16 ივლისს ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში მორიგი ტრაგედია დატრიალდა - დაიღუპა ოთხი მეშახტე და დაშავდა ექვსი. შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა - გამოძიების დასრულებამდე ოცდახუთივე შახტი დაიხურა. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ. მამუკა ბახტაძის განცხადებით, შახტი მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, თუმცა, დასაქმებულები ხელფასს მიიღებენ. საქართველოში 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ასევე გლოვის დღედ იყო გამოცხადებული 6 აპრილი, როდესაც 5 მეშახტე დაიღუპა - მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე ვადით. 5 აპრილს მომხდარი ტრაგედიის ფაქტზე დაწყებული გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.
„საქნახშირის“ მფლობელი კომპანიის, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ინფორმაციით, 2006 წლიდან ათეულობით მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდა და „საქნახშირში“ აღდგა სრული საწარმოო პროცესი, სრულად შეიცვალა არსებული ინფრასტრუქტურა, დასაქმდა 1400 მეშახტე.
თუმცა, კომპანია ასევე აცხადებს, რომ ტყიბულში არსებული შახტების სპეციფიკიდან გამომდინარე, ვერ მოიძებნა გადაწყვეტილება, რომელიც ნახშირის მოპოვებას მთლიანად უსაფრთხოს გახდიდა, აქედან გამომდინარე, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი გამოთქვამს მზადყოფნას, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯების მიუხედავად კომპანია „საქნახშირი“ უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს.
შსს-ს ვერსიით, მინდელის სახელობის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, აუცილებელია, კანონმდებლობის გამკაცრება და შრომითი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დანერგვა.
„ის, რომ 2018 წელს შახტებში 11 ადამიანია გარდაცვლილი და 10 დაშავებული, იმის მაჩვენებელია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მსგავს შემთხვევებზე ადეკვატური რეაგირება არ მომხდარა“,- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ამასთან მარგველაშვილი მიესალმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებას შახტის დახურვის შესახებ გამოძიების დასრულებამდე.
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, 2018 წელს სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა 29 ადამიანი, მძიმედ დაშავდა 24 ადამიანი. აქედან შახტებში 11 ადამიანი დაიღუპა, 10 კი მძიმედ დაშავდა. 2017 წელს სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა 41, დაზიანებები 66–მა ადამიანმა მიიღო.
მარტის დასაწყისში პარლამენტმა დაამტკიცა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაწესებას და კონტროლის სისტემის შექმნას.
როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, ჩვენ გვჭირდება შრომის დაცვის მაღალი სტანდარტები.
„1-ელი აგვისტოდან შესაბამისი სამინისტრო იწყებს ძალიან მნიშნელოვან პროგრამას, რომელიც იმედს მაძლევს, რომ ეს პრობლემა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება“, - აცხადებს პრემიერი.
როგორც პრემიერმა არნიშნა, აუცილებლად დადგინდება, შეასრულა თუ არა კომპანიამ აქამდე გაცემული რეკომენდაციები.
„ამ მიმართულებით, შესაბამისი დავალებები მიცემული აქვს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომლებსაც ისინი აუცილებლად შეასრულებენ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს კომპანიასთან და შახტში დასაქმებული ადამიანები სახელფასო ანაზღაურებას ჩვეულებრივად მიიღებენ.
„ეს იქნება ყველანაირი წყაროდან, როგორც კომპანიის, ასევე - სხვა, მაგრამ რაც მთავარია, ისინი აუცილებლად მიიღებენ სახელფასო შემოსავალს... როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ეს უნდა ეხებოდეს ყველა სფეროს, ადამიანის უფლებებით დაწყებული, მომხმარებელთა უფლებების დაცვით, მათ შორის, რა თქმა უნდა შრომის პირობებით დასრულებული... რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ერთ დღეში შეიძლება შევცვალოთ ის ძალიან მძიმე სტატუს-კვო რაც წლების განმავლობაში დაგროვდა, მაგრამ ამის დაწყება და პრინციპული გატარება მნიშვნელოვანია, რასაც ევროპელი დონორების მხარდაჭერით აუცილებლად გავაკეთებთ“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
როგორც „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა, ჯამბულ ჯაყელმა განაცხადა, შემთხვევა, რამაც ტრაგედია გამოიწვია, სავარაუდოდ, სამუშაოს წარმოებისას დაუდევრობას მოჰყვა.
„აქ მარტო მეთანის აფეთქება არ არის პრობლემა. ჩემი ვერსიაა, რომ არასწორი აფეთქება მოხდა, ან აფეთქება მეთანთან ერთად, თუმცა, მე არ მომეცა საშუალება მენახა შემთხვევის ადგილი, დილიდან დაკითხვაზე ვიმყოფები. გარდა ამისა, ჭერის 10%-იც არ არის ჩამონგრეული, დაშავებულებიც ადვილად მოვძებნეთ. შემთხვევა დაახლოებით, 04:20 წუთზე მოხდა, 5:00 საათისთვის უკვე დაშავებულები ნანახი გვყავდა, დანარჩენებიც ნახევარ საათში ვიპოვეთ“, - განაცხადა ჯაყელმა.
რაც შეეხება სხვა რეკომენდაციებს, რაც გამომუშავებული ადგილების ამოქოლვას ითვალისწინებდა, რომ არ დაგროვებულიყო მეთანი და არ გამოეწვია აფეთქება, ჯაყელმა განაცხადა, რომ ასეთი ადგილები შახტაში ამოქოლილია.
„მაგალითად, აპრილში აფეთქება მოხდა მინდელის შახტის იგივე უბანზე, აღმოსავლეთ ნაწილში. ეს ნაწილი ამოქოლილია. ახლა შემთხვევა მოხდა ამავე უბნის დასავლეთ ნაწილში, სადაც გამომუშავებული სივრცე ფაქტობრივად არ არის. აფეთქება მოხდა ახალ უბანზე, ვფიქრობ, რომ ეს დაუდევრობამ გამოიწვია, რაღაც გადაცდომასთან გვაქვს საქმე, თუმცა, ამას გამოძიება დაადგენს“, - განაცხადა ჯაყელმა.
რაც შეეხება პასუხისმგებელი პირების ბრალეულობის საკითხს და მათ მიმართ გატარებულ ღონისძიებებს, როგორც ჯაყელი აცხადებს, რამდენიმე შემთხვევაში როგორც მაღაროს მთავარი მექანიკოსის, ასევე უბნის უფროსების პასუხისმგებლობის საკითხი დადგა.
ბიზნესი და პოლიტიკა
„საქნახშირი“, ისე, როგორც კიდევ რამდენიმე კომპანია საქართველოში, ბიზნესმენ და პოლიტიკოს ძმებს, დავით და გელა ბეჟუაშვილებს ეკუთვნის - საინტერესო დეტალი ის არის, რომ ისინი ერთდროულად ბიზნესმენებიც არიან და პოლიტიკოსებიც, თუმცა ხდება ისეც, რომ ზოგჯერ აქტიურად არიან პოლიტიკაში, ზოგჯერ ნაკლებად დომინირებენ. მაგალითად, წინა მოწვევის პარლამენტში დავით ბეჟუაშვილმა საპარლამენტო უმცირესობა - ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.
დავით ბეჟუაშვილი 1999 წელს პარლამენტში, მაშინდელი მმართველი პარტიის, „მოქალაქეთა კავშირის“ მაჟორიტარ დეპუტატად შევიდა; 2004, 2008 და 2012 წლებში კი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარის სტატუსით.
ბეჟუაშვილის წინააღმდეგ, საქართველოს პროკურატურამ დიდძალი თანხების მითვისების გამო, სისხლის სამართლის საქმე, ჯერ კიდევ 2000 წელს აღძრა და რამდენჯერმე მოითხოვა მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა, თუმცა უშედეგოდ.
როგორც იმ პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, მიხეილ მაჭავარიანი აცხადებდა, „დათოს ედავებოდა შევარდნაძის ხელისუფლება, უნდოდათ იმუნიტეტის მოხსნა“.
„დათო ჩვენი თანაგუნდელი და თანამოაზრე იყო, ძალიან რთულ პერიოდში. ახლაც, ძალიან რთული პერიოდი გამოიარა ჩვენთან ერთად. წარმოიდგინეთ, ერთი წელი იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნების შემდეგ. მან რამდენიმე თვით ადრე გულახდილად გვითხრა, რომ შესაძლებელი იყო ასეთი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის მთელ რიგ საკითხებზე ჩვენთან კარებს კეტავს“- აღნიშნავდა მაჭავარიანი.
დავით ბეჟუაშვილის ძმას გელა ბეჟუაშვილს ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში, ეკავა მაღალი თანამდებობები საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში; სააკაშვილის ხელისუფლებაში ჯერ თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, მოგვიანებით ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრად. 2008 წლის თებერვლიდან კი საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად.
საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხის მიუხედავად, გელა ბეჟუაშვილმა თანამდებობა კოაბიტაციის დასრულებამდე შეინარჩუნა და შემდეგ კი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც გარკვეული პერიოდი შეინარჩუნა თანამდებობა.
ძმები ბეჟუაშვილები ქართულ პოლიტიკასა და ბიზნესში 1998 წლიდან გააქტიურდნენ, როდესაც სახელმწიფო კომპანია „საქტრანსგაზმრეწვის“, (იგივე „საქგაზი“) ქონება გადაეცათ. მათ შორის, გაზის გამანაწილებელ ქსელსი და მილსადენი, რომლითაც რუსეთიდან საქართველოსა და სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება ხდებოდა. არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი და გელა ბეჟუაშვილი თანაკურსელები იყვნენ კიევის უნივერსიტეტში.
1998 წელს, სატენდერო კომისიის წევრის, მირიან ყარაულაშვილის მტკიცებით, ბეჟუაშვილს სახელმწიფო კომპანიის დაუფლებაში აქტიური მხარდაჭერა ჰქონდა მიხეილ სააკაშვილისგან, რომელიც მაშინ ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირის“ თავჯდომარე იყო.
„საქგაზი“ გახდა შუამავალი საქართველოს დედაქალაქის რუსული გაზით მომარაგების საქმეში. იმ პერიოდის მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ძვირი, გაორმაგებული გაზის საფასურით დააგროვეს პირველადი კაპიტალი. ძალიან მალე გააკოტრეს „თბილგაზი“, ასევე, ვალები აჰკიდეს სხვა მსხვილ ქართულ საწარმოებს.
2000-2003 წლებში პროკურატურამ რამდენჯერმე მოითხოვა დავით ბეჟუაშვილისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა, ერთ-ერთ ეპიზოდში, გამოძიება მას 2 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა, თუმცა ვერაფერს გახდა.
სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში მათი ჰოლდინგის ანუ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ მფლობელობაში გადავიდა ათამდე თბო და ჰიდროელექტროსადგური.
ბეჟუაშვილებს ასე სერიოზული წილი უჭირავთ საქართველოს ცემენტის, კირის, ღორღის, მშენებლობის, უძრავი ქონების, ტურიზმის და ალკოჰოლური სასმელების ბაზრებზე.
მთლიანობაში „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აერთიანებს და მართავს ორმოცზე მეტ კომპანიას ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების მოპოვება-დამუშავების, საშენ მასალათა წარმოების, ლოჯისტიკური მომსახურების, დეველოპმენტის, მედიაბიზნესისა და სხვა სფეროებში. მის შემადგენლობაში შედის ისეთი კომპანიები, როგორიცაა, მაგალითად, „ავტოგაზი“, ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა, „ჭიათურის მარგანეცი“, ევროპული სკოლა, „ინდუსტრია კირი“, „ტიფლის სიტი“, „ინტერტრანსი“, „საქინვესტი“, საქართველოს მედიაგაერთიანება „ჯორჯიან ბიზნესკონსალტინგი“.
ასევე ცნობილია, რომ ბეჟუაშვილების კომპანია „გლობალტრანი“ასეულობით მილიონი ლარის ოდენობის სახელმწიფო ტენდერებს იგებდა.
ძმები ბეჟუაშვილები ასევე მსხვილი აქტივებით იყვნენ წარმოდგენილნი საქართველოს მედია და სარეკლამო ბაზარზეც. სხვადასხვა დროს ისინი წილებს ფლობდნენ ტელეკომპანიებში „რუსთავი2“, „იმედი“, „მზე“, ასევე, „პირველ სტერეოსა“ და „პირველ რადიოში“.
რაც შეეხება „საქნახშირს“, შახტებში ტრაგედია მხოლოდ ბოლო ორი წლის მანძილზე არ დატრიალებულა - პრობლემა დიდი ხანია არსებობს. ჯერ კიდევ 2008 წელს აღნიშნულ კომპანიას აშშ-ს დახმარებისა და განვითარების ფონდმა USAID-მა უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესებისთვის გრანტის სახით 540 000 აშშ დოლარი გამოუყო, თუმცა როგორც ჩანს, თანხა მიზნობრივად არ დახარჯულა.
თავის დროზე, ბეჟუაშვილები მერაბიშვილის ფრთის ბიზნესმენებად მოიაზრებოდნენ, როგორ მორიგდნენ დღევანდელ ხელისუფლებასთან, ამისი აფიშირება ნაკლებად ხდება, მაგრამ, თუ ჩავთვლით, რომ შახტების სახელმწიფოსთვის დაბრუნების წინადადება ერთგვარი ჟესტია, როგორც ჩანს, ახალი პრემიერის პირობებში შედარებით „ფხიზლად“ მოუწევთ ყოფნა.
მეორე მხრივ, ასეთი წინადადების მიღება შესაძლოა, ექსპროპრეაციად ჩაითვალოს და იგივე, ბეჟუაშვილის მედიამ ასეთი პიარიც აუგოროს ამ ხელისუფლებას; თუმცა დრო იმასაც გამოაჩენს, მოიპოვებენ თუ არა ბიზნესმენ-პოლიტიკოსი ძმები ამ ჟესტით ბახტაძის კეთილგანწყობას და საერთოდ რას გულისხმობს სამართლიანი თამაშის წესები ბიზნესში.