„ადამიანები სოციალურად მიშვებულნი, არარეალიზებულნი არიან და მხოლოდ ბიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე ფიქრობენ“

„ადამიანები სოციალურად მიშვებულნი, არარეალიზებულნი არიან და მხოლოდ ბიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე ფიქრობენ“

ხადას ხეობაში მოკლული ამერიკული ოჯახის ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. ზოგიერთებმა თავიანთი თანაგრძნობა ამერიკის საელჩოსთან ყვავილების მიტანითა და სანთლების დანთებით გამოხატეს, ზოგიერთებმა კი დაასკვნეს, რომ სამარცხვინო ერი ვყოფილვართ, რომელმაც სტუმარიც არ დაინდო.

პატრიარქმა სოფელ ხადაში მომხდარი მკვლელობის გამო ამერიკელ ხალხს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ მსოფლიოშიც და ჩვენს ქვეყანაშიც გახშირებული მძიმე დანაშაულების მიუხედავად, ჩვენს საზოგადოებას მწვავე რეაქცია ჰქონდა, რადგან ტრაგედიის მსხვერპლი იყო მთელი ოჯახი, მით უმეტეს, სტუმრად მყოფი ოჯახი.

დამნაშავეს რომ ეროვნება არ აქვს, ეს არაერთგზის დადასტურებულა. 2013 წელს ზუსტად ივლისის თვეში მთელი საქართველო შეძრა 16 წლის ქართველი მარიამ კოჩალაძის სადისტურმა მკვლელობამ, რომლის ჩამდენმა ირანელმა ვიზიტორმაც უპრობლემოდ დატოვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია. ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მოკლულ გოგონას კი ყელი ჰქონდა გამოჭრილი და ზურგზე ქვა ჰქონდა დადებული, მისი ველოსიპედი კი დაკარგული იყო. მაშინ ამბობდნენ, რომ მარიამ კოჩალაძე სექსუალური მანიაკის მსხვერპლი გახდა და დანაშაული გამიზნულად მოხდა ასეთ მიუვალ ადგილას, სადაც მხოლოდ მეთევზეები დადიოდნენ.

რა იწვევს აგრესიას? რა იწვევს სადიზმს და რას ნიშნავს „გამამართლებელი“ ფრაზები, ბავშვი ტიროდა და იმიტომ მოვკალიო?!

ფსიქოლოგი, კლინიკური ფსიქოლოგიის დარგის სპეციალისტი კონსტანტინე პოზოვი For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ, როცა ადამიანი ფსიქოზურ მდგომარეობაშია, აღარ იცის, როგორ მონახოს გამოსავალი და როგორ დაფაროს თავისი მოქმედების კვალი, მაშინ აქ ბავშვის შებრალებაზე აღარც არის საუბარი. დამნაშავე მოქმედებს და არ იაზრებს იმას, რასაც აკეთებს. უბრალოდ, მას სურს, გადარჩეს და ამ პრინციპით სჩადის ერთი დანაშაულის შემდეგ მეორე დანაშაულს.

„ახლა ჩვენ ცივი გონებით ვმსჯელობთ, როგორთუ არ შეებრალა მცირეწლოვანი ბავშვი, მაგრამ აქ სულ სხვა პროცესებია ფსიქიკასთან მიმართებით. განა სხვა მაგალითები არ გვაქვს? ყოველდღიურობაში რას არ სჩადიან ახალგაზრდები? ამის მიზეზი რა არის? მიზეზია ის, რომ ადამიანი სოციალიზირებული არაა, მისი მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელია, არ არის რეალიზებული. ასეთი გამონათქვამიც არსებობს, ბარში ჭკუა რომ დაიკარგება, მთაში მოიძიებენო. აქ მართლაც მძიმე სიტუაციაა, წარმოიდგინეთ, ბარში გვიჭირს და ამ დროს მთაში რა ხდება, სადაც ხალხი მიტოვებულია?

არის ასეთი ტერმინი- „სოციალურად მიშვებული“, მთაში მართლაც სოციალურად მიშვებულები არიან, რეალიზებულნი არ არიან, ცნობიერება დაბალი აქვთ და რაზეა საუბარი? მხოლოდ ბიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე? სად არის სულიერი მოთხოვნილება? მისასალმებელია, რომ პატრიარქი ეხმაურება ამ ტრაგედიას, მაგრამ კარგი იქნება, სასულიერო პირები უფრო ხშირად მუშაობდნენ ხალხთან ასეთ რეგიონებში, მათ უნდა გაანათლონ ადამიანები. გარდა ამისა, ისიც უნდა გაირკვას, რატომ ჰქონდა თოფი მოზარდს? ეკუთვნოდა, რომ ჰქონოდა? ყველაფერი ეს ხომ საზოგადოების ბრალია, ჩვენი ცნობიერება თანდათანობით ძალიან დაბლა იწევს და, ფაქტობრივად, ცხოველურ სამყაროში ვცხოვრობთ“, - აცხადებს კონსტანტინე პოზოვი.

მისივე მოსაზრებით, ეს ყოველივე უთუოდ უარყოფითად აისახება ტურისტულ ნაკადზე. ტურისტებს როცა ესმით, რომ მთიან რეგიონში უცხოელებს ასეთი რამ დაემართათ, ისურვებენ კი საქართველოში ჩამოსვლას? რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რამენაირად გავიმართლოთ თავი. ისიც კარგია, რომ ერი კონსოლიდირებულია და ამ ტრაგედიას განიცდის. თუმცა ასეთი განცდების მიუხედავად, ფსიქოლოგი გვირჩევს, რომ საჯაროდ იმის განცხადება, თითქოს ჩვენ სამარცხვინო ერი ვართ, არ შეიძლება, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა გვაქვს. უბრალოდ, ჩვენ უნდა შევაფასოთ ჩვენი თავი, გავიაზროთ საკუთარი შეცდომები, უნდა ვიცოდეთ ჩვენი შეცდომებიც და მიღწევებიც. ეს ტრაგედიაც უნდა გავიაზროთ, თორემ, თუ ჩვენ სამარცხვინო ერი ვართ, მაშინ ჩვენც დანაშაულის ჩამდენნი ვყოფილვართ. ამიტომ სჯობს, ვალდებულება ავიღოთ ერთმანეთის წინაშე და საქმე უფრო ვაკეთოთ, ვიდრე ასეთი მკვეთრი შეფასებები გავაკეთოთ. მით უმეტეს, რომ ეს ფაქტი კრიმინალია და აქ არ არის საუბარი, ქართველი კარგია თუ ცუდი.

ჩვენც გვახსოვს ცალკეული შემთხვევები, როცა ვიზიტორებად ჩამოსული უცხოელები რას არ სჩადიოდნენ. ამდენად, კრიმინალი ყველა ერშია და ყველგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ისიც ფაქტია, რომ მომხდარის შესახებ ჩვენ დეტალები არ ვიცით და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხანდახან არის კიდეც დანაშაულის გამომწვევი მიზეზები, რაც, რა თქმა უნდა, მთლიანობაში, არ ამართლებს კრიმინალურ ქმედებას.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა ბერძენიშვილი For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ასეთი ტრაგიკული ფაქტები ყველგან ხდება. უბრალოდ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თავისი მოქალაქის და, ასევე, სტუმრად ჩამოსული ტურისტის დაცვა და შესაბამისი ორგანოები უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე.

„დანარჩენი უკვე, მათ შორის, ბუნებრივი სტიქია, ბუნებრივი მოვლენები ჩვენს კონტროლს მიღმაა. ეს რისკები უნდა შემცირდეს და, პირველ რიგში, კონტროლია მნიშვნელოვანი. ერთეული ტრაგიკული ფაქტები მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს ტურისტულ ნაკადზე, მაგრამ ამან არ უნდა მიიღოს სისტემური ხასიათი“, - აცხადებს მამუკა ბერძენიშვილი.