„პუტინმა, როგორც გამოცდილმა ჩეკისტმა კარგად დაიჭირა ტრამპის პოზიცია და კიდევ ერთი მესიჯი გამოუშვა საქართველოს მისამართით“

„პუტინმა, როგორც გამოცდილმა ჩეკისტმა კარგად დაიჭირა ტრამპის პოზიცია და კიდევ ერთი მესიჯი გამოუშვა საქართველოს მისამართით“

პუტინის მხრიდან მუქარის ტონის შემცველმა განცხადებამ ქართველი პოლიტიკოსები შორს მიმავალ დასკვნებამდე მიიყვანა, თითქოს ჰელსინკის შეხვედრაზე დონალდ ტრამპი საქართველო-უკრაინის ლობისტი იყო.

თინა ხიდაშელმა ეს მას შემდეგ დაასკვნა, რაც ტრამპი-პუტინის შეხვედრის შემდეგ პუტინმა Fox. News-ზე საქართველოსთვის მოიცალა და კვლავაც მოგვასმენინა მუქარის შემცველი სიტყვები, რომ რუსეთი ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, რადგან ნატო-ს ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან გადაადგილება რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის პირდაპირი და უშუალო საფრთხეა.

პუტინის ამ ნათქვამის განმარტებისას თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ პუტინმა მუქარა დიდი ხანია დაიწყო, ჯერ კიდევ მიუნხენის კონფერენციაზე და დღემდე აგრძელებს. შესაბამისად, საქართველო-უკრაინასთან მიმართებით ბოლოდროინდელი განცხადებაც პუტინს შემთხვევით არ გაუკეთებია ტრამპი-პუტინის უშუალო შეხვედრის შემდეგ.

„ჩემთვის კითხვები არ არის, რომ ამ შეხვედრაზე საქართველო-უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი დააყენა ტრამპმა. პუტინის განცხადებაში ეს შესაძლებლობა დავინახე, დავინახე პუტინის მიერ საჯაროდ ნათქვამი უარი ტრამპის სავარაუდო შეთავაზებაზე“, - აღნიშნა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

აღსანიშნავია, რომ პუტინის ამ განცხადებას წინ უძღოდა 11-12 ივლისს ბრიუსელში გამართულ ნატო-ს სამიტზე ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების მიერ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების დადასტურება, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება.

თინა ხიდაშელის მსგავსად, დაახლოებით იგივე პოზიცია დააფიქსირა მიხეილ სააკაშვილმაც. მან აღნიშნა, რომ პუტინი ელოდებოდა უკრაინასა და საქართველოში მიტაცებული მიწების ლეგალიზებას, მაგრამ ტრამპს ტერიტორიულ საკითხებში არ დაუთმია. უფრო მეტიც, ტრამპის ადმინისტრაციამ თავის დროზე საქართველოსა და უკრაინას იარაღიც მიაწოდა, რაც წინა ადმინისტრაციას არ გაუკეთებია.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ძალიან უნდა მოინდომო და ძალიან დიდი ოპტიმისტი უნდა იყო, რომ თინა ხიდაშელს დაეთანხმო, თითქოს ჰელსინკის შეხვედრისას ტრამპი საქართველო-უკრაინის დიდი ლობისტი ყოფილა.

„მიხარია, რომ თინა ასეთი ოპტიმისტი გახდა ამ ბოლო დროს. თავად მე ამის საფუძველს ვერ ვხედავ, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრისას საქართველოზე იქნებოდა საუბარი. რაც შეეხება პუტინის მუქარას, რომ რუსეთი ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, პუტინის ამ განცხადებაში სიახლე არ ყოფილა. გასაგებია, რომ რუსი პოლიტიკოსები ასეთ განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ რუსეთმა პირველად გამოთქვა ეს პოზიცია, თუ ბოლოჯერ გამოთქვა? ეს ხომ სტანდარტული რუსული პოზიციაა და ეს რუსებმა რომც არ თქვან, ისედაც გასაგებია. ვინმეს უკვირს, რომ ნატო-ში ჩვენს გაწევრიანებას რუსები აგრესიულად არ შეხედავენ? მე მგონი, 1905 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ეს ისედაც ვიცით“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა და განმარტა, რომ, მართალია, ტრამპის მიერ გატარებულ პოლიტიკას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ეს საქართველოსთვის კარგი არ არის. ჩვენთვის ეს ძალიან სახიფათოა, რადგან, სამწუხაროდ, ამ პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ დიდი გლობალური ვაჭრობის არა სუბიექტად, არამედ ობიექტად.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრისას უკრაინის საკითხი ნამდვილად დაისვა. ისიც ცხადია, რომ უკრაინის შესახებ ტრამპი და პუტინი ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ, სავარაუდოდ, საქართველოსთან მიმართებით ორი ქვეყნის ლიდერს კონსენსუსი ისედაც ექნება, რადგან ტრამპს საქართველო არ აინტერესებს. ეს ინტერესი აქვთ მხოლოდ „ნეოკონებს“, რომლებიც ჯერჯერობით აკონტროლებენ სენატს და სახელმწიფო დეპარტამენტს, ხოლო რეალურად ტრამპის ინტერესი საქართველოს მიმართ ნულია.

„საქართველოს ბედი ტრამპს არ ანაღვლებს. ჯერ ერთი, იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპს ცუდად მოექცა მიხეილ სააკაშვილი. ამერიკის ლიდერს გააჩნია ცუდი შთაბეჭდილება საქართველოსთან მიმართებით. მეორეც, ტრამპი არ თვლის, რომ საქართველო ამერიკისთვის პრიორიტეტია. ეს ჩანდა კიდეც, როცა ამერიკაში ჩავიდა კვირიკაშვილი, ის კვირიკაშვილს არ შეხვდა და, მე მგონი, კვირიკაშვილი შეხვდა მხოლოდ მის მრჩეველს. რამდენადაც ვიცი, ტრამპი არც ერთ ქართველ პოლიტიკოსს არ შეხვედრია. ბრიუსელშიც კი ტრამპი არ შეხვდა მარგველაშვილს, როცა მარგველაშვილი დადიოდა, ოხუნჯობდა და თავს იქცევდა, როგორც არასერიოზული პოლიტიკოსი. რაც შეეხება პუტინს და მის მუქარას საქართველო-უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, უბრალოდ, პუტინმა გადაამღერა საკუთარი სამხედრო დოქტრინა, რომ ნატო-ში ჩვენს გაწევრიანებას არ დაუშვებს. ეს არის რუსეთის სტრატეგიული დოკუმენტი, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია. პუტინს არაფერი უცნაური არ უთქვამს“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

მისივე მოსაზრებით, პუტინი კიდევ ერთხელ მიხვდა, რომ ტრამპს საქართველო და კავკასია არ აინტერესებს. შეიძლება, მათ შეხვედრისას საქართველოს თემაზე თავი არც შეიწუხეს, ან გაკვრით ეს საკითხი წამოსწიეს კიდეც, მაგრამ პუტინმა, როგორც გამოცდილმა ჩეკისტმა და მზვერავმა, ძალიან კარგად დაიჭირა ტრამპის პოზიცია საქართველოსთან მიმართებით. და, რახან ტრამპს ჩვენი ქვეყანა არ აინტერესებს, პუტინმა კიდევ ერთი მესიჯი გამოუშვა საქართველოს მისამართით.