საქართველოთი უცხოელები დაუცველი, დაბეჩავებული, დაბალანაზღაურებადი მუშახელის გამო ინტერესდებიან. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებში აცხადებენ, რომ საჭიროა სახელმწიფოებრივი მიდგომა საკუთარი დასაქმებულების დასაცავად. კერძოდ, უცხოურ კომპანიებში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს სოციალური გარანტიები და ანაზღაურება მიახლოვებული მაინც უნდა იყოს იმ ქვეყნებთან, საიდანაც ეს კომპანიები არიან.
რადიო „კომერსანტის“ ინფორმაციით, „აჭარა ტექსტილის“ მენეჯმენტში, რომელიც აჭარაში პუმას ფაბრიკა მართავს აცხადებდნენ, რომ 3-4 თვეში თურქი პარტნიორები აქ გადმოსვლას გეგმავენ. მთავარ მოტივად კი სწორედ საქართველოში არსებული იაფი მუშახელი დასახელდა. „პუმა აჭარაში“ 620 ადამიანია დასაქმებული, ხოლო მათი საშუალო ხელფასი 200-250 ლარია.
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, უცხოელ ინვესტორებს საქართველოში იაფი და უუფლებო მუშახელი იზიდავს.
მისი თქმით, ნებისმიერი უცხოური კომპანია -„ჰაიდელბერგცემენტში“, აჭარაში თურქულ სამკერვალო ფაბრიკებსა თუ სხვა ნებისმიერ უცხოურ კომპანიაში ქართველებს ყველაზე დაბალი ანაზღაურება აქვთ და არანაირი სოციალური გარანტია.
„საქართველო უცხოელებს, ძირითადად, დაბალანაზღაურებადი მუშახელის გამო ხიბლავს. თბილისში ესტაკადის მშენებლობაზე გერმანელები დაასაქმეს, ნახეთ მათ რა ხელფასს უხდიან“, - ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი.
მისი თქმით, პროფკავშირები დასაქმებულების დასაცავად მხოლოდ საკუთარი ძალებით იბრძვიან და სახელმწიფოს მხარდაჭერა არ აქვთ. სხვათა შორის, შრომის კანონზე დისკუსიისას, სადაც ძირითადად დამქირავებლის უფლებებია დაცული, სახელმწიფოს პოზიცია იყო ასეთი, რომ კოდექსს ინვესტორები არ უნდა დაეფრთხოთ.
აქედან გამომდინარე, სუსტი პროფკავშირები მთავრობას სწორედ ინვესტიციების მოსაზიდად სჭირდება. ინვესტორს ლიბერალურ საკანონმდებლო გარემოსთან ერთად ისიც უნდა დაანახოს, რომ საქართველოში დაბეჩავებული, უუფლებო მუშახელია, რომელსაც რასაც უნდათ იმდენს გადაუხდიან, დასჯიან სამსახურიდან გამოაგდებენ და ამაზე მათ პასუხს არავინ მოთხოვს.
ანუ დამსაქმებელს შეუძლია ქართველი საარსებო მინიმუმის შესაბამისი ანაზღაურებით, 200 ლარად ამუშავოს და სხვა არანაირი სოციალური გარანტიები არ მისცეს. იაფიანი მუშახელით შექმნილი პროდუქცია კი საქართველოს არაჩვეულებრივი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ნებისმიერ ქვეყანაში მარტივად გაიტანოს და ძვირად გაყიდოს.
პეტრიაშვილის განცხადებით, ადამიანებს შიშის ფაქტორი აქვთ, რომ თუ პროფკავშირებს შექმნიან მათ სამსახურიდან გაათავისუფლებენ. მაგალითად, იმის გამო, რომ ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკაში პროფკავშირების შექმნა მოინდომეს, თურქმა მეპატრონეებმა ამ მიზეზით 9 ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლა.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ქართულმა სასამართლოებმა დასაქმებულები გაამტყუნეს. ამჯერად, პროფკავშირების დახმარებით საკუთარი უფლებების დაცვის გამო თურქების მიერ გამოგდებული 9ადამიანი სტრასბურგის გზას დაადგა.
„საქართველოში ნორმალური საკანონმდებლო ბაზა, რომ იყოს, დამსაქმებელი დასაქმებულების უფლებების შელახვას ასე მარტივად ვერ შეძლებდა“, - ამბობს პეტრიაშვილი.
ექსპერტების განცხადებით, საქართველოს მთავრობა ლიბერალიზაციაზე ხშირად საუბრობს, თუმცა ქვეყანა ლიბერალური მხოლოდ უცხოელებისთვისაა. ქართველები კი ამ ქვეყანაში მოქმედ კანონებს ხშირად ეწირებიან.
ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, ამგვარი მდგომარეობის მიუხედავად ბრძოლა მაინც ღირს, ვინაიდან არსებობს ისეთი სიტუაციები, როდესაც უცხოელმა მფლობელებმა საკუთარი თანამშრომლების ყოფის გასაუმჯობესებლად ცოტა მაინც დათმეს.
„ჩვენ გვაქვს ერთი გზა მიზნის მიღწევა მხოლოდ აქციებითა და სხვადასხვა სახის საპროტესტო გამოსვლებით უნდა შევძლოთ“, -ამბობს პეტრიაშვილი.
მისი თქმით, ზესტაფონის „ფეროს“ მუშახელის გაფიცვებმა შედეგი გამოიღო და მათი ხელფასი 15-23%-ით გაიზარდა, ასევე შედარებით გაუმჯობესდა სამუშაო პირობები.
რაც შეეხება სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის“, იგი თურქული ინვესტიციით აშენდა. თურქულმა კომპანია „ბითიემტექსტილმა“ პროექტში 7 მილიონი დოლარი ჩადო. „აჭარა ტექსტლში“ მსოფლიო ბრენდების „კენზოს“, „პუმას“, „მანგოს“ და „მექსის“ ტანსაცმელი და აქსესუარები იკერება.
ამჯერად, „აჭარა ტექსტილმა“ „პუმასგან“ მსხვილი შეკვეთა მიიღო, მსოფლიოში ცნობილი ინგლისური საფეხბურთო კლუბის „ნიუკასლის“ ფეხბურთელებისთვის სპორტული სამოსი აჭარაში იკერება. კერძოდ, ხელვაჩაურში მდებარე სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილს“ გერმანულმა კომპანია „პუმამ“ „ნიუკასლისათვის“ 250 ათასი ცალი შორტი და მაისური დაუკვეთა.