გუშინ ფინეთის დედაქალაქში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შედგა.
„რუსეთი და აშშ საერთო გამოწვევებსა და რისკებს უპირისპირდებიან. საჭიროა ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება. მოსკოვსა და ვაშინგტონს საერთო სურვილი აქვთ, ურთიერთობები აღადგინონ“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
აშშ-ს პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ „დიპლომატია და ურთიერთქმედება უკეთესია, ვიდრე კონფლიქტი და დაპირისპირება, ხოლო მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი მსოფლიოს ინტერესებს პასუხობს“.
შეხვედრა არაერთგვაროვნად შეფასდა მსოფლიო ლიდერების მხრიდან, მათი ნაწილი თვლის, რომ ეს იყო აშშ-ს კომპრომისი, თუმცა, მაგალითად, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი არ მიიჩნევს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გუშინდელ შეხვედრაზე სერიოზულ დათმობებზე წავიდა.
„შესაძლოა, ერთი პრეზიდენტი, ჩვენი აღმოსავლელი მეზობელი ზეწოლას ახორციელებდა აშშ-ს პრეზიდენტზე დათმობის მიღების მიზნით, თუმცა, ამგვარი დათმობა არ შემიმჩნევია არც ყირიმის რუსეთზე მიერთების, არც უკრაინაში ომის კონტექსტში“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა კი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ როგორც რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრამ ცხადყო, გლობალური პრობლემების გადაჭრა მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება.
„შეხვედრა ჰელსინკში იმის სიგნალია, რომ გლობალური გამოწვევების გადაჭრა მხოლოდ დიალოგის გზითაა შესაძლებელი. ორი ზესახელმწიფოს თანამშრომლობის გაფართოება აუცილებელია, განსაკუთრებით ბირთვული განიარაღებისთვის და სირიაში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრისთვის, უსაფრთხოების სფეროში ისრაელის ინტერესების შენარჩუნებით“, - განაცხადა სებასტიან კურცმა.
რამდენად მნიშვნელოვანი იყო მსოფლიო ლიდერთა ეს შეხვედრა და რამდენად გამოიკვეთა შექმნილი სიტუაციის უფრო მკაფიო კონტურები, ამ თემაზე ექსპერტი, თამარ კიკნაძე გვესაუბრება.
თამარ კიკნაძე: სურათი ბოლომდე ნათელი ვერ იქნება, რადგან ეს იყო მოლაპარაკება, რომელსაც თარჯიმნების გარდა არავინ ესწრებოდა. თუმცა ერთობლივ პრესკონფერენციაზე თვალშისაცემი იყო კეთილგანწყობა. საინტერესო იყო ერთი მომენტი - მოგეხსენებათ, ტრამპს პრობლემებს უქმნის ის ფინანსური ფგუფი, რომელსაც ჰილარი კლინტონი წარმოადგენს და პუტინმა საკმაოდ ღიად ილაპარაკა, როგორ იშოვა ამ ფინანსურმა ჯგუფმა „შავი ფული“ და დახარჯა შემდეგ კლინტონის საარჩევნო კამპანიაში - ასე ვთქვათ, ერთგვარი კოზირი მისცა ტრამპს.
კიდევ ერთი დეტალი - თვალს ვადევნებდი ირანის ტელევიზიას, სადაც ძალზე პოზიტიურად გაშუქდა ეს შეხვედრა - როგორც ჩანს, საერთო ტენდენციაა, რომ თუ მოხდება ამ ორი სახელმწიფოს მოლაპარაკება, ეს იქნება ძალიან კარგი. დღეს ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესია და ყველა ის კატაკლიზმა, რაც ხდება, სწორედ ამ მიზეზით არის გამოწვეული. თუკი რაიმე მკაფიო სურათი გამოიკვეთება, ასეთ შემთხვევაში მსოფლიოც დაწყნარდება.
ირანი ახსენეთ, როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა ბირთვული განიარაღების თემა ამ შეხვედრაზე?
- ჩემი აზრით, ძირითადი აქცენტი ახლო აღმოსავლეთზე და სირიის პრობლემაზე იქნებოდა გადატანილი. შემთხვევითი არ არის, რომ მანამდე მოსკოვში იყვნენ ჩასული ირანის სულიერი ლიდერის მრჩეველი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი, როგორც ჩანს, ისინი შეთანხმდენენ გარკვეულ საკითხებზე.
ტრამპი ისრაელის ლობისტია, ხოლო ირანსა და ისრაელს შორის ურთულესი მდგომარეობაა, ირანი არც კი აღიარებს ისრაელის სახელმწიფოებრიობას - როგორც ჩანს, ამ მიმართულებით არის დადებითი ძვრები, მაგრამ პრესკონფერენციაზე დავინახეთ, რომ პუტინმა ილაპარაკა უკრაინაზეც - გამოთქვა მზადყოფნა უკრაინის გავლით გაზსადენის მშენებლობას დაუჭიროს მხარი.
როგორც ჩანს, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-საც შეეხო საუბარი, რადგან მანამდე ტრამპმა ძალზე მკვეთრი განცხადებები გააკეთა მერკელის მიმართ, თუმცა შემდეგ გაგრძელება აღარ მოჰყოლია.
კვლავ გართულებული რჩება ურთიერთობა ამერიკასა და ევროპას შორის და ამ მიმართულებითაც თითქოს უცვლელი რჩება სურათი...
- ნატოს დაფინანსების საკითხშიც გამოიკვეთა, რომ ამერიკასა და ევროპას შორის დაპირისპირებაა და ტრამპი, როგორც კრიზისმენეჯერი, ევროპისგან ითხოვს ორის ნაცვლად ოთხი პროცენტი გაიღოს ნატოსთვის, რადგან მათ სჭირდებათ ნატო, მაგრამ ფულის გადახდა არ სურთ, თუმცა იძულებული გახდება, დაეთანხმოს.
ამერიკა-ევროპის დაპირისპირება კარგად ჩანს არა მხოლოს ამ სამიტიდან, არამედ იმ სავაჭრო ომებიდანაც, რომელიც დღეს არის ამერიკასა და ევროპას შორის და ამ შემთხვევაში რუსეთი მიმზიდველი პარტნიორია, რომელსაც აქვს უზარმაზარი ბაზარი და სჭირდება ახალი ტექნოლოგიები.
თუმცა მეორე მხარეს დგას რუსეთის ამბიციური ინტერესები, მისი დაბალანსება როგორ მოხდება?
- მსოფლიო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უმჯობესია რუსეთთან ითანამშრომლო, ვიდრე კედელთან მიიმწყვდიო. ამ დროს რუსეთი ძალიან კარგად თანამშრომლობს ჩინეთთან, რომელიც არც ადამიანის უფლებებზე ელაპარაკება და არც ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთისთვის ჩინეთი-რუსეთი ძალზე საშიში ალიანსია და ეს რომ არ დაუშვან, უმჯობესია, რუსეთთან ითანამშრომლონ.
აქ დგება საქართველოს საკითხიც, რომელსაც ნატოში არ მიიღებენ - ეს ხმამაღლა ითქვა - მგონია, დადგა დრო, რომ სიმართლეს გავუსწოროთ თვალი და სხვა ტაქტიკა ავირჩიოთ, პულსზე უნდა გვედოს ხელი და შევძლოთ ლავირება ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ. ეს არ ნიშნავს დასავლეთზე უარის თქმას, მაგრამ არის რუსეთიც, რომელიც მეზობელია და ეს მოცემულობა არ შეიცვლება.