ბათუმში მდებარე სასტუმრო, სადაც რამდენიმე თვის წინ ხანძარი გაჩნდა და 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხვალ სახელმწიფოს მიერ დაიხურება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი „ლეოგრანდის“) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა.
სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმრო და სამორინე „ველმონდში“ სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს (დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი) სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა ამ დრომდე არ შესრულებულა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სპეციალისტების დასკვნით, შენობაში არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რაც ხანძრის შემთხვევაში, შენობაში მყოფ ადამიანებს არ უტოვებს უსაფრთხო ადგილას ევაკუაციის შესაძლებლობას.
„გასული წლის ხანძრის შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა დაღუპვის ძირითადი მიზეზი, სწორედ კვამლსაწინააღმდეგო სისტემების არარსებობა გახდა. კვლავ ვერ ხერხდება სამშენებლო კონსტრუქციების ცეცხლმედეგობისადმი დადგენილი ნორმების რეალიზება, რაც ხანძრის შემთხვევაში ცეცხლის სწრაფად გავრცელების საშიშროებას ქმნის. ეს დარღვევების მცირედი ჩამონათვალია, რომლის გამოსწორებისთვის სასტუმროს ადმინისტრაციას არაერთხელ მიეცა გონივრული ვადა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ჯერ კიდევ 1 თვის წინ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სასტუმროსთვის ექსპლუატაციის შეჩერება. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა.
გამომდინარე იქიდან, რომ სასტუმრო ამ დროისთვის, კვლავ იღებს სტუმრებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმროს ადმინისტრაციას აძლევს ვადას, 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე მოახდინოს შენობიდან სტუმრების გამოყვანა და შეწყვიტოს საქმიანობა“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
„ველმონდის“ ადმინისტრაცია კი ამტკიცებს, რომ სასტუმროს ადმინისტრაცია საგანგებო სიტუაციების სამსახურთან მოლაპარაკების რეჟიმშია. კითხვაზე თუ რატომ არ ასრულებს „ლეოგრანდის“ მენეჯმენტი რეკომენდაციებს, სასტუმროს იურისტმა პასუხის გაცემა არ ისურვა.
„ამ ეტაპზე თავს შევიკავებ დეტალებზე საუბრისგან. ვართ მოლაპარაკების აქტიურ რეჟიმში და შესაძლოა, ახლა საუბარმა მოლაპარაკების პროცესს ავნოს“, - განაცხადა კახაბერ წერეთელმა.
პარალელურად სასტუმროს ადმინისტრაცია ითხოვს, ტურისტული სეზონის დასრულებამდე მუშაობის უფლება მისცენ. ისინი ამზადებენ წერილს, რომლითაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიმართავენ.
„სასტუმრო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილება და სამართლებრივ ჩარჩოებს არ გასცდება. როდესაც გადაწყვეტილება აღსრულდება, მთავრობის შესაბამისი დადგენილება გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მივმართოთ თხოვნით თავად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სასტუმრო დაუშვან დროებით ექსპლუატაციაზე. ეს დოკუმენტი მზადდება და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ახლა - ტურისტული სეზონის პიკში დახურვა, გამოუსწორებელი შედეგის მომტანი იქნება. არის შესაძლებელი, რომ დროებითი ექსპლუატაციის ნება მოგვცენ“, - განაცხადა წერეთელმა.
კიდევ უფრო მტკიცე განცხადებას აკეთებს სასტუმროს გენდირექტორი ალპერტ პინარი. მისი თქმით, „ველმონდში“ ყველაფერი წესრიგშია.
„რაც შეეხება სახანძრო უსაფრთხოების ზომებს, სასტუმროს მხრიდან მართლაც დაცულია. ტექნიკური დეპარტამენტის პერსონალი და დაცვის დეპარტამენტის პერსონალი 24 საათის განმავლობაში სასტუმროში იმყოფება. ამ დროისათვის სასტუმროში 300-მდე დამსვენებელია და უსაფრთხოდ არიან“, - განაცხადა პინარიმ.
ჯერჯერობით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პოზიცია შეუვალია. დაიხურება თუ არა ერთ-ერთი ყველაზე საფრთხის შემცველი სასტუმრო პარასკევს დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.