მეშახტეთა ქალაქში ისევ გლოვაა. არავის უკვირს, რომ ტყიბულს გამოცხადებული სიკვდილის ქალაქს უწოდებენ. მხოლოდ წელს შახტებში 11 ადამიანი დაიღუპა, უამრავი დასახიჩრდა.
ყოველი ასეთი ტრაგედიისას კომპანია „საქნახშირი“ პასუხისმგებლობას იცილებდა და აცხადებდა, რომ უბედური შემთხვევა სამთო დარტყმებით ან მეთანის გაჟონვით იყო გამოწვეული. ამდენად, უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა აქ არაფერ შუაში იყო. როგორც ცნობილია, „საქნახშირი“ ძმებ გელა და დავით ბეჟუაშვილების საკუთრებაშია, რომლებსაც შევარდნაძე-სააკაშვილის დროს მაღალი თანამდებობები ეჭირათ. სულ ბოლოს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ „საქნახშირის“ მფლობელებმა კომპანიის დათმობა გადაწყვიტეს. ტყიბულის მაღაროების მფლობელი კომპანია - „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ მზადაა „საქნახშირი“ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს. მათი არგუმენტით, მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლიდან ათეულობით მილიონიანი ინვესტიცია განახორციელეს „საქნახშირში“, მაინც ვერ მოიძებნა ისეთი საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც ნახშირის მოპოვებას სრულად უსაფრთხოს გახდიდა.
ამ დარგის სპეციალისტები არ იზიარებენ მოსაზრებას, რომ ტყიბულის მაღარო სასაკლაოა. მათი აზრით, თუკი რისკებს მინიმუმამდე დავიყვანთ, დავიცავთ სამუშაო ნორმებს, ტრაგედიებს თავიდან ავიცილებთ. მიუხედავად იმისა, რომ ტყიბულის საბადო მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესია თავისი სამთო-გეოლოგიური პირობებით, რაც მაღალი კვალიფიკაციის კადრს მოითხოვს, თანამედროვე ტექნიკით მაინც ყველაფრის მიღწევა შეიძლება.
თავად მეშახტეები გახშირებულ ტრაგედიას ხელმძღვანელობას უკავშირებენ. ისინი ამბობენ, „ჩიპით როცა უნდათ, მაშინ გვაკონტროლებენ, მაგრამ გაზის მომატებას რატომღაც ვერ იგებენ“.
მინდელის მაღაროში 5 აპრილსაც დატრიალდა მსგავსი ტრაგედია, რასაც ადამიანები ემსხვერპლნენ. რას ნიშნავს ასე მოკლე პერიოდში პერმანენტული სიკვდილიანობა და ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება გამოიკვეთოს მინდელის მაღაროში მომხდარი ფაქტის ირგვლივ?
მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის ხელმძღვანელი თამაზ დოლაბერიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, როგორც კი მაღაროში ტრაგედია დატრიალდება, მაშინვე შევარდება ხოლმე იქ შს სამინისტრო და იწყებს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით. პარალელურად, საექსპერტო ბიუროც ატარებს ანალიზს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვეღარ ვხედავთ ხოლმე გამოძიების შედეგებს. ხელმისაწვდომი არ არის არც ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები, არც თვითმხილველთა დაკითხვის ჩვენების ოქმები.
„ასე მოხდა 5 აპრილსაც, მაშინაც შევიდა მაღაროში გამოძიება, მაგრამ დღემდე არ ვიცით, რა გამოიძია, ვისი ბრალეულობა გამოიკვეთა. ეს მანკიერი პრაქტიკაა, რაც დაინერგა 2006 წლის შემდეგ, ანუ ფაქტი რომ მოხდება, პოლიცია შედის და საქმეს იძიებს, ამ დროს კი პოლიციაში არიან მხოლოდ გამომძიებლები და არა შრომის ტექნიკური ინსპექტორები. ადრე, 2006 წლამდე ადმინისტრაცია კანონით იყო ვალდებული, შეექმნა კომისია, რომელშიც შედიოდნენ შრომის ტექნიკური ინსპექტორები, დაზარალებულის ნდობით აღჭურვილი პირები და ა.შ. ისინი დებდნენ ექსპერტულ დასკვნას იმის შესახებ, თუ რა მოხდა და ამის საფუძველზე შესაძლებელი იყო ბრალეულობის გამოკვეთა. რაც შეეხება უშუალო პაასუხისმგებლობას, ცალსახად, შრომის ორგანიზება მაღაროების მფლობელთა ადმინისტრაციის პრეროგატივაა და, რა თქმა უნდა, მთავარი პასუხისმგებელი კომპანიის ადმინისტრაციაა, მაგრამ კონკრეტული კვლევა, ძიებაა საჭირო, რადგან მანდ შეიძლება არ იყოს მხოლოდ ერთი მხარე ბრალეული. ამიტომაც უნდა შედიოდეს შრომის ინსპექტორი, მას უნდა ჰქონდეს სრული უფლება, არათუ ისეთი, როგორც დღეს არის, როცა შეზღუდულად ჰყავთ მონიტორინგის სამსახური. შრომის ინსპექტორები დღეს მაღაროში იმიტომ ვერ შედიან, რომ საამისოდ პოლიტიკური ნება არ არსებობს. რომელიღაც მაღალმა პოლიტიკურმა ფიგურამ ამ პროცესს მწვანე შუქი უნდა აუნთოს, ვიღაცამ უნდა მოინდომოს“, - აცხადებს თამაზ დოლაბერიძე და ყოფილ პრემიერსაც აკრიტიკებს ამ კუთხით.
მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილი საერთოდ არ აკეთებდა განცხადებებს შრომის საკითხებთან დაკავშირებით. არადა, 5 აპრილსაც მოხდა ტრაგედია მაღაროში, შარშანაც დატრიალდა უბედურება, ეს თემები იგნორირებული იყოს კვირიკაშვილის მხრიდან. გარდა ამისა, კვირიკაშვილი არ დასწრებია სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის არც ერთ სხდომას, მათ შორის, არც იმ სხდომას, 5 აპრილის შემდეგ რომ გაიმართა. თამაზ დოლაბერიძის აზრით, ამით კვირიკაშვილი ბიზნესს მესიჯს აძლევდა, რომ მისთვის არ იყო მნიშვნელოვანი შრომითი საკითხები, ისინიც წახალისებულნი იყვნენ ამის გამო.
დღეს კი მამუკა ბახტაძემ რა განცხადებაც გააკეთა, ეს მიდგომა აბსოლუტურად განსხვავდება მისი წინამორბედისგან, თუმცა თამაზ დოლაბერიძის სურვილია, რომ ეს გულწრფელი ფერისცვალება იყოს და არა მხოლოდ იმის მცდელობა, რომ გიორგი კვირიკაშვილს შევაწმინდოთ ხელი.
„მაღაროს დროებით დახურვას მივესალმებით. 5 აპრილის შემდეგაც ზუსტად ვითხოვდით იმას, რა განცხადებებიც გააკეთა მამუკა ბახტაძემ. მისი განცხადებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ბოლო აბზაცი, რომ იძულებითი მოცდენის სრულ პერიოდში მეშახტეებს უნდა გადაეხადოთ ანაზღაურება. ტყიბულის შახტები, განსხვავებით სხვა ქვეყნების ქვანახშირის წარმოების შახტებისგან, მაღალი კატეგორიის რისკის მქონეა. მიუხედავად იმისა, რომ ტყიბულზე უფრო ღრმა შახტებიც არსებობს რუსეთსა და უკრაინაში, ამდენი ბუნებრივი საფრთხე ტყიბულში რომ გვხვდება, სხვაგან არ არის. ტყიბულის შახტაზე მნიშვნელობა არ აქვს არც უბანს, თუ რომელ უბანზე მიმდინარეობს სამუშაოები, არც რაიმე მონაკვეთს. აქ ქვანახშირის მოპოვებას ასჯერ მეტი ყურადღება სჭირდება, ვიდრე რუსეთში. ამიტომ ტყიბულის შახტაში კონკრეტულ ძიებას დიდი აზრი არ აქვს, ამას რისკების სიღრმისეული შესწავლა და შემდეგ რეკომენდაციების შემუშავება სჭირდება, რომელიც უნდა აღსრულდეს“.
თუ რატომ არის ტყიბულის შახტები მსოფლიოში ყველაზე სარისკო, ამის შესახებ სპეციალისტი აცხადებს, რომ ტყიბულში ერთდროულად ვაწყდებით მეთანის დაგროვების საშიშროებასაც, ქვანახშირის მტვერსაც, რომელიც აალებადია და საშინელ ნგრევას იწვევს, ენდოგენურ და ეგზოგენურ ხანძრებსაც, წყლის უეცარი მოვარდნის საშიშროებასაც. ერთად აღებული ამდენი „ბუკეტი“ სხვა შახტებში არ არის. საფრთხეების განულება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ტყიბულელები პროფილს შეიცვლიან. მაგრამ, თუკი საქართველო გადაწყვეტს, რომ მას სჭირდება ქვანახშირი და მის ეკონომიკას ეს სჭირდება, მაშინ შახტებში საფრთხეების განულება შეუძლებელია, უბრალოდ, მინიმალიზაციაა შესაძლებელი.
მეშახტეთა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე გაგა ისაკაძე უშუალოდ იმყოფება ტყიბულში და For.ge-ს მაღაროელთა პოზიციას აცნობს. მისი თქმით, პრემიერის განცხადებას მაღაროელები მიესალმებიან, განსაკუთრებით, მის ბოლო აბზაცს, სადაც მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ გამოძიების პროცესში მათ ხელფასები იმავე რაოდენობით ჩაერიცხებათ, როგორც ღებულობდნენ. თუმცა გაგა ისაკაძე დასძენს, რომ მოტყუებულები რომ არ დარჩნენ მეშახტეები და მუშათა კლასი, ისინი კრედიტების დაფარვასაც ითხოვენ.
„ასეთ შემთხვევაში, თანახმა ვართ, დროებით გაჩერდეს შახტები. მეშახტეებს კრედიტები აქვთ დასაფარი, მათი უმეტესობა ამიტომაც მუშაობდა შახტაში. ისინი არც მალავდნენ, კრედიტს როცა გადავიხდით, თავს დავანებებთ მეშახტეობასო. დაუფარონ კრედიტები, რომლითაც ზოგმა ავტომობილი შეიძინა, ზოგმა ბინა გაარემონტა, ზოგს კი იპოთეკითაც აქვს ქონება ჩადებული. სურვილი და იდეა, რომ მეშახტეებმა პროფილი შეიცვალონ, შესანიშნავია. თუ რაიმე ალტერნატიული სამსახური გამოჩნდება, ეს ხალხი ალტერნატიულ სამსახურში დასაქმდება. თუმცა ჯერ არ ვიცით, რა უნდა აშენდეს ტყიბულში, ზოგადად, სახელმწიფოში არ ვიცით, რამე უკეთესობისკენ თუ მიდის, მით უმეტეს, ტყიბულში ამდენი ხნის განმავლობაში იღუპებოდა ხალხი და არავის შეუთავაზებია მათთვის ალტერნატივა. ახლაც არა მგონია, ალტერნატივაზე იფიქრონ. ამიტომ წინასწარ ვეუბნებით მთავრობას, დაფარონ კრედიტები და მერე მოახდინონ შახტების რეაბილიტაცია. ალტერნატიულ სამსახურს თუ შესთავაზებენ ხალხს იმავე ხელფასით, დიდი სიამოვნებით დათანხმდებიან მეშახტეები შახტის დახურვას“, - აღნიშნა გაგა ისაკაძემ.
მანვე მომხდარის გამო მთელი პასუხისმგებლობა დააკისრა კომპანიის წარმომადგენლობას, შუა რგოლის მენეჯმენტი იქნება ეს, თუ ზედა რგოლის.