„რუსებს მობეზრდათ ალყაშემორტყმულ ციხესიმაგრეში  ცხოვრება“

„რუსებს მობეზრდათ ალყაშემორტყმულ ციხესიმაგრეში ცხოვრება“

აგვისტოს ომიდან10 წლის თავზე, ოფიციალური რუსეთი ისევ იმუქრება. ოკუპანტი ქვეყნის პრემიერ–მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატო-ში საქართველოს შესვლას შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.

„საქართველოს ნატო–ში შესვლამ შესაძლოა, საშინელი კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს. გაუგებარია, ვის რაში სჭირდება ეს?“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

შეგახსენებთ, რომ მედვედევის განცხადებამდე, ანალოგიური განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა აშშ–ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ. ვლადიმერ პუტინმა ღიად განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება. კრემლის შეშფოთების მიზეზი 12 ივლისს ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებაა, რომელმაც დაადასტურა ალიანსის მზაობა, თავის რიგებში საქართველო მიიღოს, თუმცა კონკრეტული თარიღი გენერალურ მდივანს არ დაუსახელებია.

მედვედევის მუქარაში სიახლეს არ ხედავს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნი, თენგიზ ფხალაძე, რომლის განცხადებით, რუსეთის პრემიერის განცხადება ადასტურებს, რომ ბრიუსელის სამიტის შემდეგ რუსეთი სერიოზულად ეკიდება საქართველოს ნატო–ში გაწევრიანების პერსპექტივას.

„რუსეთი ცდილობს, განავითაროს ის მითი, თითქოს, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია, შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს რაიმე ტიპის დესტაბილიზაციასთან. უპირველეს ყოვლისა, ვიტყვი, რომ რაზეც მეტყველებს და მოწმობს ეს განცხადება არის ის, რომ რუსეთში, განსაკუთრებით, ნატო–ს ბრიუსელის სამიტის მერე განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდებიან საქართველოს ნატო–ში გაწევრიანების პერსპექტივებს“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ხულორდა ამბობს, რომ პრემიერ მედვედევს განსხვავებული არაფერი უთქვამს. დეპუტატის განცხადებით, რუსეთის გააქტიურება გამომდინარეობს იქიდან, რომ საქართველოს ნატო–სთან ურთიერთობების გზაზე დიდი პროგრესი აქვს.

„ეს დაახლოება აღიზიანებს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს და სწორედ ამას უნდა მივაწეროთ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მწვავე განცხადებები. ჩვენ არჩევანი გაკეთებული გვაქვს, ეს არის ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანი. ჩვენი არჩევანი არის დემოკრატია, სტაბილურობა, მშვიდობა, მყარი ინსტიტუტები და ამის მიღწევა შესაძლებელია სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანების რა პრესპექტივა აქვს საქართველოს – „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, ზურაბ აგლაძე for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, რომ პრაქტიკულად, 2–3 წლის პრესპექტივაში, შეიძლება უფრო მეტიც, საქართველო ნატოს წევრი ვერ გახდეს. შესაბამისად, ამის ფონზე საუბარი იმაზე, რომ საქართველო საშინელ კონფლიქტს მიიღებს, არის შანტაჟის ენა, რასაც ხშირად მიმართავენ რუსი პოლიტიკოსები.

„როცა მედვედევი ამბობს, რომ შეიძლება მივიღოთ საშინელი კონფლიქტი, რა კონფლიქტი უნდა მივიღოთ? ვინ უნდა ჩაერთოს ამ კონფლიქტში? ვინ უნდა იყოს ინიციატორი? რა თქმა უნდა, რუსეთი იქნება ინიციატორი და რუსეთის ბრალეულობით მოხდება კონფლიქტი. ჯობია, რომ თავის პოლიტიკას და მიდგომებს გადახედონ. ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ და რომელ ორგანიზაციაში გავწევრიანდებით, ეს რუსეთის გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის.

რუსული შანტაჟის მიუხედავად, დასავლეთი გეგმაზომიერად ახორციელებს თავის პოლიტიკას სამხრეთ კავკასიაში, განსაკუთრებით საქართველოში. სტატისტიკას გადავხედოთ, რითი დავიწყეთ წვრთნები და ახლა რა მასშტაბებზე ვართ გასული, ნატოს წევრ და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად. შეადარეთ ერთმანეთს წინა წლების შეიარაღება და სამხედროების რაოდენობა და ახლა რა არის. პროგრესირებადია, იზრდება და ამიტომ, ვფიქრობ, რომ რუსეთს მოუწევს ამ ყველაფერთან შეგუება“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ მედვედევისგან განსხვავებით, ყველაზე სერიოზული იყო ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომ უკრაინის და საქართველოს ნატოში მიღებას ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება. როგორც ცინცაძე აცხადებს, ამავე დროს საკმაოდ საინტერესოა რუსეთში ჩატარებული ბოლო სოციალური კვლევა, სადაც რუსეთის მოსახლეობის 68% აცხადებს, რომ სიმპათიები აქვს ამერიკისა და ევროპისადმი.

„68%–მა დასავლეთის მიმართ აზრი შეიცვალა სანქციების პირობებში. ის, რომ სანქციებს უნდა გაეერთიანებინა რუსეთის მოსახლეობა პუტინის ირგვლივ, დღეს ეს თეზისი არ მუშაობს. სანქციები სანქციებად არის და მოსახლეობის 68%–ს არ სჯერა, რომ ამერიკა და ევროპა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს. ასეთ ვითარებაში რა დარჩა რუსეთს? – მხოლოდ მტრის ხატი – აი, დასავლეთს საქართველო შეჰყავს ნატოში და ეს არის კატასტროფა.

სულ რამდენიმე თვის წინ რუსეთი მოსახლეობა ამერიკას და დასავლეთს მტრად განიხილავდა. დღეს პირიქით ხდება. რუსი სოციოლოგები წერენ, რომ რუსებს მობეზრდათ ალყაშემორტყმულ ციხესიმაგრეში ცხოვრება. ეს გაფრთხილება, რომ თუ ნატო იქნება, ომს დავიწყებთო, უკვე აღარ მოქმედებს“, – აცხადებს სოსო ცინცაძე.

პოლიტილოგი დარწმუნებულია, რომ ტრამპი–პუტინის შეხვედრაზე აუცილებლად იქნებოდა საუბარი საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე და დიდი ალბათობით ტრამპი გარანტიებს მისცემდა პუტინს, რომ გაურკვეველ მომავლამდე საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები ვერ იქნებიან.

„ყველამ იცის, რომ საქართველო არ შევა ნატოში. ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, მეტი ვინ უნდა თქვას. მამაზეციერი ღმერთი იქიდან არ გამოაგზავნის დეპეშას –საქართველო ნატოში არ შევაო, ვინაიდან, განჭვრეტ მომავალში და კიდევ დიდ ხანს საქართველოს ნატოში არავინ არ ელოდება. ეს წვრთნები, სამხედრო სწვალებები ჩვეულებრივი მოვლენაა.

ეს არის დაგეგმილი ღონსძიებები, რომელსაც პუტინი იყენებს იმისათვის, რომ მოსახლეობა კიდევ ფიქრობდეს – მთავარია მშვიდობა იყოს და ყველაფერს ავიტანთ. მაგრამ რუსი მოსახლეობაში უკვე აღარ ჭრის საბჭოთა კავშირის დროინდელი ეს თეზა. ყველას უნდა რუსეთის შეჭმა და ერთია პუტინი, რომელიც იცავს რუსეთს. ნუ ამის არავის არ სჯერა რუსეთშიც კი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო ცინცაძემ.