ვინ სტუმრობს საქართველოს - დაბალბიუჯეტიანი, თუ მაღალბიუჯეტიანი ტურისტები?! რა უფრო სასარგებლოა ჩვენი ქვეყნისთვის, უბრალო სტატისტიკა, რომ თურმე ამდენმა (ღარიბმა) ვიზიტორმა გადმოლახა საქართველოს საზღვრები, თუ შედარებით შეძლებული ტურისტების მიღება, რაც ჩვენს ბიუჯეტზეც დადებითად აისახება?!
ჯერ კიდევ შარშან, ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დაგვპირდა, რომ ტურისტული ნაკლოვანებები აღმოიფხვრებოდა და თავად იქნებოდა ამ ყველაფრის ინიციატორი. მისი სიტყვებისამებრ, ჩვენ უნდა დაგვეწყო სამზადისი მომავალი სეზონისთვის, თუ სად გვქონდა ნაკლოვანებები, სისუსტეები. ეს შეეხებოდა არა მხოლოდ ინფრასტრუქტურას, არამედ მომსახურების საკითხებს, ტრანსპორტის სფეროს, მძღოლების კვალიფიკაციის დონეს, ექსკურსიას. მოკლედ, ბევრი წვრილმანი უნდა გამოსწორებულიყო, რათა საქართველო გადაქცეულიყო სპორტული ტურიზმის ცენტრად.
დღესდღეობით ტუროპერატორები ამბობენ, რომ ნაკლოვანებები არ აღმოფხვრილა.
საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, რაში გამოიხატება ტურისტული ნაკლოვანებების აღმოფხვრა, როცა არავითარი ჯგუფი არ შემდგარა იმისთვის, რომელიც იმუშავებდა კონკრეტული პრობლემების აღმოსაფხვრელად. ია თაბაგარის განმარტებით, უკვე ორი წელია, კერძო სექტორი იხვეწება, აღდგეს ტურიზმის მრჩეველთა საბჭო და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად იმუშაოს, თუმცა ამაოდ.
„კერძო სექტორი მზად იყო, სრულიად უანგაროდ ემუშავა სახელმწიფოსთან ერთად, რათა ინფორმაცია მიეწოდებინა და ალტერნატივა შეეთავაზებინა სახელმწიფოსთვის. ოფიციალურად ეს ინიციატივა შეტანილია კიდეც ტურიზმის ადმინისტრაციაში, მაგრამ ამდენი ხანია, ამას არ მოჰყვა რეაქცია. რაში გამოიხატება ნაკლოვანების აღმოფხვრა? იმაში, რომ, ვთქვათ, მე წარმოვადგენ კერძო სექტორს და ამ დროს სახელმწიფო მკარნახობს ისეთ რამეს, რაც უბრალოდ თავადვე არ იცის?!“ - აინტერესებს ია თაბაგარს და მიაჩნია, რომ ხარისხიანი, მაღალგადამხდელი ტურისტი საქართველოს უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე დაბალგადახდისუნარიანი, რომელთა ეფექტიც მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითია.
დაბალგადახდისუნარიანი ვიზიტორების შემოსვლა მხოლოდ ციფრი და სტატისტიკაა ჩვენი ქვეყნისთვის მაშინ, როცა მაღალგადამხდელი ტურისტი ნორმალურ მანქანასაც ქირაობს კომპანიის მეშვეობით, შესაბამისად, გიდსაც ქირაობს და დამოუკიდებლადაც დადის.
თუმცა მარტო ტურისტები კი არა, საქართველოს მოქალაქეებიც ვამჩნევთ, რომ ჩვენი ტაქსების მომსახურებით სარგებლობა საშინელებაა. ეს ხომ ძველი, გაუმართავი, არაჰიგიენური ავტომობილებია, სადაც ტაქსის მძღოლები სიგარეტსაც ეწევიან და ხმამაღალ უგემოვნო მუსიკასაც ჩაგირთავენ.
ია თაბაგარის შეფასებით, ჩვენი ტაქსისტების 90% მოუწესრიგებელი და უკულტუროა, პირველად ჩამოსვლისას ტურისტს სწორედ ასეთი შთაბეჭდილება ექმნება, რომ ეს არის ქვეყნის სახე. ამიტომ ტაქსის ყველა მძღოლს უნდა ჰქონდეს გავლილი შესაბამისი სკოლა, როგორც ეს ლონდონშია. მოქცევის წესები უნდა იცოდეს, რომ მგზავრთან ხმამაღალი მუსიკა არ ჩართოს, სიგარეტი არ მოსწიოს და უშუალოდ მგზავრის გადაყვანისას არ დაიწყოს მანქანის გამართვა საწვავით.
შესაბამის ადგილებში სველი წერტილების არარსებობა კი 20-წლიანი პრობლემაა, რომელიც ვერც ერთმა ხელისუფლებამ ბოლომდე ვერ მოაგვარა. არ ხდება ჰიგიენის დაცვა. ელემენტარულად, კვების ობიექტებში არ იციან, როგორ უნდა მოემზადონ დიდი რაოდენობით ტურისტების მისაღებად. ამიტომაც მსუბუქი მოწამვლის ბევრი შემთხვევაა.
საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, იქ, სადაც გამოცდილი, ნასწავლი მენეჯმენტია, მათ ობიექტებზე უხეშად არავინ მოექცევა ტურისტს, მაგრამ იმ მენეჯმენტს, რომელმაც არ იცის მოქცევის წესები და უბრალოდ ხსნის კვების ობიექტს, რომ ივაჭროს, ბევრი არაფერი მოეთხოვება. მათ არც თავად აქვთ სტუმართან მოქცევის გამოცდილება და ვერც თავიანთ თანამშრომლებს გაუზიარებენ ამ გამოცდილებას.
„მთლიანად უნდა გადაიხედოს, რამდენად უღირს საქართველოს დაბალბიუჯეტიანი ტურისტების შემოშვება ქვეყანაში, სერიოზული კვლევაა ამაზე ჩასატარებელი, რამდენად აწყობს საქართველოს მათი შემოყვანა. ეს ხალხი შემოდის მხოლოდ იმიტომ, რომ იაფია ქვეყანა და ვიზა არ სჭირდებათ, აქ როგორ იქცევიან და როგორ აფუჭებენ გარემოს, ეგ კიდევ ცალკე საკითხია. საქართველოს მომავალი წარმომიდგენია ისე, რომ ეკოლოგიურად სუფთა რეგიონები გვქონდეს, ყოველგვარი დიდი ჰესების გარეშე, დაცული იყოს ბუნებაც, ადამიანიც, განვითარებული იყოს ეკოტურიზმი, გვქონდეს ბევრი დაცული ტერიტორია და შემოდიოდნენ მაღალგადამხდელი ტურისტები, რომელთაგანაც ჩვენ ბევრს ვისწავლით, გავიზიარებთ მათ ცოდნას და გამოცდილებას. სამწუხაროდ, წელს მცირე რაოდენობით ტურისტი გვეწვია დასავლეთ ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან. ჯერჯერობით ივლისის შუა რიცხვებია და სტატისტიკა მერე გამოქვეყნდება, როდესაც სეზონი ჩაივლის, მაგრამ ძალიან ჭარბობენ ტურისტები რუსეთიდან, ყოფილი საბჭოთა კავშირის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან“.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა ბერძენიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, საზღვრის კვეთის მონაცემებით, ტურისტული ნაკადი მზარდია. თუმცა კარგი იქნება, თუ სახელმწიფო გააკონტოლებს კვების წერტილებს, მომსახურების სფეროს, როგორიცაა ტურ-ოპერატორები, სასტუმროები. ამას სჭირდება ტურიზმის განვითარების კონკრეტული პოლიტიკა, რაც დღეს არ გაგვაჩნია.
„მთავარია, რომ გამოსასწორებელია ტურიზმის პოლიტიკა, რომელიც იწყება კანონმდებლობით. დღეს არსებული კანონმდებლობა ტურიზმის შესახებ და საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტების შესახებ 17 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. მასში არაფერი წერია, თუ რას ფიქრობს სახელმწიფო ტურიზმის მართვის კუთხით. შესაბამისად, აქედან იწყება ყველა პრობლემა“, - აღნიშნა მამუკა ბერძენიშვილმა.