„ამ ხელისუფლებისთვის ერთადერთი დადებითი სტაბილური საერთაშორისო ურთიერთობებია“

„ამ ხელისუფლებისთვის ერთადერთი დადებითი სტაბილური საერთაშორისო ურთიერთობებია“

მმართველი გუნდის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გაცხადება კარგა ხნით გაჭიანურდა. დღემდე დავობენ, რას მოიგებს და წააგებს მმართველი გუნდი ამ კანდიდატურის დასახელებით. თუმცა საინტერესოა, იქნებ, არის კიდევ სხვა გარემოებებიც, რაც სალომე ზურაბიშვილის დასახელებას აყოვნებს? ამის შესახებ For.ge კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილს ესაუბრა.

ავთანდილ დემეტრაშვილი: მიუხედავად ჩემი დიდი სიმპათიისა ამ ქალბატონის მიმართ, სალომე ზურაბიშვილი თუკი დასახელდა, იგი მაინც იდენტიფიცირებული იქნება, როგორც მმართველი გუნდის კანდიდატი. სხვათა შორის, ერთი საინტერესო საკითხია, ცოტა ხნის წინ დამირეკეს საფრანგეთიდან და ირკვევა, რომ მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტასა და მოქალაქეობიდან გასვლას, სულ ცოტა, 6 თვე მაინც სჭირდება. დაჩქარებული პროცესი თუ იქნა, ეს პროცედურა შეიძლება, 3 თვეც გაგრძელდეს.

მაშინ, რისი იმედი აქვს სალომე ზურაბიშვილს?

- არ ვიცი. ალბათ, კიდევ სხვა პროცედურებიც არსებობს. მე ვთხოვე ფრანგ კოლეგას, დამიზუსტოს ეს ყველაფერი.

სალომე ზურაბიშვილის გარდა, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ლადო ჭანტურიას პრეზიდენტობაზეც იყო საუბარი, მაგრამ მან უარი განაცხადა. ეტყობა, ამ დაულაგებელ ქვეყანაში საქართველოს პრეზიდენტის სავარძელს დიდი ხიბლი არ აქვს.

- რა თქმა უნდა, უარი განაცხადა, რადგან ლადო ჭანტურია ევროსასამართლოში ათი წლით არის არჩეული მოსამართლედ.

და გაცილებით მაღალი ანაზღაურება აქვს, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტს?

- მარტო ხელფასში არ არის საქმე, აქ გვყავს 6 წლით არჩეული პრეზიდენტი, მეორე ვადით არჩევა კი თითქმის გამორიცხულია.

როგორც კონსტიტუციონალისტი, როგორ უყურებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტის მთავარ ამპლუად დიპლომატიურ არეალზე გამოცდილება სახელდება? დიპლომატობა იმდენად მნიშვნელოვანია პრეზიდენტისთვის, რომ არჩევანი მხოლოდ ამის მიხედვით უნდა გაკეთდეს?

- 2018 წელს არჩეულ პრეზიდენტს ძალიან მაღალი ლეგიტიმურობის ხარისხი ექნება. კონკურენტუნარიანი გარემო არსებობს. არის ძველი კანდიდატურებიც, რომლებსაც ყველა საპრეზიდენტო არჩევნებში მიუღიათ მონაწილეობა მხოლოდ მონაწილეობისთვის, რათა საკუთარი თავი წარმოაჩინონ. პარალელურად, გამოჩნდნენ ახალი სახეებიც, მაგალითად, ალეკო ელისაშვილი, სალომე ზურაბიშვილი. თუმცა სალომეს წინა საპრეზიდენტო არჩევნებშიც უნდოდა მონაწილეობის მიღება, მაგრამ მაშინ უარი უთხრეს ორმაგი მოქალაქეობის გამო. ძალიან მაღალი ლეგიტიმურობის ხარისხი ექნება ახლანდელ პრეზიდენტს და ხალხის სახელით ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.

მე არ ვამბობ, რომ მას გააჩნია დიდი საკანონმდებლო უფლებამოსილებები, მაგრამ ახალი რედაქციის მიხედვითაც კი, ვეტოს უფლება გააჩნია. წელიწადში ერთხელ იგი მოხსენებით უნდა წარდგეს პარლამენტის წინაშე, მას შეუძლია ამ მოხსენების დროს პარლამენტს გარკვეული პოლიტიკური კურსი შესთავაზოს, არის საკადრო საკითხებიც და ა.შ. ეს ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი პოლიტიკური კონფიგურაცია შეიქმნება. ცხადია, უფრო ძლიერი იქნება პრეზიდენტი, თუკი ის მმართველი გუნდის მიერ იქნება წარდგენილი და არჩეული. ნაკლებად ძლიერი იქნება, თუ ოპოზიციური სპექტრიდან შეარჩევენ.

ხელისუფლების განაწილებაში სამი კომპონენტია. ერთია განცალკევება, მეორეა შეკავება-გაწონასწორება და მესამეა-თანამშრომლობა. თანამშრომლობის ელემენტი იქნება ძალიან ძლიერი, თუკი პრეზიდენტი მმრთველი გუნდის კანდიდატი გახდება, ხოლო შეკავება-გაწონასწორების ელემენტი იქნება უფრო ძლიერი, თუ ოპოზიციის კანდიდატი გაიმარჯვებს.

ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების ალბათობას უშვებთ?

- ოპოზიციის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რადგან „ქართული ოცნებისთვის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ არჩევნებში გამარჯვება, ვინაიდან „ენ-დი-აი“-ს ბოლო კვლევებს თუ გადავხედავთ, მაინცდამაინც დიდი ნდობა მოსახლეობის მხრიდან მმართველი გუნდის მიმართ არ არის გამოცხადებული. წარმოიდგინეთ, თითქმის ყველა მონაცემებით, ერთი მესამედიც კი არ უჭერს მათ მხარს.

ჩვენს ამომრჩეველს არც ერთი პარტია არ მოსწონს. ასეთი ვითარება არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ გამოჩნდეს მესამე ძალა, რომელიც დღემდე ვერაფრით გამოჩნდა?

- სად არის ეს ძალა, ან საიდან უნდა გამოჩნდეს? მაგალითად, ელისაშვილი აქტიური ბიჭია, თითქოს დამოუკიდებელიცაა, მაგრამ, თუ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ მას არ დაუჭირა მხარი, მარტო ძალიან გაუჭირდება. ვიღაცამ ხომ უნდა მისცეს თანხა, რომ წესიერად ჩაატაროს საარჩევნო კამპანია? ახალი სახე ელისაშვილიც აღარ არის. არც დათო უსუფაშვილია ახალი. დათომ ყველა შესაძლებლობა მოსინჯა.

საინტერესოა, ახლა რისი იმედი აქვს დავით უსუფაშვილს, როცა 2016 წელს არჩევნებში წაგების შემდეგ ის აცხადებდა, „დიახ, ჩვენ ცოტანი ვართ!“ ტრადიციულად, „რესპუბლიკელებისწარსულს თუ გადავხედავთ, ისინი 2%-საც ვერ იღებდნენ არჩევნებში. მონაწილეობა მონაწილეობისთვის გამართლებულია?

- დათოს ცოტა სხვა მიზნები აქვს, იგი ემზადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ბოლო ადგილობრივ არჩევნებში მას საკმარისი წარმატება ჰქონდა. სამაგიეროდ, ნათელაშვილს ყველა არჩევნებზე თავისი ერთგული ამომრჩეველი ჰყავს და 3-5% ყოველთვის განაღდებული აქვს. 2020-ში ჩვენ უკვე ვიხილავთ ნათელაშვილს საქართველოს პარლამენტში, რადგან საარჩევნო ბარიერი 3%-იანი იქნება.

უცხოეთშიც არ იციან, ვინ ჰყავთ პოლიტიკოსებად, მაგრამ ეს კარგი ცხოვრების გამო ხდება, ჩვენთან კი პირიქითაა, ხალხი პროტესტს უცხადებს მმართველ ელიტასაც, ოპოზიციასაც. რა შეიცვალა ჩვენს საზოგადოებაში, დაიმსახურეს ხელისუფალთ და ოპოზიციონრებმა ასეთი დამოკიდებულება ელექტორატის მხრიდან?

- მძიმე სოციალური ფონია. ასევე, მნიშვნელოვანია ბოლოდროინდელი ფაქტიც - გიორგი კვირიკაშვილის ფაქტორი. ხალხმა დაკარგა ნდობა მმართველი პარტიის მიმართაც. თუ ადრე ძირითად თეზისად ეკა ბესელიას ჰქონდა, რომ ჩვენ შეიძლება ცუდები ვართ, მაგრამ „ნაციონალები“ უარესები იყავითო, ახლა გამოდის, რომ ყველაფერი შეიძლება დავაბრალოთ შიდა ჯგუფს, რომელსაც კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა. ასეთი ტენდენცია არსებობს. ამითაც უცრუვდება ხალხს იმედი. ამ ხელისუფლებისთვის ერთადერთი დადებითი სტაბილური სახელმწიფოებრივი ცხოვრება და სტაბილური საერთაშორისო ურთიერთობებია. ჩემს შვილს ვუთხარი, შეგიძლია, მითხრა, ამ ხელისუფლებაში ერთი დიდი რომელიმე პროექტი თუ განხორციელდა? იუსტიციის სახლი უზარმაზარი პროექტია, საჯარო სამსახურში ეს წინგადადგმული ნაბიჯი იყო, რომელსაც დღემდე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან სწავლობენ. არც ერთი ასეთი დიდი პროექტი, თუნდაც ლაზიკა, ბათუმი არ შესთავაზა „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას. უბრალოდ, სტაბილური, მდორე სახელმწიფოებრივი საქმიანობა მიმდინარეობს. სხვათა შორის, მე მომწონს „ოცნების“ საგარეო პოლიტიკა, რომელიც დასტაბილურებულია, არც ერთ მხარეს არ ვაღიზიანებთ, არც მეორეს. ნატო-ში შესვლა, მე მგონი, არ გვეღირსება, მაგრამ კარგი ურთიერთობა ნამდვილად გვაქვს შეერთებულ შტატებთან. შესაძლოა, ცხოვრება ისე უარესად არ არის, როგორც „რუსთავი-2“ ხატავს, მაგრამ არის უარყოფითი ელემენტებიც სოციალურ ცხოვრებაში.

საქართველოში ჩატარებული ყოველი არჩევნების მიმართ საზოგადოების ნიჰილიზმი საყოველთაო შინაგან პროტესტში ხომ არ გადაიზრდება და არჩევნების ყუთთან მისული ამომრჩეველი სანთლით ხომ არ გახდება საძებნელი?

- ასეთ პროცესებს მე არ ველი. მოახლოვდება არჩევნები და იმ ადამიანების რიცხვი, ვინც არ მივა არჩევნებზე, შემცირდება. დაახლოებით 60-65% ამომრჩეველი მაინც მივა. ეს ცოტა ნამდვილად არ არის, ეს მოსახლეობის უმრავლესობაა. რეალურად, საარჩევნო კამპანია არც დაწყებულა. ის, რომ ვაშაძე კოცნის ბავშვებს და ეფერება მოხუცებს, ეს ჯერ არ არის საარჩევნო კამპანია. მთავარ აქტორს, მმართველ გუნდს, საარჩევნო კამპანია ჯერ არ დაუწყია. მით უმეტეს, თუ სალომეზე უარი თქვეს და საკუთარი კანდიდატურა დაასახელეს, მაშინ მთელი ფინანსური, ადმინისტრაციული რესურსი ახალი კანდიდატურისკენ იქნება მიმართული.

როგორც წესი, ნიჰილისტურ არჩევნებში მმართველი გუნდი იმარჯვებს, მაგრამ უღირს კი ასეთი არჩევნების ჩატარება და ასეთი გამარჯვება მმართველ გუნდს, როცა წარმატება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მიიღწევა და ამომრჩეველს სულაც არ სურსარჩეულიხელისუფალი?

- რეალისტები ვიყოთ, განა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც დემოკრატიის შუქურაა, არ არსებობს ადმინისტრაციული რესურსი? განა იქ არ იყენებს ამ რესურსს მმართველი გუნდი? რა თქმა უნდა, იქ ნაკლებად იყენებენ ასეთ რესურსს, მაგრამ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში, ნაკლებად დემოკრატიულ ქვეყნებში (საბერძნეთში, იტალიაში) მმართველი გუნდი იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. ამიტომ სამოქალაქო საზოგადოებაზეა დამოკიდებული, არ მისცეს მათ ამ რესურსის გამოყენების საშუალება.