„ტრამპმა დაიწყო რუსეთთან დიდი პოლიტიკური შეთანხმების პარტია, რაც ჩვენს ინტერესებში ნამდვილად არ არის“

„ტრამპმა დაიწყო რუსეთთან დიდი პოლიტიკური შეთანხმების პარტია, რაც ჩვენს ინტერესებში ნამდვილად არ არის“

ამერიკის ისტებლიშმენტი უკმაყოფილებას ვერ ფარავს. ტრამპისა და პუტინის შეხვედრით, ალბათ, მხოლოდ ტრამპია კმაყოფილი, რომელიც რუსეთის ლიდერთან შეხვედრების გახშირებას აანონსებს. ის „ტვიტერის“ საშუალებით პასუხობს ამ შეხვედრით უკმაყოფილო თავდამსხმელებს და აღნიშნავს, რომ აშშ-ის დაზვერვას ეთანხმება, თუმცა აცნობიერებს, რომ ნათელი მომავლის შესაქმნელად წარსულზე ფოკუსირება არ შეიძლება, რადგან აშშ და რუსეთი მსოფლიოს ორი უდიდესი ბირთვული ქვეყანაა.

ფაქტია, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ცეცხლის წვიმები დაატყდა თავს წარმატებას ჩვეულ ტრამპს. მის მიმართ ნეგატიურ შეფასებებს ბოლო არ უჩანს.

თავდაპირველად „ტერმინატორმა“ არ დაინდო დონალდ ტრამპი. მსახიობმა და ყოფილმა გუბერნატორმა დაასკვნა, რომ პუტინთან პრესკონფერენციაზე ტრამპი ისე იდგა, როგორც დოყლაპია პუტინის ავტოგრაფის მოლოდინში.

მაკკეინმაც ჩვეულ სტილში ტრამპის გამოსვლას ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო და ტრაგიკული შეცდომა უწოდა, რადგან ტრამპს პუტინისთვის წინააღმდეგობის გაწევაც არ შეეძლო, ამის სურვილიც არ ჰქონდა, თითქოს ტრამპი და პუტინი ერთი სცენარით მოქმედებდნენ.

„აშშ-ის პრეზიდენტმა მოახდინა კაპიტულაცია მთელი მსოფლიოს დასანახად და გამოიყურება, როგორც პუტინის მიერ დაშინებული“, -ეს პენტაგონის ყოფილი ხელმძღვანელის ჩაკ ჰეიგელის სიტყვებია.

„აშშ-ის ისტორიის მანძილზე არ უნახავს ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ამერიკის ისეთ მოწინააღმდეგეს უჭერდა მხარს, როგორიც პუტინია“, - ეს სენატორ ჩაკ შუმერის შეფასებაა.

მართლაც იყო თუ არა ჰელსინკის სამიტი აშშ-ის საგარეო პოლიტიკისთვის დამანგრეველი? ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ესაუბრა.

ტრამპის სირცხვილის დღე“, - ასე შეაფასა CNN-მა ჰელსინკის შეხვედრა. ამ შეხვედრამ კონგრესმენებიც აღაშფოთა, როგორცდემოკრატები“, ისერესპუბლიკელები“, რომელთა აზრითაც, ტრამპმა გაყიდა ამერიკის დაზვერვა, სასამართლო სისტემა და მთელი ქვეყანა. ასეთი კატეგორიული ტონი იმითაც ხომ არ აიხსნება, რომ ამერიკული მედია და, განსაკუთრებით, „დემოკრატებიარასდროს წყალობდნენ ტრამპს და რუსეთისა და ტრამპის კავშირების შესახებ გამოძიების გაგრძელებას მუდმივად ითხოვდნენ? მართლაც ასეთი დრამატული იყო ეს შეხვედრა და აშკარად ჩანდა პუტინის ზეობა?

- მე ასე დრამატულად არ შევხედავდი ამ შეხვედრას. უბრალოდ, შეერთებულ შტატებში ნოემბერში არის შიდა არჩევნები, რომელიც მნიშვნელოვანი არჩევნებია ამერიკული სისტემისთვის. აქედან გამომდინარე, ლიბერალური ფრთა, ანუ „დემოკრატების“ ფრთა და მათი მედია ჩასაფრებულის პოზიციიდან ყველაფერს გააზვიადებს და შეეცდება, ტრამპის ყველა ნამოქმედარს აგრესიულად შეუტიოს. რაც უნდა მომხდარიყო ამ სამიტზე, ეს წინასწარ იყო დაგეგმილი, რომ „სი-ენ-ენ“-ი და „ვაშინგტონ პოსტი“, ასევე, „ნიუ-იორკ ტაიმსი“ და ეს ჯგუფი ტრამპს მაქსიმალურად შეუტევდნენ. თუ გახსოვთ, ისინი თავიდანვე ამ შეხვედრის გამართვის წინააღმდეგნი იყვნენ და ამას მძიმე დანაშაულად უთვლიდნენ ტრამპს. რაც შეეხება იმ ორიენტირებს, რაც გაცხადდა, პრინციპში, ობიექტურნი რომ ვიყოთ, პუტინი საკმაოდ თავაწეული გამოიყურებოდა ამ პრესკონფერენციაზე. სამწუხაროდ, ეს ფაქტია, თუმცა ტრამპსაც არაფერი წაუგია. სამიტზე არანაირი ისეთი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული, რომ ვინმემ კონკრეტული პრეტენზიები წაუყენოს აშშ-ის პრეზიდენტს.

რესპუბლიკელიშვარცნეგერის გამონათქვამიც ჩვეულებრივ გამონათქვამად უნდა აღვიქვათ?

- ეს არ არის პირველი გამონათქვამი, ტრამპის არჩევის დღიდან ამერიკული ბომონდი, ე.წ. სელებრითები, ლიბერალური მედია, „დემოკრატიული პარტია“, თუნდაც „რესპუბლიკური პარტიის“ გარკვეული ფრთა კონსოლიდირებულნი არიან ტრამპის წინააღმდეგ, როგორც არასისტემური პოლიტიკოსის წინააღმდეგ. მას უცხო სხეულად თვლიან და ამა თუ იმ ინტენსივობით უტევენ. ამით, ფაქტობრივად, ისინი აზიანებენ შეერთებული შტატების ინტერესებს და აგიხსნით, რატომაც. ჩვენ ვიცით, რომ ტრამპი დიდი ხნის განმავლობაში იყო თავდაცვის რეჟიმში, ის თავს იმართლებდა, რადგან, ფაქტობრივად, რუსეთის აგენტობას აბრალებდნენ და დღემდე ბევრი ეჭვს გამოთქვამს, რომ რუსეთს აქვს რაღაც კომპრომატი მასზე და ამით მანიპულირებს. ერთი პერიოდი, ტრამპი იცავდა თავს, მაგრამ ამ თავდაცვამ კარგი არაფერი მოუტანა. ჯერ ერთი, ამით ტრამპი აჩვენებდა სისუსტეს და, მეორეც, რაც უფრო მეტად იცავდა და იმართლებდა თავს, უფრო მეტად დევნიდნენ, ვერაფრით მათი გული ვერ მოიგო. ფსონები იმდენად მაღალია, რომ ახლა ტრამპმა გადაწყვიტა, გადატეხოს ეს სიტუაცია, ანუ რეალურად დაიწყო რუსეთთან დიდი პოლიტიკური შეთანხმების პარტია, რაც ჩვენს ინტერესებში ნამდვილად არ არის, ჩვენ ძალიან სახიფათო ზოლში შევდივართ.

თუ ტრამპის მხრიდან რუსეთთან პრაგმატულ პოლიტიკაში გადასვლაში ვინმეა დამნაშავე, ამაში დამნაშავეა ზუსტად ის ბრიყვული პოლიტიკა, რაც ბოლო პერიოდში ამერიკის კონგრესში ხორციელდება. ფაქტობრივად, მათ უბიძგეს ტრამპს ამ მიმართულებით თავისი შეთქმულების თეორიებით, რასაც უკვე წელიწადნახევარია ვუყურებთ.

რუსეთ-ჩინეთის დაახლოება სულ უფრო მჭიდრო ხდება. ამითაც ხომ არ არის განპირობებული ტრამპის მომეტებული სურვილი, უფრო ხშირად შეხვდეს რუსეთის ლიდერს და ჩამოაშოროს ამერიკის მეტოქედ მიჩნეული ჩინეთი?

- რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების ინტერესებიდან გამომდინარე, ტრამპისთვის სტრატეგიული საფრთხე სწორედ ჩინეთია. გრძელვადიან პოლიტიკაში მთელი თავისი მასშტაბებით, ეკონომიკითა და ძალით, ამერიკის ინტერესებისთვის ძირითად საფრთხეს ტრამპი ხედავს ჩინეთში. გასაგებია, რომ აქ რუსეთი თამაშობს მნიშვნელოვანი მოთამაშის როლს და საინტერესოა, საით გადაიხრება რუსეთი. რომელ მხარესაც რუსეთი დადგება, პრინციპში, ის მხარე ძალიან ძლიერდება. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, ტრამპის მხრიდან დიდი სტრატეგიის ნაწილი იყოს, რამენაირად რუსეთი უფრო ამერიკის მხარეს წაიყვანოს ჩინეთთან გრძელვადიან და სერიოზულ დაპირისპირებაში. ეს უკვე პოლიტიკური ჭადრაკია. გასაგებია, რომ ტრამპს მედია უტევს, მაგრამ ეს არის ზედაპირული გაგება პოლიტიკის, ეს არის წმინდა შიდა პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი. რატომღაც მგონია, რომ ტრამპი მაინც ამოდის შეერთებული შტატების ნაციონალური ინტერესებიდან, რაც ჩვენთვის შეიძლება არაკომფორტული პოლიტიკაც იყოს.

აწყობს კი ტრამპს ამ ეტაპზე, რომ ამერიკა აღარ იყოს თავისუფალი სამყაროს ლიდერი? თავიდან, როცა იგი მოვიდა პოლიტიკაში, მსგავსი განცხადებები გააკეთა, რომ ამერიკას აღარ უნდა შეენახა მთელი მსოფლიო.

- ის მაინც რჩება თავისუფალი სამყაროს ლიდერად. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ახლა ფეხებს აბაკუნებენ, მაინც ვერსად წავლენ ევროპელები. სად უნდა წავიდნენ, როცა მთელი უსაფრთხოების სისტემა, მთელი ფინანსური სისტემა, ყველაფერი აწყობილია შეერთებულ შტატებზე. გასაგებია, ევროპა ახლა ცდილობს, გაიბუტოს. სხვათა შორის, კვირიკაშვილს ჰგავს ევროპა ამ გაგებით, რომელიც გაიბუტა და სახლში გაიქცა, მაგრამ მეტი რა გააკეთა? ვერაფერიც ვერ გააკეთა. აქედან გამომდინარე, ტრამპმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად გათვალა და მიხვდა, რომ ევროპას სხვა გზა მაინც არ აქვს.

უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩევლის - ჯონ ბოლტონის ფიგურასაც შევეხოთ. ფაქტობრივად, ის ითვლებოდა ქორად და კრემლის მკაცრ კრიტიკოსად. როგორ გგონიათ, შეიცვალა მისი მიდგომა რუსეთის მიმართ, რამაც ტრამპზეც იმოქმედა?

- მე ვფიქრობ, ჯონ ბოლტონი ახლაც ქორია, აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც - მაიკ პომპეოც ქორია და შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მათ რუსეთი უცბად შეუყვარდათ. რა თქმა უნდა, არ შეყვარებიათ, რუსეთს ისინი თვლიან სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ, მაგრამ ცდილობენ, ამ წინააღმდეგობას და თუნდაც ამ ომს რაციონალური საფუძველი დაუდონ. რწმენის ფორმა კი არ მისცენ, ბოროტისა და კეთილის შერკინების პრიზმაში კი არ უყურებენ ამას, არამედ უყურებენ აშშ-ის ნაციონალური ინტერესების პრიზმაში, ანუ უყურებენ ცივი გონებით.

ვიცით, რომ ტრამპი კარგი მოვაჭრეა. ამ ინტერესებში თუ არის ეკონომიკური სფეროს ადგილი?

- ნამდვილად არის. თუნდაც იმავე ენერგეტიკულ სფეროში ტრამპის აქტიურობა რუსეთთან მიმართებით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით მისი ხისტი და აგრესიული პოზიცია, ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ ამ დიდ ვაჭრობაში ენერგომატარებლების თავისი ლუკმა მიიღოს რუსეთის შელფზე. საბოლოო ჯამში, მისი სტრატეგია მორგებულია იმაზე, რომ რუსეთმა ეძებოს კომპრომისი ამერიკული კომპანიების მადის დაკმაყოფილებაში რუსული ენერგომატარებლებით, მაგრამ ეს ძალიან რთული საკითხია. მე შემიძლია ამაზე მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვა. მიმაჩნია, რომ იმ პოლიტიკას, რასაც ტრამპი ატარებს, აქვს არსებობის უფლება.