მასაჟი ძროხებს აბედნიერებს

მასაჟი ძროხებს აბედნიერებს

ზურგის მოფხანის შესაძლებლობა ძროხებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, როგორც საკვები, - წერს გერმანული Der Spiegel-ი.  

ვანკუვერში, ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა ვარაუდზე დაფუძნებული სამოტივაციო ტესტი. ვარაუდი მდგომარეობდა შემდეგში: რაც უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავს ცხოველი კონკრეტული რესურსის მოსაპოვებლად, მით უფრო მნიშვნელოვანია ის მისთვის.

ექსპერიმენტის დროს, ძროხებს უნდა გაეხსნათ კარი, რათა მისულიყვნენ საკვებამდე ან ჯაგრისამდე. ამასთან, კარი შეიძლებოდა ხელოვნურად დაემძიმებინათ, რათა მისი გაღება ცხოველს გაჭირვებოდა. რაც უფრო მძიმდებოდა კარი, მით უფრო რთულდებოდა მისი გაღება. ამასთან, რაც უფრო რთულდებოდა გაღება, უფრო მეტი მოტივაცია უნდა ჰქონოდა ძროხას. ექსპერიმენტში 10 მეწველი ძროხა მონაწილეობდა.

კვლევამ აჩვენა, რომ ძროხამ ისეთივე მნიშვენლობა მიანიჭა ჯაგრისამდე მიღწევას, როგორც საკვების მოპოვებას. ეს ადასტურებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცხოველებისთვის ჯაგრისები, რომლითაც ისინი ბეწვს ივარცხნიან და პარაზიტი/მწერებისგან თავისუფლდებიან. გამოცემა დასძენს, რომ ჯაგრისები ძროხების განწყობაზეც დადებითად მოქმედებს და სტრესთან გამკლავებაში ეხმარება, ასევე დადებითად აისახება ცხოველების პროდუქტიულობაზე - ისინი უფრო მეტ რძეს გამოიმუშავებენ.