„პუტინის ეს განცხადება ფარული მუქარა და ულტიმატუმიც კი შეიძლება იყოს“

„პუტინის ეს განცხადება ფარული მუქარა და ულტიმატუმიც კი შეიძლება იყოს“

„რუსეთი ცდილობს, თავისი მეზობლები, უკეთეს შემთხვევაში, „ნაცრისფერ ზონაში“ იყოლიოს, ხოლო უარეს შემთხვევაში - თავისი ბატონობის ქვეშ“, - აცხადებს „U.S. Atlantic Council“-ის ვიცე-პრეზიდენტი დეიმონილსონი, რომლის განცხადებით, საქართველოს მიერ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე გაწეული ძალისხმევა და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილი, ქმნის სოლიდურ საფუძველს ინტეგრაციის პროცესის შემდგომი განვითარებისთვის, როცა ალიანსმა ქმედით ნაბიჯები უნდა გადადგას.

„მოკავშირეებმა მკაფიოდ უნდა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, რომ გაფართოების გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს მესამე მხარის ვეტო, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის ოკუპაცია ვერ იქცევა დაბრკოლებად წევრობისთვის. სხვებთან შედარებით საქართველომ და უკრაინამ ბევრად მეტი იბრძოლეს ნატოს პრინციპების დასაცავად და ისინი მზად არიან წარმოადგენდნენ ალიანსის მნიშვნელოვან კონტრიბუტორებს. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი თავისუფლების ფლაგმანები არიან და საბოლოოდ უნდა დავუმკვიდროთ მათ ადგილი ალიანსში, რაც ევროპის აღმოსავლეთით მშვიდობის უზრუნველყოფის გარანტიაა“, - განაცხადა დეიმონ უილსონმა.

„U.S. Atlantic Council“-ის ვიცე-პრეზიდენტის ამ განცხადებას, წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მუქარა საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში. Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი საკმაოდ ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას.

„ჩვენთვის ეს ეროვნული უსაფრთხოების პირდაპირი და უშუალო საფრთხეა. ნატო-ს ინფრასტრუქტურის ჩვენს საზღვრებთან გადაადგილება საფრთხეა. შესაბამისად, ჩვენი რეაქცია საკმაოდ ნეგატიური იქნება. ამჟამად ნატო-ს ინფრასტრუქტურა იზრდება, გაზრდილია ნატო-ს სამხედროების რაოდენობა იმ რაიონებში, სადაც ისინი არ უნდა იყვნენ. ეს დესტაბილიზაციის გამომწვევი ფაქტორია. ჩვენს ურთიერთობებში ეს უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა, პრეზიდენტ ტრამპთან ამ თემაზე არ გვისაუბრია“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ აღსანიშნავია, რომ 11-12 ივლისს, ბრიუსელში გამართულ ნატო-ს სამიტზე ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა სამიტის დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება, რამაც კრემლის გაღიზიანება გამოიწვია. საქართველოს გაწევრიანება, რომ რუსულ მუქარაზე არ არის დამოკიდებული, ამის შესახებ სენატორმა ბენ კარდინმა ისაუბრა, რომლის განცხადებით, პუტინმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დამოკიდებულია არა მასზე, არამედ ქართველ ხალხსა და ალიანსის პარტნიორებზე.

„2008 წელს, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში, პუტინს ჰქონდა გათვლა, რომ ეს შერჩებოდა, საერთაშორისო საზოგადოებისგან რეაქცია იქნებოდა მინიმალური. მან ეს განიხილა, როგორც შესაძლებლობა ჩაეშალა საქართველოს გაერთიანება ევროპასთან და ნატოს-თან. ეს პუტინს გამოუვიდა. მან შეძლო ეს პირველი ჩარევის დროს. ვფიქრობ, ეს უნდა გავაცნობიეროთ. მოხარული ვარ, რომ ნატო-ს სამიტმა დაადასტურა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“, - განაცხადა სენატორმა ბენ კარდინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას მუქარად აღიქვამენ თბილისში. საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკანიანის განცხადებით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი ქვეყნის სუვერენული არჩევანია. მინისტრის განცხადებით, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზა აძლიერებს ქვეყანას, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს როგორც თავდაცვის, ისე ეკონომიკური, პოლიტიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულებით.

„ეს არის ის მთავარი პრიორიტეტი, რომელიც ასევე წარდგენილია საქართველოს ახალი მთავრობის ძირითად და მთავარ პრიორიტეტებში. საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზა აძლიერებს ქვეყანას, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს როგორც თავდაცვის, ისე ეკონომიკური, პოლიტიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულებით. ეს არის ქვეყნის პროგრესის და დემოკრატიული გზის მაჩვენებელი.

ძლიერი საქართველო, ქვეყანა, რომელიც არის სტაბილური და თანმიმდევრულად ადგას დემოკრატიული განვითარების გზას, ასევე არის სტაბილურობის გარანტი რეგიონში და ყველა მისი მეზობლისთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი, რომ მას მეზობლად ჰყავდეს ქვეყანა მყარი, განვითარებული სახელმწიფო ინსტიტუტებით, თავდაცვის შესაბამისი განხორციელებული რეფორმებით“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე საუბრობს „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, ზურაბ აგლაძე რომლის განცხადებით, რუსეთი მის ხელთ არსებულ ყველა არსენალს გაოიყენებს საქართველოს წინააღმდეგ. ეს იქნება შიდა არეულობა, თუ ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებიდან მომავალი საფრთხეები.

„თუმცაღა, როგორც ადრე აღვნიშნე, რუსეთი არ არის იმდენად ძლიერი, მას არ აქვს საერთაშორისი მხარდაჭერა. ეს კარგი მხარეც არის და ცუდი მხარეც. კარგი იმიტომ, რომ მას საერთაშორისო არენაზე საკამოდ მკვეთრი გამოხმაურება ექნება, თუმცაღა მეორე მხრივ მას დასაკარგი არაფერი აქვს და ეს ცუდი მხარე ის არის, რომ მეტს ვერაფერს ვერ დაკარგავს, ისედაც იზოლაციაში არის საერთაშორისო საზოგადოების მიერ“, - ამბობს ზურაბ აგლაძე.

კითხვაზე - წავა თუ არა რუსეთი ამ ავანტურაზე, იმ შემთხვევაში, თუ მართლა განლაგდება ნატოს ბაზები საქართველოში და უკრაინაში? - აგლაძე ამბობს, რომ ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა.

„ეს არ მოხდება დღეს და ხვალ. საკმაოდ გრძელვადიანი პერსპექტივაა და ამ პერიოდის განმავლობაში როგორი მდგომარეობა იქნება რუსეთში, იქნება თუ არა პუტინი ხელისუფლებაში, იქნება თუ არა იგივე ფორმაში, როგორც დღეს, ეს არავინ არ ვიცით.

ამ ეტაპზე მხოლოდ განცხადებებია, არც ნატოს ინფრასტრუქტურის განლაგება არ იგეგმება საქართველოში და უკრაინაში. ჯერჯერობით, არც პუტინს არ აქვს იმის საფუძველი, რომ რაღაცა გრანდიოზული გეგმები განახორციელოს ამ სახელმწიფოების წინააღმდეგ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის განცხადება აღმოჩენა არ არის, ეს არის რუსეთს გაცხადებული პოლიტიკა საქართველოს მიმართ. მისი თქმით, რუსეთის პრემიერის, დიმიტრი მედვედევის დოქტრინის მიხედვით კავკასია წარმოადგენს რუსეთის განსაკუთრებული გავლენის ზონას.

„ამიტომ, რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაში გააკეთა მძლავრი სამხედრო წარმოება, განათავსა სერიოზული სამხედრო ძალები და, როგორც ჩანს, რუსეთი ემზადება იმ ადეკვატური რეაგირებისთვის, რომელიც, მისი აზრით, მის წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს - მის საზღვრებთან ნატოს ინფრასტრუქტურის განლაგება, ეს ითვლება სამხედრო საფრთხის შექმნად. რუსეთმა ამის გამო დაიწყო 2008 წელს ომი საქართველოში. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ პუტინის განცხადება, ახალი არაფერი არ თქმულა, განაცხადა ის, რასაც აცხადება საქართველო-რუსეთს შორის ომის დროსაც კი. მაშინდელმა პრეზიდენტმა მედვედევმა პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოში ვეომებოდით არა ქართველებს, არამედ ნატოელებსო.

ბოლო სამიტზე ამერიკამ აჩვენა, რომ მას პრეტენზიები გააჩნია ორ რეგიონზე, ეს არის აღმოსავლეთი, კავკასია და ნაწილობრივ ცენტრალური აზია. ამაზე უნდა ვიფიქროთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რუსეთი ამ სამიტის მერე. პუტინის ეს განცხადება ფარული მუქარა და ულტიმატუმიც კი შეიძლება იყოს“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.