„C ჰეპატიტის მკურნალობა ბოლო წლების მედიცინის დიდ გარღვევად ითვლება“

„C ჰეპატიტის მკურნალობა ბოლო წლების მედიცინის დიდ გარღვევად ითვლება“

ქვეყანაში 80 ათასი ადამიანია C ჰეპატიტით ინფიცირებული და ამის შესახებ არაფერი იცის. ამიტომ 2020 წლამდე უნდა გამოვლინდეს ყველა ის ადამიანი, ვისაც C ჰეპატიტის ვირუსი აქვს და არ იცის.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ეს ვირუსი შეიძლება ატარო და მერე მოულოდნელად გაგიჩნდეს ციროზი და ღვიძლის კიბო. ამიტომ აუცილებელია, ადამიანებმა სკრინინგის პროგრამა გაიარონ.

„ამ ვირუსის მორჩენა პრობლემა აღარაა. ვინც იცოდა მის შესახებ, ყველა მორჩა“, - გვაიმედებენ მედიკოსები.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნად ითვლება. რა განაპირობებს ასეთ რისკიანობას, ამის შესახებ For.ge მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს უნივერსიტეტის სრულ პროფესორს ოთარ თოიძეს ესაუბრა.

რატომ ითვლება საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების კერად და რამდენად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ შეიძლება 80 ათას ჩვენს მოქლაქეს აღმოაჩნდეს C ჰეპატიტი?

- არსებობს დაავადებები, რომლებიც ორგანიზმში ისე მიმდინარეობს, რომ ადამიანმა მათ შესახებ არაფერი იცის. ამ შემთხვევაში C ჰეპატიტს ვგულისხმობ. მაგალითად, არის ნევროლოგიური დაავადება - ეპილეფსია, როდესაც ადამიანს შეტევები აქვს და გარკვეულმა პროცენტმა ამის შესახებ შეიძლება არც კი იცოდეს, ან სულაც სხვა დაავადება ჰქონდეს და ეგონოს, რომ ეპილეფსია აქვს. ასე რომ, თუ შესაბამის კვლევას არ ჩაიტარებენ, ცალკეული დაავადებები მიმდინარეობს ფარულად და ერთ დღესაც იფეთქებს კლინიკური გაშლილი სურათი. ეს მედიცინაში ცნობილი ფაქტია. ისიც ცნობილია, რომ ინფიცირებიდან გადის გარკვეული პერიოდი, ერთი, ორი, ზოგჯერ სამი კვირაც და ამის შემდეგ იწყება გამონაყარი, სიცხე. ამას ჰქვია დაავადების ლატენტური პერიოდი.

ეს ციფრი, 80 ათასი როგორ გამოთვალეს?

- ძალიან მარტივია ამის დათვლა. თუ 1000 ადამიანს ჩავუტარებთ გამოკვლევებს და ვნახავთ, რომ 1000-დან ერთს აქვს კონკრეტული დაავადება და დანარჩენს არ აქვს, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს დაავადება მილიონი კაციდან 100 კაცს ექნება. ეს სამედიცინო სტატისტიკის მეთოდითაა დამუშავებული და დიდი სიზუსტით ასახავს ქვეყანაში ამა თუ იმ დაავადების გავრცელების მაჩვენებელს, თუკი წინასწარ შერჩევითი ჯგუფი სწორად იქნება შერჩეული. ახლა ძალიან მოდაშია „ენ-დი-აი“-ს გამოკვლევები, იმის მიუხედავად, სარწმუნოა, თუ არასარწმუნოა მისი კვლევა, ისინი ყველა ადამიანს არ ეკითხებიან აზრს, არამედ ეკითხებიან შერჩევით ჯგუფს, სხვადასხვა ასაკის, პროფესიის ადამიანებს, ეკითხებიან სხვადასხვა ადგილებში და დროის განსხვავებულ პერიოდში. აქედან საშუალო მაჩვენებელი გამოჰყავთ. ასევე გამოიყვანება დაავადების საშუალო მაჩვენებელიც. ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი საკმაოდ მაღალკვალიფიციურია ეპიდემიოლოგიურ კვლევებში და უკვე რამდენიმე ათეული წელიწადია, ამის გამოცდილება აქვთ. მით უმეტეს, ეს პროექტები ხორციელდება უცხოელ კოლეგებთან ერთად.

თუკი სხვა ქვეყნებში არ არის ამ დაავადების ასეთი მაღალი მაჩვენებელი, მაშინ პრობლემა ჩვენს მოსახლეობაშია?

- ზოგადად, ეს კულტურის მაჩვენებელია. არაფერს ვამბობ უბრალო ხელის დაბანასა და ელემენატრულ რამეებზე. ჩვენს საზოგადოებრივ ჯანდაცვაში განათლების დონე დაბალია.

გულისხმობთ იმას, რომ თავის დროზე არ მივდივართ ექიმთან?

- თუნდაც ავიღოთ ეს ფაქტი. თავის დროზე ექიმთან მისვლა ჯანდაცვითი კატეგორია და, ამავე დროს, კულტურის ელემენტია. ეს თუ იცის ადამიანმა და არ მიდის ექიმთან, ეს ნახევრად დანაშაულია, თუ არ იცის და არც მიდის, მაშინ ეს ექიმებისა და სახელმწიფოს დანაშაულია, რადგან ბავშვებს არასწორად ვზრდით. სკოლის რამდენმა მოსწავლემ იცის, რომ უნდა გაიხეხოს კბილები? ვინმე ამას ასწავლის? ჩვენს დროს კვირაში სამჯერ შემოდიოდენ სკოლებში, გვიმოწმებდნენ ყურებს, თმებს, მხედველობას და მარტო ამით არ შემოიფარგლებოდნენ. ახლა ეს ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ კულტურაც დაიკარგა. შედარებით კარგად იცის ხალხმა შიდსთან დაკავშირებული ძალიან სახიფათო საკითხები, ასევე, უკეთ იციან C ჰეპატიტის შესახებ, რადგან ტელევიზიით ლაპარაკობენ ამაზე, მაგრამ სრულიად არაფერი არ ვიცით სხვადასხვა მდგომარეობის შესახებ, ცალკეული დაავადებები არის საზოგადოებაში, მაგრამ არაფერი ვიცით მათ შესახებ.

C ჰეპატიტს თუ აქვს რაიმე სიმპტომი, რომ ადამიანი მიხვდეს, სჭირს თუ არა ეს დაავადება?

- რამდენადაც ვიცი, არ არის ასეთი სიმპტომი. ვინაიდან ჰეპატიტი ღვიძლის ანთებაა, მას ახასიათებს მადის დაქვეითება, გახდომა, შესაძლებელია, მცირე ტკივილიც ახლდეს. ეს ისეთი არასპეციფიკური სიმპტომებია, რომ სხვა დაავადებებსაც ახასიათებს.

ბოლო პერიოდში აჟიოტაჟი გამოიწვია თურქეთის კლინიკაში მომუშავე პირის მოსაზრებამ, თითქოს საქართველოში განხორციელებული C ჰეპატიტის პროგრამის ბენეფიციარებს მკურნალობის შემდეგ სიმსივნე უვითარდებათ, რაც ჩვენმა ჯანდაცვის სამინისტრომ კატეგორიულად უარყო. საუბარია მედიკამენტებზე - ჰარვონსა და სოფოსბუვირზე, რომლებიც საქართველოს გარდა მთელ მსოფლიოში გამოიყენება.

- ეს განცხადება აბსურდად მეჩვენება. ისეთი წამალი, რომელიც სპობს ინფექციას და აჩენს სიმსივნეს, არ მეგულება. მე არ ვიცი, ეს წამლები სადაურია და რომელ ქვეყანაშია დარეგისტრირებული. თუ ეს მედიკამენტები მთელ მსოფლიოში გამოიყენება და ამერიკისა და ინგლისის წამლის სააგენტოების მიერ არის ნებადართული, ასეთ შემთხვევაში, უსაფრთხო უნდა იყოს. განა სიმსივნეს სიგარეტი არ იწვევს? სხვა დროსაც ყოფილა ასეთი შემთხვევები, მახსოვს, იყო გარკვეული წამლები აპრობაციაში და, როგორც წესი, ასეთი კონტრშეხედულებები გამიზნულად ვრცელდებოდა ხოლმე - კურდღლებად გიყენებენ, რაღაცას ცდიან თქვენზე, მავნეა, იმ ქვეყანაში ვერ გაიყიდა კონკრეტული წამალი, ამიტომ ჩვენთან ასაღებენ. ეს ჩვეულებრივი ზღაპრებია. ამიტომაც არსებობს ჯანდაცვის სამინისტრო, რომ ამას მკაცრად მიაქციოს ყურადღება. ჯანდაცვის სამინისტრო პასუხისმგებელია მედიკამენტებზე და სათუო წამლებს არ აიღებს თავის თავზე. ეს შეუძლებელია.

C ჰეპატიტის მკურნალობა ბოლო წლების მედიცინის დიდ გარღვევად ითვლება, მართლაც წარმატებით იკურნება ეს დაავადება?

- ეს მსოფლიოში უნიკალური მოვლენაა და ამიტომ ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ ექსპერიმენტი ტარდება საქართველოზე. ის, რომ საქართველოს ეხმარებიან ამ დაავადების ელიმინაციაში, მათთვისაც სახელია, რადგან პირველი ქვეყანა ვიქნებით, სადაც ეს დაავადება სრულიად აღმოიფხვრება, თუ ასეთი მავნებლური განცხადებები არ გავრცელდება. კიდევ ერთ შემთხვევას გავიხსენებ, საშვილოსნოს ყელის კიბოს აცრა რომ უტარდებოდათ გოგონებს, სანამ ისინი იყვნენ ქალიშვილები 12-13 წლამდე, ისინი მთელი ცხოვრება დაზღვეულნი იყვნენ გენიტალური მიდამოს ორგანოს სიმსივნის განვითარებისგან. თუმცა ასეთმა კონტრპროპაგანდამ ჩააგდო ეს პროექტი და ის გოგონები, რომლებმაც არ აიცრეს, დარჩნენ სიმსივნის განვითარების რისკის ქვეშ. მაშინაც უფასო პროგრამა იყო, ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო თითოეული აცრა ფანტასტიკური თანხა ჯდებოდა, მაგრამ მაშინდელმა პრესამ (ვისი დაკვეთით, არ ვიცი) შეძლო ის, რომ დაახლოებით 6 წლის წინ ის პროგრამა ჩავარდა საქართველოში. მაშინაც გავრცელდა, რომ ეს მავნეა, რადგან მედიკამენტებს უფასოდ რატომ მოგვცემენო.