„თუ ამ ტრაგედიაში გამოიკვეთება კვალი საბოტაჟის გზით პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, უმკაცრესი ზომები უნდა გატარდეს“, - აცხადებს For.ge-სთან საუბრისას თბილისის საკრებულოს წევრი, პოლიტიკოსი სოსო მანჯავიძე და მინდელის მაღაროში მომხდარი ტრაგედიის შესახებ საკუთარ ვერსიას გვთავაზობს.
მინდელის მაღაროში ტრაგიკული ფაქტი მცირე ხნის მიყოლებით უკვე მეორედ დაფიქსირდა. ეს საბოტაჟს უკავშირდება, უსაფრთხოების პირობების დაუცველობას, თუ იმას, რომ ტყიბულში დაბადებული ნებისმიერი პირი უთუოდ უნდა გახდეს მაღაროელი და შემდეგ ასე ტრაგიკულად წარიმართოს მისი სიცოცხლე?
- საერთოდ, ასეთი ტიპის ქალაქების ბედი, რომელიც დაკავშირებულია ერთი ტიპის საქმიანობასთან, მარგანეცის ამოღება იქნება, თუ ნახშირის ამოღება, დრამატულია. მით უმეტეს, როცა მთელი მოსახლეობა მიჯაჭვულია ამ ერთ საქმიანობას და, როდესაც ეს ნედლეული თავდება და არარენტაბელური ხდება, იქმნება ხოლმე დიდი პრობლემები. ეს მეშახტეთა ქალაქების ცნობილი პრობლემაა მთელ მსოფლიოში. ტყიბულის შემთხვევა იმით არის განსაკუთრებული, რომ ტყიბულსა და ოკრიბას ნამდვილად აქვს საშუალება, ბედისწერად გადაქცეული მიჯაჭვულობა ნახშირზე რაღაცნაირად გადაპროფილდეს. ამის შესახებ ახალმა პრემიერმაც ისაუბრა და, ჩემი აზრით, ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო.
რისი ალტერნატივა აქვს ტყიბულს, რომ მაღაროელთა მძიმე სამუშაო სხვა პროფილით ჩანაცვლდეს?
- მთელ საბჭოთა კავშირში ცნობილი იყო ოკრიბის ჩაი. ის უმაღლესი ხარისხის ჩაიდ ითვლებოდა, ეს ტრადიცია ისევ უნდა აღდგეს და მოსახლეობას სულ სხვა პროფილით გაუჩნდეს შემოსავალი. მით უმეტეს, შახტების მფლობელები, ბეჟუაშვილები ამბობენ, ეს საქმიანობა დოტაციურიაო. ისინი მუდმივად აცხადებენ, რომ ეს სფერო წამგებიანია და ამადლიან სახელმწიფოს, რომ ინახავენ მაღაროელებს.
ფიქრობთ, ეს ერთგვარი შანტაჟია, თორემ წამგებიან სფეროს არავინ შეინარჩუნებდა?
- ეს ერთგვარი შანტაჟია იმით, რომ მე ამ მაღაროს ვინახავ, აღარ შევინახავ და სახელმწიფო დადგება ამ პრობლების წინაშე, რადგან მას მოუწევს დოტაციის გადახდა და იქ დასაქმებული ადამიანები უმუშევრად დარჩებიან. მე როგორც ვუყურებ, ტყიბულის ნახშირის შახტები პოლიტიკური ვაჭრობის ინსტრუმენტადაა გამოყენებული. აქ ხშირია უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა, ველურ პირობებში მუშაობის ფაქტები. კომისია მუშაობდა წინა ტრაგედიის შესახებ, რომელიც ამ მაღაროში მოხდა და ახლა უკვე ამას დაემატა ასეთი საშინელი ტრაგედია. 4 ადამიანი დაღუპულია, 6 ადამიანის მდგომარეობა უმძიმესია.
ერთ-ერთი მეშახტე აცხადებს, ჩიპით როცა უნდათ, მაშინ გვაკონტროლებენ, მაგრამ, როდესაც გაზის მომატებაზეა საუბარი, თითქოს ვერ იგებენო. მართლაც ასეა, როცა უნდათ აკონტროლებენ მუშებს და, როცა უნდათ, თვალს ხუჭავენ დარღვევებზე?
- წინა ტრაგედიისას, სადაც აფეთქება მოხდა, უბანი დახურული უნდა ყოფილიყო, ასე რომ, ეჭვები არსებობს. რეალური მიზეზები აშკარაა. ეს ეროვნული ტრაგედიაა. როგორ შეიძლება, მშრომელი, წესიერი მამაკაცები ოჯახის შენახვის გამო ყოველდღიურად სასაკლაოზე ჩადიოდნენ და ამ ყველაფერში მიზერულ ხელფასს იღებდნენ. კიდევ გამოვიდა შახტის მეპატრონე, ბატონი ბეჟუაშვილი და განაცხადა, ორმაგი ხელფასი ჩაერიცხებათო. ეს ხომ მიზერია. როცა მინდელის შახტაში მესამე კატეგორიის ზეინკალს 320 ლარი ეძლევა, კატეგორია ოპერატორს 400 ლარი, გამგორეს-400 ლარი, პირველი კატეგორიის ზეინკალს 480 ლარი, მემანქანეს 530 ლარი, სამთო ოსტატს 630 ლარი. ხოლო ნახშირმომპოვებელ პირველ უბანზე ზეინკალს 800 ლარი ეძლევა, მეორე უბანზე 600 ლარი, მესამეზე-650 ლარი.
ალბათ, ამ ადგილებში მაღაროელთა ამდენი საქმიანობის შემდეგ ისეა გამოფიტული მიწა, რომ მის მახლობლად ცხოვრება აღარ შეიძლება.
- რა თქმა უნდა, ეს ტყიბულის ეკოლოგიაზე საშინლად მოქმედებს, ასეთივე სიტუაციაა საჩხერეში, ბოლნისში... ეს არის ბარბაროსული მეთოდები, რომლითაც მიმდინარეობს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება. არ ხდება აუცილებელი სახსრების აკუმულირება რაიონულ ბიუჯეტებში, არ არის სტრუქტურა, რომელიც წიაღისეულის მოპოვების შედეგთა აღმოფხვრას შეეცდება, როგორც ეს ხდება განვითარებულ ქვეყნებში. უცხოეთში ამისთვის სპეციალურ ფონდს ქმნიან, სადაც სახსრები აკუმულირდება და ეს თანხები ხმარდება ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვას, ასევე, იმ რაიონის მოსახლეობის გადაპროფილირებას, რათა ისინი უმუშევრები არ დარჩნენ. ჩვენ კი ყველანი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით.
ირაკლი კობახიძის აზრით, წინა ხელისუფლების ხისტმა ლიბერტარიანულმა პოზიციამ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სწორი ზომების მიღების საშუალება მათ არ მისცა, მაგრამ ამდენი მსხვერპლის შემდეგ ასეთი განცხადებები დაგვიანებული ხომ არ არის?
- ბევრი რამ დაგვიანებულია. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ სწორად აღნიშნა ლიბერტარიანული მიდგომის შესახებ. 2012 წლიდანვე უნდა დაწყებულიყო ამ დამღუპველი მიდგომების წინააღმდეგ ბრძოლა.
რით ახსნით იმას, რომ წინა ხელისუფლებას არ აწყობდა მონურ პირობებში მყოფი მუშახელის მდგომარეობის შეცვლა?
- ეს იყო ველური კაპიტალიზმი და კოლონიალური მიდგომა. ველური კაპიტალიზმის ბაზარი თითქოს ყველაფერს დაარეგულირებდა, ასეთი იდიოტური მოსაზრების ტყვეები გავხდით ჩვენ საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ და შედეგებიც აშკარაა. ქვეყანა გაღატაკდა, ჯინის კოეფიციენტი (სოციალური უთანასწორობის ერთ-ერთი საზომი) 40 გვაქვს, მრეწველობა არ გვივარგა და უმძიმესი მდგომარეობაა, მოსახლეობა განახევრდა. ცხადია, ეს გამოიწვია ველური კაპიტალიზმის გაბატონებამ ჩვენს ქვეყანაში, უცოდინარი და უზნეო ადამიანების მიერ პოლიტიკის წარმართვამ.
როგორც ჩანს, არც ისე უჭირთ მინდელის შახტის ხელმძღვანელებს, რადგან საუბარია 160 მილიონი დოლარის შემოსავალზე.
- ესეც ბარბაროსობა და ველურობაა. როცა ამხელა შემოსავალი აქვს შახტის მეპატრონეს, იმის მაგივრად, უზრუნველყოს ნორმალური ხელფასები, უსაფრთხოების წესების დაცვა, დაკავებულნი არიან კაპიტალის დაგროვებით, ძარცვა-გლეჯით.
როგორც ჩანს, თქვენ მიიჩნევთ, რომ ამ საბოტაჟის უკან „ნაციონალები“ დგანან, მაგრამ რა საფუძველი გაქვთ, რომ ასე იფიქროთ?
- მე რაც ვთქვი, ბევრი რამ საეჭვოდ ემთხვევა. ახლა უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ, ვერ გამოვიძიებ ამას, რადგან არ მაქვს შესაბამისი ინსტრუმენტი, მაგრამ არსებობს ეჭვის ლოგიკური საფუძველი და ეს უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია. აქ ადამიანების სიცოცხლის საკითხი დგას და, თუ ამ ტრაგედიაში გამოიკვეთება კვალი საბოტაჟის გზით პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, უსასტიკესად უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ამას აკეთებს. მათ შორის, ქონების კონფისკაციითაც, არც ერთი ქონება არ ღირს ადამიანის სიცოცხლედ და, როცა ვიღაცის სიხარბესა და მანკიერ პოლიტიკურ განზრახვებს წლების განმავლობაში ეწირებიან ადამიანები, მათ მფლობელებს უფლება არ აქვთ, ფლობდნენ სხვების ძარცვისა და სიცოცხლის ხარჯზე დაგროვილ ქონებას.