101 ხმა 2–ის წინააღმდეგ - საქართველოს პარლამენტმა 6 წლის ვადით შალვა თადუმაძე მთავარ პროკურორად აირჩია. რიგით მეექვსე პროკურორის არჩევა ფარული კენჭისყრით მოხდა. კენჭისყრამდე დეპუტატებს პროკურორობის კანდიდატმა საკუთარი პროგრამა წარუდგინა. ამბობს, რომ დამოუკიდებელი იქნება იმდენად, რამდენადაც ეს გარანტირებული და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით. თადუმაძის დამოუკიდებლობის ხარისხის არ სჯერა, სამართლის ექსპერტს ლია მუხაშავრიას, რომლის განცხადებით, პოლიტიკური წარსული მას დამოუკიდებლობის საშუალებას არ აძლევს.
for.ge ლია მუხაშავრიას ესაუბრა.
გია ვოლსკის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს უნდა მთავარი პროკურორი ისეთი, რომელიც არ იქნება მიკერძოებული. მისი თქმით, ასეთია შალვა თადუმაძე და ნებისმიერი პიროვნება, ვინც უნდა შეერჩიათ, ამ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდა. ერთია რას ამბობს ვოლსკი, მაგრამ მეორე რა პროკურატურა გვაქვს დღეს, რომლის მიმართ ნდობა არის საკმაოდ დაბალი. როგორ ფიქრობთ, თადუმაძე იქნება ის მთავარი პროკურორი, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში შეძლებს იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი?
ლია მუხაშავრია: შალვას დიდი ხანია ვიცნობ და მასზე ძალიან კარგი აზრის ვარ, მაგრამ იმის გამო, რომ მთავარ პროკურორამდე ეკავა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა, უკვე ძალიან დაახლოებულია ხელისუფლებასთან. ამიტომ, მისი მიუკერძოებულობა და დამოუკიდებლობა ამ გუნდისგან, პრაქტიკულად, გამორიცხულია. ეს რომ ხდებოდეს უზარმაზარ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური კულტურა და მართლშეგნება არის ძალიან მაღალ დონეზე, კიდევ შეიძლებოდა იმედი გვქონოდა. ასევე, კარგია შალვას რომ ჰქონდეს ის საპროკურორო გამოცდილება, რომელიც აუცილებელია ამ შემთხვევაში, რათა თავისი საქმიანობით დაემტკიცებინა, რომ არავის და არაფერს არ უყურებს, არავის ანგარიშს არ უწევს და იჭერს იმას, ვინც დასაჭერია.
თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ხელს შეუშლის გადაწყვეტილების მიღების პროცესში?
– რა თქმა უნდა. ის გარემოება, რომ მოვიდა პოლიტიკური გუნდიდან, ამ გუნდში იყო არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ ეჭირა ძალიან მნიშვნელოვანი საკვანძო პოლიტიკური თანამდებობები, ეს პირდაპირ გამორიცხავს მის მიუკერძოებულობას და დამოუკიდებლობას. მაშინ, როდესაც პროკურორის მიუკერძოებულობა და დამოუკიდებილბა არის მართლაც გადამწყვეტი მნიშვნელობის მახასიათბელი.
მთავარი პროკურორი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც შეუძლია პრემიერ–მინისტრის დაპატიმრება, მინისტრის თუ პრეზიდენტის დაპატიმრება. წარმოგიდგენიათ, როდესაც პოლიტიკურ გუნდთან ახლოს მყოფი ხარ, ის გნიშნავს, რამდენად შეიძლება ეს მოახერხო? მე არ ვამბობ, რომ პრემიერი, ან მინისტრი დასაჭერია, მაგრამ ვინმეს წარმოუდგენია, რომ მთავარი პროკურორი ამას შეძლებს? – რა თქმა უნდა, არა. ამიტომ, არანაირი ნდობის მოპოვება არ მოხერხდება, როდესაც მთავარ პროკურორად ინიშნება ასეთი პირი. პერსონალურად შალვასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს.
ძალიან კარგად ვიცნობდი არჩილ კბილაშვილს, მასთან, როგორც მთავარ პროკურორთან მქონდა საქმიანი შეხვედრა, გავოცდი, როდესაც დავინახე რამდენად არაადეკვატური იყო ამ თანამდებობისთვის. ანუ, თუ პროკურორად არ გიმუშავია და შენთვის ყოველდღიური საქმიანობა არ არის ადამიანის დაპატიმრება, მათთვის ბრალის წარდგენა, დანაშაულის დამტკიცება და ა.შ. ადამიანურად ეს არის უმძიმესი საქმე. ვხედავდი, რომ კბილაშვილი ამას ადამიანურად ძალიან განიცდიდა, ძალიან წუხდა იმის გამო, რომ ადამიანებს გუნდ–გუნდად იჭერდა. არადა ეს პროკურორმა უნდა გააკეთოს ჩვეულებრივად, ისე როგორც მოსამართლე წერს განაჩენს, ასევე პროკურორი თავისუფლად უნდა აწერდეს ხელს საბრალდებო დასკვნას, ასევე უნდა გასცემდეს განკარგულებას ამა თუ იმ პირის დაპატიმრების შესახებ.
რთულია, როდესაც ადამიანს ეს არ უკეთებია და უცებ ხდება მთავარი პროკურორი, მით უფრო იმ პროკურატურაში, რომელიც სავსეა ძალიან გამოცდილი და კვალიფიციური, მაგრამ ცუდი გამოცდილების და კვალიფიკაციის მქონე პროკურორებით, რომლებმაც წლების განმავლობაში ზედმიწევნით კარგად შეასრულეს ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთები, დავალებები და ძალიან ხშირად უკანონო დავალებები. თუ შიგნიდან სისტემას არ იცნობ, თუ არ ხარ მათზე ძლიერი, ვერაგი, გამოცდილი და ჭკვიანი, ამ ხალხის ხელმძღვანელობა არის ურთულესი საქმე. ამას ვერ მოახერხებ გარედან ყოფნით და იმ სამსახურებით, რომელიც შალვა თადუმაძეს ჰქონდა.
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გადის და დამოუკიდებელი ორგანო ხდება. მას არც ერთ აღმსრულებელ შტოსთან ბმა არ ექნება. როგორ ფიქრობთ, ეს ცვლილება
შესძენს პროკურატურას დამოუკიდებლობის ხარისხს?
– ის, რომ პროკურატურა აღამასრულებელ ხელისუფლებას არ ექვემდებარებოდა, თავის დროზე ძალიან კარგად მოაგვარა თეა წულიკიანმა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა დამოუკიდებელი პროკურატურა და ეჭვი არ მეპარება, რომ არავინ არ უთანხმებდა თეა წულუკიანს, როდესაც შოთაძეს აძლევდა დავალებას და ისიც ასრულებდა.
ამაში გამოიხატება პროკურატურის დამოუკიდებლობა?
– დიახ. მე არ ვფიქრობ, რომ შოთაძე ანაგირიშს აბარებდა წულუკიანს და სამსახურებრივად მასზე დამოკიდებული იყო რაიმეთი. მით უფრო, როდესაც მთავარი პროკურორის შერჩევის და დანიშვის წესი გახდა მისი დამოუკიდებლობის გარანტი. მაგრამ, როდესაც ამ დანიშვნას აქვს პოლიტიკური შემადგენელი და პოლიტიკური გუნდის წევრი ხდება მთავარი პროკურორი, აქ მთავრდება დამოუკიდებლობის ხარისხი. რომ არა შერჩევის პროცესში პოლიტიკური ჩარევა, შერჩევა და დანიშვნა, მაშინ შალვა შავგულიძეს მივიღებით მთავარ პროკურორად.
პროკურატურის დამოუკიდებლ სტრუქტურად გასვლა, რამდენად სწორი და მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ქვეყნისთვის, მაშინ, როდესაც ვისმენთ შეფასებას, რომ პროკურატურა არის ის სტრატეგიული ობიექტი, რომლის კონტროლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილისთვის?
– ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთავარი პროკურორად ჰყავდეს საკუთარი, ყოფილი ადვოკატი, რომელთანაც ის შენობით ლაპარაკობს, რომელსაც ძალიან კარგად იცნობს და რომელიც, ზუსტად იცის, რომ მისი სრული კონტროლის ქვეშ იქნება. ივანიშვილს ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული რა დანაშაულები აქვს ჩადენილი მიშა სააკაშვილს და მის გუნდს, რომლებიც ამ დანაშაულისთვის არ დაისაჯნენ. ის, რომ მათ დანაშაულს ხელი დააფარეს, ორივე მხარის დანაშაულია თანაბრად, რადგან დანაშაულის დაფარვაც დანაშაულია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ივანიშვილის ინტერესებშია მთავარი პროკურორი არ იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, რომ ხვალ მას არ მიადგეს და პასუხი არ მოსთხოვოს მის მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის. გამორიცხულია საკონსტიტუციო ცვლილებებმა, ან კანონში შეტანილმა ცვლილებებმა შალვა თადუმაძე აქციოს ისეთ პროკურორად, რომელიც მიადგება ივანიშვილს, კვირიკაშვილს, ან ღარიბაშვილს.
წულუკიანმა თავი მოიწონა პარლამენტის წინაშე და თქვა, რომ 45 მილიონი დოლარის ქონება დავაბრუნეთო, მაგრამ გვითხრა რამდენი მილიონის ქონება იყო წართმეული უკანონოდ და აქედან დაბრუნებული 45 მილიონი წართმეული ქონების რა წილია და რა დრო დასჭირდებათ დანარჩენი ნაწილის დასაბრუნებლად? ვინც უკანონოდ წაართვა ეს ქონება ადამიანებს, იმათგან რამდენი დაისაჯა ამისათვის და როგორ?
თუ ამ კითხვებზე პასუხი არ იქნება (ცხადია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში არ იქნება, იმიტომ, რომ ივანიშვილი მართვას ყველას და ყველაფერს, ივანიშვილის პოლიტიკა არ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების არსებობა) პროკურორს რაც უნდა საკონსტიტუციო გარანტიები შეუქმნას კონსტიტუციამ და კანონმა, ის ვერ გახდება დამოუკიდებელი, თუკი არ იქნება პოლიტიკური ნება და პოლიტიკური ატმოსფერო ქვეყანაში.
პოლიტიკური ნების არარსებობამ შეიარყია „ქართული ოცნების“ რეიტინგი. ანალიტიკოსების განცხადებით, მთავარი მოტივი, რატომაც კლებადია „ქართული ოცნების“ რეიტინგი, ეს არის სამართლიანობის აღდგების კუთხით დაშვებული შეცდომები: ის, რომ პიჯაკებზე ასამართლებ სააკაშვილს; ძებნაში მყოფი მაღალჩიონსები ამოღებული არიან ინტერპოლის სიიდან; ქართული სასამართლო წარდგენილ ბრალდებაში ამართლებს დავით კეზერაშვილს; ეს აჩენს მძიმე კითხვებს პროკურატურასთან მიმართებაში. სასამართლო ამბობს, რომ პროკურატურამ ასეთი სახით მოიტანა საქმე, მე არ მაქვს უფლება წინასწარ გამოძიებაში დავაბრუნო საქმეო...
– მართალია სასამართლოს პოზიცია. მე არ მაწუხებს „ქართული ოცნების“ რეიტინგი. მე უფრო ის მაწუხებს, რომ ელემენტარული პრინციპია – არ არის სამართლიანობა, არ არის მშვიდობა. სამართლიანობის აღდგენის პროცესი არის ძალიან შრომატევადი და ხანგრძლივი საქმე, მაგრამ არც კი დაწყებულა ეს პროცესი. თუ საზოგადოებამ საერთოდ დაკარგა იმედი, მაშინ საკუთარი ხელით დაიწყებენ ანგარისწორებას, თვითონ დაიწყებენ სამართლიანობის აღდგებას. პერიოდულად ჩნდება მედიაში ცნობა, ვიღაცას ესროლეს, ვიღაცა მოკლეს და ა.შ. ეს ყველაფერი არის სწორედ ამ პროცესის შედეგი.
როდესაც ადამიანებმა დაინახეს, რომ სამართალი არ მუშაობს, რომ მისი დარღვეული უფლებების აღდგენას სახელმწიფო არ ცდილობს, ბუნებრივია, თავად იწყებს დარღვეული უფლებების აღდგენას, რაც ძალიან საშიში პროცესია. ხელისუფლებაში მოსვლა და მერე თავს ასვლა, დავიწყება იმისა, როგორ მოვიდა ხელისუფლებაში, თითქმის ყველა პოლიტიკურ ძალას ახასიათებდა და იგივე ხდება დღეს ჩვენს თვალწინ. იმდენად დაბალი კულტურის და პოლიტიკური მსოფლმხედველობის ადამიანებს ვირჩევთ და ვაძლევთ მანდატს, რომ ისინი ანგარიშს აღარ უწევენ არაფერს. ჰგონიათ, რომ სამუდამოდ არიან დაკერებული იმ სკამზე, რომლებზედაც სხედან.
ამ პრობლემის მოგვარებას შეძლებს შალვა თადუმაძე, რომელიც ამბობს, რომ ტემპი დაბალია და, რომ პროკურატურის საქმიანობა საკმაოდ სერიოზულ რეფორმირებას საჭიროებს?
– „შენელებულია“ ძალიან რბილად ნათქვამია. ძალიან მინდა შალვა თადუმაძეს ჰქონდეს იმის ბერკეტი, რომ სამართლიანობა აღადგინოს ამ ქვეყანაში, მაგრამ იმ ვითარებაში როგორც მოხდა მისი დანიშვნა, იმ პოლიტიკურ ატმოსფეროში რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, იმ მართვის სისტემაში, რომლითაც ეს ქვეყანა იმართება, მეეჭვება მან შეძლოს სამართლიანობის აღდგენა.
გუნდი, რომელიც სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოვიდა, რატომ არ უნდა იყოს დაინტერესებული? როგორ ფიქრობთ, ამის მიზეზია ის, რომ პროკურატურას ისევ ძველი კადრები მართავენ, თუ როგორც ამას თავად დაზარალებულები ამბობენ - პროკურატურა ფინანსურ გარიგებაში შევიდა დამნაშავეებთან. ისინი ამბობენ, რომ მათი დარღვეული უფლებები პროკურატურისთვის ფინანსების მიღების წყარო გახდა...
– ამ ბოლო დროს შეინიშნება, რომ ადამიანები ძალიან მოკლე თვალთახედვით უყურებენ ცხოვრებას და იმას, რაც ამ ქვეყანაში ხდება. თითქოსდა ერთი დღით ცხოვროვენ, არ ფიქრობენ იმაზე 10–20 წლის შემდეგ რა მოხდება და ეს ძალიან მაკვირვებს. არავინ არ ფიქრობს იმაზე, როდესაც არ ვიქნები და ჩემს შვილს ვიღაცა ეტყვის, რომ მამაშენი ან დედაშენი არ იყო კარგი ადამიანიო. გასაგებია, რომ ეს არ აწუხებთ, მაგრამ ხვალ რა იქნება იმაზე რომ არ დარდობენ, ეს არის გასაოცარი.
ეს ადამიანები დღევანდელი დღით ცხოვრობენ, ფიქრობენ მხლოდ იმაზე, მოასწრონ და დააგროვნონ ქონება, რადგან ხვალ რომ არ იქნებიან ხელისუფლების სათავეში, მათი პროფესიული გამოცდილება თუ განათლება იმდენად მდარეა, რომ არანაირი პერსპექტივა არ აქვთ ასევე წარმატებით გააგრძელონ ცხოვრება. ამიტომ, ეს არის მათი ერთადერთი შანსი და ამ შანსის მაქსიმალურ გამოყენებას ცდილობენ. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ არავინ არ ფიქრობს სახელმწიფოებრივად და არავის არ აწუხებს ტერმინი – სამშობლო და საკუთარი ხალხი.