„მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი არ იქნება მიღწეული“; „მაღაროელთა სიცოცხლის დაზღვევა უნდა გაიზარდოს“; „ამდენი ხალხის დაღუპვა მთლიანად საქართველოს პრობლემაა, დამსაქმებელმა უნდა გაიღოს გარკვეული ხარჯი“; „შახტების უსაფრთხოება ფუნდამენტურად უნდა გადაიხედოს“, - ასეთი კატეგორიულები იყვნენ მინდელის მაღაროში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ უმრავლესობის წევრები. თუმცა, სანამ ამ მოკლე პერიოდში მსგავსი ტრაგედიის წინაშე მეორედ არ დავდექით, ასეთ ერთსულოვნებას არავინ იჩენდა. ტყიბულელები კი დამსაქმებლის კეთილსინდისიერების ამარად იყვნენ მიტოვებულნი.
რა მოხდა კონკრეტულად მინდელის მაღაროში? ამის შესახებ For.ge-ს საქართველოს პროფკავშირების შრომის დაცვის ინსპექტორი ნიკა კაკაშვილი ესაუბრა.
ნიკა კაკაშვილი: ტრაგედია უკავშირდება იმას, რომ შახტებში უსაფრთხოების ნორმების სისტემატური დარღვევა ხდება. ჯერ ისედაც შახტა მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებს შორის პირველ ადგილზეა. გაცილებით მეტი საფრთხის ფაქტებია შახტებში, ვიდრე თუნდაც მაღაროში. იქ მუდმივი კონტროლი, მონიტორინგია საჭირო. გარდა იმისა, რომ იქ არის ბუნებრივი საფრთხეები, სამთო დარტყმა და სხვა, ამას ემატება კიდევ ადამიანური გადაცდომები, რეგლამენტის დაუცველობა, რომლითაც რეგულირდება შახტებში სამუშაო პროცესი. მოკლედ, ზერელე დამოკიდებულებაა შახტის შიგნით. სხვათა შორის, ასეთი შემთხვევები უფრო მოსდის კვალიფიციურ პერსონალს. რატომღაც საკუთარ თავში არიან დარწმუნებულნი, რომ მათ არაფერი მოუვათ. ამას გარდა, ადმინისტრაცია სათანადოდ არ რეაგირებს, ეს არის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ბრალიც. როდესაც ბრიგადის წევრი არღვევს შრომის უსაფრთხოების წესებს, ამის მკაცრი კონტროლი არ ხორციელდება ადმინისტრაციის მხრიდან და ეს იწვევს ასეთ უბედურ შემთხვევებს.
კონკრეტულად რას ნიშნავს წესების დარღვევა, რომ მეშახტეები გარკვეული აღჭურვილობის გარეშე არ უნდა ჩადიოდნენ შახტაში?
- იქ ბევრი ფაქტორია. მაგალითად, საამფეთქებლო სამუშაო როცა სრულდება, თავშესაფარში უნდა შევიდნენ. არის ფაქტები, როდესაც არ შედიან თავშესაფარში და ზემდგომი ბრიგადის ხელმძღვანელი, ცვლის უფროსი არ აკონტროლებს ამას. მეორე მომენტია, იქ მუდმივად ხდება მეთანის გამოტყორცნა, მეთანის კონცენტრაციის ზრდა. 5%-ს რომ ასცილდება მეთანის კონცენტრაცია, 5-დან 15%-მდე უკვე არის ფეთქებადი ზღვარი. ჩვენი ჩარევის შემდეგ, რაც ჩვენ მოვიწვიეთ უკრაინელი ექსპერტები, ახლახანს დააყენეს სტაციონარული აირის ანალიზატორები, თუმცა ეს იყო ერთ-ერთი ჩვენი რეკომენდაცია, რომელიც გაითვალისწინეს. მანამდე ჰქონდათ სამაჯურის ანალიზატორები, ხელზე ეკეთათ, ზოგს უმუშავებდა, ზოგს არა, სტაციონარული ანალიზიტორები კი, რომელიც მუდმივ რეჟიმში აფიქსირებს მეთანის კონცენტრაციას, მანამდე არ იყო.
ეს ნიშნავს, რომ სტაციონარულმა ანალიზიტორებმა არ იმუშავა?
- ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამან არ იმუშავა. შეიძლება, აქ მეთანი არაფერ შუაში ყოფილიყო. ისიც შეიძლება, მეთანი დასაშვებ ზღვარზე ყოფილიყო და ტრაგიკული შემთხვევა არასწორად წარმოებულ საამფეთქებლო სამუშაოს გამოეწვია. ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია, რამ გამოიწვია აფეთქება- მეთანის აფეთქებამ, არასწორად წარმოებულმა საამფეთქებლო სამუშაომ, თუ ორივემ კომპლექსურად. ანუ, როდესაც აფეთქება ხდება, იქ ქანების ჩამოსვლა ხდება და ქანებში დაგროვილია მეთანი. შეიძლება, აფეთების დროს მეთანის გამოტყორცნა მოხდეს და კომპლექსურად იყოს დიდი აფეთქება.
160 მილიონი დოლარის შემოსავალი ჰქონდა შახტების მფლობელ კომპანიას, რატომ არ აისახებოდა ეს მეშახტეებსა და მათ უსაფრთხოებაზე?
- ისინი დღესაც ამბობენ, ზარალზე ვმუშაობთ და ნებისმიერ დროს მზად ვართ, მაღარო დავხუროთო.
ეს ხომ არ არის ფარსი, რადგან წამგებიანი რომ იყოს წარმოება, აქამდეც დახურავდნენ.
- ცხადია, აქამდეც დახურავდნენ, მე მათ ბუღალტერიას არ ვიცნობ, მაგრამ ეს რომ მომგებიანი არ იყოს, ძალით აქამდე არ იმუშავებდნენ. მით უმეტეს, ტრაგიკული შემთხვევები ხშირია და გამუდმებით თავის მართლების პოზიციაში არიან. თუკი ზარალზე მუშაობდნენ, ვინ ატანდა ძალას? გაყიდდნენ აქამდეც ამ კომპანიას, მსურველები სხვებიც იქნებოდნენ. ეს არგუმენტი მიუღებელია. ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები არ არის. თუ არ განვითარდა იქ სხვა ეკონომიკური მიმართულებები, არაფერი გამოვა. ახალი სამუშაო ადგილები თუ არ გაჩნდა, მაშინ შახტის დახურვის შედეგად რამდენიმე ოჯახი სარჩოს გარეშე დარჩება.
ვინ უნდა გადაწყვიტოს, ღირს თუ არა ტყიბულის შახტებმა მუშაობა გააგრძელონ, თუკი არც ერთი მხარე არ ენდობა ერთმანეთის ექსპერტებს?
- უცხოელმა ნეიტრალურმა ექსპერტებმა უნდა შეისწავლონ ადგილზე ვითარება. ჩვენს ექსპერტებს არ ენდობიან, რადგან დასაქმებულთა ინტერესებს იცავთო. ჩვენ კი დამსაქმებლების ექსპერტებს არ ვენდობით. ჩემი ინფორმაციით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ერთ-ერთ ფირმასთან გააფორმა ხელშეკრულება. როცა გარიგება მოხდება, ისინი ჩამოვლენ და შეაფასებენ სიტუაციას, რამდენად შესაძლებელია, შახტის შემდგომი რეაბილიტაცია ისე, რომ რისკების შემცირება მოხერხდეს. თუ ეს ვერ ხერხდება, მაშინ უნდა მოხდეს შახტის კონსერვაცია. დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ექსპერტთა დასკვნას მხედველობაში მიიღებენ და ამის მიხედვით იმოქმედებენ, ან დახურავენ და სხვა ალტერნატიულ სამუშაო ადგილებს შექმნიან. თუ არადა, მოხდება შახტის რეაბილიტაცია, რომ რისკები ქვედა დონეზე დავიდეს. არ შეიძლება, შახტა გაჩერდეს და ეს ხალხი სახსრების გარეშე დარჩეს. სანამ გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, მანამდე მთავრობამ უნდა უზრუნველყოს იქ დასაქმებულები იმ ანაზღაურებით, რასაც მანამდე იღებდნენ. გააჩნია, ეს შახტა რამდენ ხანს დაიხურება და თანხას რა პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურებენ მეშახტეებს.
სარისკო პირობების მიუხედავად, ამ ადამიანებს მაინც სურთ მუშაობა შახტებში?
- უმუშევრობას ნამდვილად ურჩევნიათ შახტაში მუშაობა. უფრო მეტ უკმაყოფილებას გამოთქვამენ, თუკი შახტა დაიხურება, რადგან თითქმის ყველას აქვს კრედიტი აღებული.
სხვა ქვეყნებშიცაა შახტები, მაგრამ ამდენი ტრაგედია, ალბათ, იშვიათად ხდება. მარტო ქართველი მეშახტეები არიან დაუცველნი?
- შახტა ყველგან მაღალი რისკის შემცველი ობიექტია, თუმცა უკრაინელი ექსპერტებიც რომ იყვნენ საქართველოში ჩამოსულნი, აქ ბევრი დარღვევა ნახეს. მათი მიზანი არ იყო მხოლოდ კონკრეტული შემთხვევის გამოკვლევა, მათ დაწერეს რეკომენდაციები, რა ღონისძიებები უნდა გაეტარებინა ადმინისტრაციას რისკების შესამცირებლად. უკრაინაში ეს წესები დაცულია. საქართველოში კი ძალიან ბევრი დარღვევა მოხვდათ თვალში.