარებელი კარგად ინფორმირებულია იმ ქიმიურ-ბიოლოგიური ელემენტების შესახებ, რომლის შემადგენლობასაც ისინი საკვები პროდუქტებისგან ღებულობენ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, წაიღოს ლაბორატორიაში პროდუქცია, კვლევა ჩაატაროს და თავად დარწმუნდება, რომ საკვები პროდუქტის ხარისხი არ კონტროლდება შესაბამისი სამსახურების მიერ. როდესაც ჩვენ ასეთი სახის განცხადებას ვაკეთებთ, მინიმუმ, ვიღაცას კითხვა ხომ უნდა გაუჩნდეს და კვლევა ჩაატაროს აღნიშნულ სფეროში? ამის გადამოწმების უფლება აქვთ სახელმწიფო სამსახურებს, მაგრამ არ ამოწმებენ, რადგან პროდუქტის უხარისხობა, უვარგისობა ათბობს ვიღაცის ჯიბეებს. ესენი არიან პარლამენტარები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები, სხვადასხვა სისტემაში მომუშავე კორუმპირებული ადამიანები, რომლებიც იმპორტირებული პროდუქტების შემოტანას ეწევიან საქართველოში. მათ ჩაკლეს ადგილობრივი ბაზარი. გარწმუნებთ, დღეს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ხელმძღვანელი თავის შვილს არ აჭმევს მის მიერვე წარმოებულ პროდუქტს. ეს იმიტომ, რომ არ არის ის ხარისხი, რაც უნდა იყოს. ამიტომაცაა ბავშვებსა და ზოგადად საზოგადოებაში დაავადებების სიმრავლე.

როგორც ვიცი, თქვენ ყავაშიც აღმოაჩინეთ ტყვია.

- ამ რამდენიმე წლის წინ ყავაში ტყვია აღმოვაჩინეთ. თუმცა ამის პასუხად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დამიდო შპს „მულტიტესტის“ დასკვნა, თითქოს აღნიშნული შემადგენლობა დასაშვები ყოფილა. თურმე დასაშვები ყოფილა რუბიდიუმის, ცეზიუმის, კადნიუმის, სტრონციუმის, ტყვიის შემცველობა ყავაში და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს მაშინ, როდესაც ამის გამო განგაში ატეხეს ამ კუთხით მომუშავე ცალკეულმა ორგანიზაციებმა.

რომელ ყავაზეა საუბარი?

- ნებისმიერი ყავა, რომელიც საქართველოში შემოდის, საეჭვოა. გარწმუნებთ, თუკი ვინმე უცხოეთში ანალოგიური ბრენდის ყავას მიირთმევს, დღე და ღამესავით განსხვავდება თუნდაც მარტო არომატით. სასმელს მგრძნობელობით ვაგემოვნებთ და ვხვდებით, რომ ეს ის ყავა არ არის, რაც უცხოეთში დავლიეთ. ალბათ, ყველას შეგვიმჩნევია, რომ საქართველოში ყავის მოყვარულები დღის განმავლობაში სვამენ, სიტყვაზე, 20 ჭიქა ყავას. ამ დროს ჩავსულვართ იტალიაში, საფრანგეთში და, მაქსიმუმ, დაგვილევია მხოლოდ სამი ჭიქა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ყავის კოფეინის შემადგენლობა და ის შემადგენლობა, რომელიც ორიგინალურ ყავას გააჩნია, ორგანიზმში ისეთ გარემოს ქმნის, რომ მეტი ყავა არ მოგინდება. საქართველოში კი ყოველ ერთ საათში სამსახურშიც და სხვაგანაც გამუდმებით გვესმის, ყავა, ყავაო. ეს მაშინ, როცა ყავაში რუბიდიუმი, ცეზიუმი, კადნიუმი, სტრონციუმი, ტყვია, რადიაციული ნივთიერებებია, მეტი რაზე უნდა ვილაპარაკოთ?

საქართველოში თითქმის ყოველდღიურად ონკოლოგიური ან სხვა სახის სამედიცინო დაწესებულებები იხსნება. თანაც, იხსნება ისე ხშირად, როგორც ბენზინგასამართი სადგურები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ გარემო ჯანსაღი აღარ არის, ვგულისხმობ საკვები პროდუქტების გარემოს. დღეს საქართველოში, სადაც მოტიტვლებულია მინდორ-ველი, ხვნა-თესვას თავი დავანებეთ და დამოკიდებულნი ვართ თურქულ, ბერძნულ, ირანულ პროდუქტებზე, საერთოდ გაირყვნა ეს ბიზნესი. ადამიანს ურჩევნია, წავიდეს და იყიდოს მომწამვლავი პომიდორი და საკუთარი პროდუქცია აღარ მოიყვანოს, რაც გაცილებით ძვირი უჯდება. ეს საგანგაშოა.

ჩვენ გვახსოვს, ცალკეული მეწარმე პარლამენტარები საქართველოში შემოტანილი უვარგისი პროდუქციის მავნებობაზე აქტიურად საუბრობდნენ. დღეს ეს თემა რატომღაც მინელდა.

- სხვათა შორის, სწორედ ამაზე აკეთებდა ზოგიერთი პარლამენტარი განცხადებას, რომ საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის დიდი ნაწილი უვარგისი და საკვებად გამოუსადეგარი იყო. ეს მათი დიდი დანაშაულია, რომ დღეს ისინი ამაზე ხმას აღარ იღებენ. როდესაც ამაზე კანონმდებელი, პარლამენტარი ღიად ლაპარაკობს, სხვა ცივილიზებულ ქვეყანაში სერიოზული რეაქცია მოჰყვებოდა ამას სამართალდამცავთა, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. საერთაშორისო ორგანიზაციებიც აყვებოდნენ ამას, მაგრამ ასე არ ხდება საქართველოში, რადგან ყველა პარლამენტარს თავისი ბიზნესი აქვს.