თუკი არჩევნებამდე ორი თვით ადრე გამოკითხული ამომრჩევლის 74%-მა არ იცის, ვის დაუჭერს მხარს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკოსები აღარავის სჭირდება. მართალია, მმართველი გუნდი თავს იმშვიდებს, რომ „ენ-დი-აი“-ს კვლევა არასანდოა და ამომრჩეველი გააქტიურდება მაშინ, როცა რეალური საპრეზიდენტო კანდიდატები დასახელდებიან, მაგრამ თვალშისაცემია ის ფაქტიც, რომ ყოველი არჩევნები უფრო და უფრო მდორე და უინტერესო ხდება.
თუკი მოსახლეობის უმეტესობას პოლიტიკურ პარტიებთან გაუცხოება აქვს, მაშინ როგორ უნდა დაუბრუნდეს ჩვენს ელექტორატს არჩევნების მიმართ ინტერესი?
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ენ-დი-აი“-ს კვლევა რომც არ ყოფილიყო, ჩვენი ამომრჩეველი აშკარად გულაცრუებულია პოლიტიკური ელიტის მიმართ. ეს არის ნიჰილისტური დამოკიდებულება პოლიტიკური პარტიების, ცალკეული პოლიტიკოსების მიმართ და ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაა.
„ისეთი ნიშნებია, რომ წარმომადგენელობითი დემოკრატიის კრიზისზეც შეიძლება უკვე საუბარი, თანაც არა მარტო ჩვენში, არამედ საზღვარგარეთაც, მთლიანად მსოფლიოში. ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერებაა. ეს ნიშნავს ადამიანების უფრო მეტ ჩართულობას პოლიტიკასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამის გარდა სხვა გზას ვერ ვხედავ. რადგან 74% გადაუწყვეტელი ამომრჩეველი გვყავს, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურ პარტიებსა და სუბიექტებში ვერ ხდება ისეთი კანდიდატებისა და ფიგურების გამორჩევა, რომლებიც პოპულარულნი იქნებოდნენ საზოგადოებაში და ნდობის მაღალი რეიტინგი ექნებოდათ. ანუ ამომრჩეველი ვერ ხედავს ისეთ ფიგურას, რომელთანაც გააიდენტიფიცირებდა საკუთარ ინტერესებს. ამიტომ უშუალოდ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს საშუალება, მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი, რომლის განმარტებითაც, ცხადია, ასეთ პირობებში „ოცნება“ გაიმარჯვებს.
მისივე თქმით, ზოგადად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც ამომრჩევლის აქტივობა დაბალია, აუცილებლად იგებს მმართველი პარტია. ეს კანონზომიერებაა, რადგან მმართველ პარტიას არ უჭირს საკუთარი მყარი ამომრჩევლის (იგულისხმება ბიუროკრატია და მათთან დაკავშირებული ადამიანები) მობილიზება და ამის ხარჯზე არჩევნების მოგება. ასე რომ, ალბათ, ამ არჩევნებშიც ასე მოხდება.
კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ენ-დი-აი“-ს კვლევა ჩატარებულია მანამდე, სანამ 11 პარტია საკუთარ კანდიდატურას დაასახელებდა. მმართველ პარტიას დღესაც არ ჰყავს შერჩეული კანდიდატურა. ამიტომ ასეთი ნიჰილიზმი გასაგებია. მით უმეტეს, რომ პერსონალს გარკვეული მნიშვნელობა აქვს.
„ცხადია, გარკვეული პესიმისტური დამოკიდებულება, უნდობლობა ამომრჩეველთა შორის არსებობს არა უშუალოდ მმართველი პარტიისადმი, არამედ სახელმწიფოსადმი. იცით, შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებში რამდენი პროცენტი იღებს მონაწილეობას? დაახლოებით 30-32%. ამიტომ ეს მონაცემები არ გაგვიკვირდეს, მით უმეტეს, ჩვენთან ახალგაზრდა დემოკრატიაა, პოლიტიკური კულტურის დონე მოსახლეობაში დაბალია, თუმცა არჩევნებისთვის კონკურენტუნარიანი გარემოა შექმნილი. მმართველი პარტია დაასახელებს რომელიმე კანდიდატურას, იქნება ეს დამოუკიდებელი კანდიდატურა, თუ მმართველი პარტიის წარმომადგენელი, და ყველაფერი გამოცოცხლდება.
საქმე მარტივად არ არის. რატომღაც ჩვენ გვგონია, რომ ამომრჩევლები აბსოლუტურად დამოუკიდებელი პიროვნებები არიან, რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებას და აღარ მივლენ არჩევნებზე, რადგან თურმე არ აინტერესებთ უფლებამოსილების არმქონე პრეზიდენტის არჩევა. თუმცა, რეალურად, უშუალოდ არჩევნების წინ ამოქმედდება ხოლმე პარტიული რესურსი, ფინანსური რესურსი, მერე ვიღაცების მოსყიდვაც მოხდება და ამომრჩეველთა რაოდენობა 60-65%-მდე ავა“,-აცხადებს ავთანდილ დემეტრაშვილი.