რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სკანდალურად ცნობილი ამერიკელი მომღერალი რებეკა ბლეკი ახალი მინი-დისკის ჩაწერას ასრულებს.
14 წლის მომღერალი ამჟამად სტუდიაშია ჩაკეტილი და მინი-ალბომზე მუშაობს. ამ ნამუშევარში ხუთი კომპოზიცია შევა და გაყიდვაში 2011 წლის აგვისტოს დასასრულს გამოვა.
ალბომის გამოშვებამდე ნორჩი მომღერალი სინგლს “My Moment”-ს ჩაწერს. ამ ნამუშევარს მისი თაყვანისმცემლები ხუთი დღის შემდეგ იხილავენ.
რებეკა ბლეკის სახელი მუსიკის მოყვარულებისათვის მიმდინარე წლის თებერვლის პირველ ნახევარში გახდა ცნობილი. ამ დროს You Tube-ზე განთავსდა მისი მუსიკალური კლიპი “Friday”.
ამ კომპოზიციამ თავიდანვე დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. პირველი ერთი თვის განმავლობაში ის პოპულარობით არ სარგებლობდა, პირიქით უარყოფითი რეცენზიები უფრო ჰქონდა.
მარტის დასაწყისში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. ეს კლიპი 160 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა და რებეკაზეც მთელი მსოფლიო ალაპარაკდა.
მიმდინარე წლის 17 ივნისს, You Tube-ს ადმინისტრაციამ ეს კლიპი საიტიდან ამოიღო. ამისი მიზეზი გახდა კონფლიქტი ლეიბლთან “Ark Music Factory”.
“Friday”-მ თავად აშშ-ში მშობლების დიდი განრისხება გამოიწვია. ისინი არ იწონებდნენ ამ კომპოზიციაში თინეიჯერი მოზარდების ქცევას.
დღეისათვის You Tube-ზე რებეკა ბლეკის მიერ შესრულებულ “Friday”-ს ვერსად წააწყდებით. განთავსებულია მხოლოდ მისი პაროდიული ვერსიები ან სხვა მომღერლების მიერ შესრულებული ქოუვერ ვერსიები.