თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობისთვის ბრალდებულებს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. აჰმედ ჩატაევთან კავშირის ბრალდებით სუს–მა 7 პირი დააკავა, ხოლო, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ახმედ ჩატაევი, დაჯგუფების ორი წევრი – ასლამბეკ სოლტახმედოვი და იბრაჰიმ ადაშევი მოკლეს. სპეცოპერაციის ჩატარებამდე სამართალდამცველებმა დაჯგუფების ერთი წევრი, ეროვნებით ჩეჩენი შოაიფ ბორზიევი დააკავეს. მას ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.
რამოდენიმე დღეში სუს–ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩაატარა და ტერორიზმში ბრალდებულთა ჯგუფთან კავშირზე მყოფი პირები – რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი, რამაზ მარგოშვილი და ზურაბ გორნაკაშვილი დააკავა. სპეცოპერაციის შედეგად, ლიკვიდირებული იქნა თემირლან მაჩალიკაშვილი.
მოგვიანებით სუს–მა ანალოგიური ბრალდებით, ანატოლი ბერძენიშვილი და ზურაბ იდოიძე დააკავა. ყველა მათგანს გამოძიება ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას და რესურსებით უზრუნველყოფას ედავება. სუს–ის ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულები ჩატაევთან ერთად საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.
რაც შეეხება საქმის მასალებს, გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში აჰმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, აჰმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ–საქართველოს საზღვართან, კირნათი–მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში.
ერთ–ერთი ყველაზე სკანდალური საქმის პროკურორი, ნანა ხუნჯუა ამბობს, რომ ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იმდენად მყარია, რომ ბარლდებულებს რიგ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება მოუწიათ.
„მიუხედავად იმისა, რომ მარგოშვილი საკუთარი ჩვენებით ბრალდებას არ აღიარებს, ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იმდენად მყარი იყო, რომ მას მაინც მოუწია გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება. კერძოდ, მან დაადასტურა, რომ კარგად იცნობდა ახმედ ჩატაევს, ასევე დაადასტურა, რომ სირიაში იმყოფებოდა ახმედ ჩატაევთან, საიდანაც დაბრუნდა კონკრეტული დავალებებით, რომელიც მისცა ჩატაევმა, ეხმარებოდა მას პირადი ვალების ამოღებაში და ა.შ.
ბრალდებული ასევე შეეცადა ბრალდების ერთ–ერთი მოწმის შავლახ ქავთარაშვილის დისკრედიტაციას, იქიდან გამომდინარე, რომ ამ მოწმემ ბრალდებულის მამხილებელი ჩვენება მისცა სასამართლოს. მარგოშვლილმა კონკრეტული არგუმენტების და დასაბუთების გარეშე განაცხადა, რომ ქავთარაშვილი გეგმავდა კონკრეტული დანაშაულების ჩადენას. მან ასევე დაადასტურა ნაცნობობა ბრალდებულ შოაიფ ბორზიევთან და სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულ პირებთან, ასლანბეგ სოლტ ახმედოვთან და იბრაჰიმ ადაშევთან და ეს ხალხი მასთან სტუმრად იმყოფებოდა პანკისში რამოდენიმეჯერ“, – აცხადებს ნანა ხუნჯუა.
7-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ბერძენიშვილმა სასამართლოზე დუმილი დაარღვია და დაადასტურა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ორჯერ იმყოფებოდა, სადაც ახმედ ჩატაევს საქართველოში მისი შემოყვანის საკითხთან დაკავშირებით ესტუმრა. როგორც ბრალდებული აცხადებს, ჩატაევთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ბერძენიშვილისგან განსხვავებით, ჩატაევთან კავშირს უარყოფს ბრალდებული ზურაბ იდოიძე. ჩატაევთან კავშირს ადასტურებს ბრალდებული რუსლან ალდამოვი, რომლის ჩვენებით, მონაწილეობდა ჩატაევის ჩამოყვანაში საზღვრისპირა რეგიონიდან.
ანატოლი ბერძენიშვილის ჩვენება: „ორჯერ ვიყავი თურქეთში ვიზიტად ახმედ ჩატაევთან მისი საქარათველოში შემოყვანის თაობაზე. შევხვდი მას და შემდეგ უკვე, როდესაც მესამედ გადავედი, სწორედ ამ პერიოდში მივაცილე საზღვრამდე ჩატაევი, მაგრამ მესამე გადასვლის დროს პირად საქმეზე ვიყავი“.
რუსლან ალდამოვის ჩვენება: „საქართველოში შემოსული ჩატაევი ჩამოვიყვანე თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩამდე, თუმცა ეს შიშით და იძულებით გავაკეთე, ვინაიდან სხვა ბრალდებულებმა წამიყვანეს საზღვრისპირა რეგიონში და იქ ვნახე ჩატაევი. შემდგომ კი იძულებული ვიყავი, რომ ჩამომეყვანა“.
ზურაბ იდოიძეს ჩვენება: „ნამდვილად ვიყავი თურქეთში და საზღვრამდე ჩატაევის ტრანსპორტირებაში ვიყავი ჩართული. თუმცა 2 დღის განმავლობაში ვიყავიი ბინაში დატოვებული, ამავე პერიოდში ჩემთან ერთად გადასული ზურა გორნაკაშვილი ვის შეხვდა და რა მოიმოქმედა, ჩემთვის უცნობია“.
ანატოლი ბერძენიშვილის ადვოკატის ინგა ბოლოთაურის განცხადებით, არსებობს ეჭვი იმის შესახებ, რომ ჩატაევი საქართველოში სუს-ის თანამშრომლებმა შემოიყვანეს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ამის შესახებ ბერძენიშვილს სასამართლოზე არ უსაუბრია.
„არსებობს ასეთი ვარაუდი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისგან, რომ ახმედ ჩატაევი არის შემოყვანილი რუსული სპეცსამსახურის თანამშრომლების დახმარებით. ამაზე მეტ პასუხს ვერ გაგცემთ. მისთვის უცნობია, თუ როგორ შემოვიდა ახმედ ჩატაევი საქართველოში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს. ასევე, გეტყვით იმასაც, რომ როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ბერძენიშვილმა მითხრა, მას სპეცსამსახურებთან საუბარი ჰქონდა მის და ჩატაევის კავშირებზე და თანაც არაერთხელ. საუბარი ჰქონდა სპეცსამსახურებთან 2011 წლიდან მოყოლებული, რადგან დაახლოებით 2010–2011 წლებიდან იცნობდა ჩატაევს“, – აცხადებს ინგა ბოლოთაური.
ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობისთვის ბრალდებულების ადვოკატი ანვითარებს ვერსიას, რომ ბერძენიშვილმა ჩატაევი საქართველოში სუს-ის თანამშრომლების დახმარებით შემოიყვანა.
„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი არ გამორიცხავს, რომ ჩატაევის საქართველოში შემოყვანა დაგეგმილი ოპერაცია ყოფილიყო. მისი თქმით, სპეცსამსახურების ხელწერაში არის ცნობილი მეთოდი – შემოტყუება და ლიკვიდაცია.
„ზოგადად, ყველა სპეცსამსახურისთვის ეს იქნებოდა უმაღლესი კლასის ოპერაცია. ბერძენიშვილის და ამ ჯგუფის სასამართლო ახლა იწყება, ახლა დაიწყო ამ ჯგუფმა ჩვენებების მიცემა სასამართლოზე. მესმის თქვენი ჟურნალისტური ინტერესი, მაგრამ, ალბათ, სხვა ინფორმაციებსაც უნდა დაველოდოთ. თუ ზოგადად ვიმსჯელებთ, ვის აწყობდა ჩატაევი აქ, საქართველოში, ამერიკას, თურქეთს თუ რუსეთს, ანუ ვის ინტერესებში იყო მისი შემოსვლა და ვინ აკონტროლებდა რეალურად მას, ეს თემა არის საინტერესეო და ამავე დროს პრობლემური.
არ გამოვრიცხოთ, რომ მიზანმიმართულად მოხდა მისი საქართველოში შემოყვანა. ჩატაევი უკვე იმდენად ოდიოზური ფიგურა იყო, რომ საჭირო იყო მისი თავიდან მოცილება. ეს არის ერთ–ერთი ვერსია და, თუ ამ ვერსიას გავყვებით, ნათელი ხდება, რატომ არ მოხდა მოლაპარაკებები, რატომ არ მოხდა მათი ცოცხლად აყვანა და რატომ მიიღო ამ ოპერაციამ არა სპეცოპერაციის, არამედ საბრძოლო ოპერაციის სახე. ჩატაევის და იგივე მაჩალიკაშვილის მკვლელობით ძალიან ბევრი ინფორმაცია იკარგება“, – აცხადებს ბესიკ ალადაშვილი.
„სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, ზურაბ აგლაძე თვლის, რომ ამ ეტაპზე და არსებული ინფორმაციის საფუძველზე რთულია საუბარი იმაზე, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებთან შეთანხმებით მოხდა ჩატაევის და მისი ჯგუფის საქართველოს ტერიტორაზე შემოყვანა.
„ეს ის შემთხვევაა, როდესაც მხოლოდ ვარაუდებზე ვერ ვისაუბრებთ. ფაქტია, რომ ერთ–ერთი ყველაზე საშიში ტერორისტი შედის თურქეთში და შემდეგ შემოდის საქართველოში, სახლდება თბილისში და თავს გრძნობს უსაფრთხოდ. ეს არის შემდგარი ფაქტი და ფაქტია ისიც, რომ ჩვენს უსაფრთხოებას დაემუქრა საფრთხე. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ჯგუფს მხარდამჭერები ჰყავდეს საქართველოში.
ამ ეტაპზე გასარკვევია კავშირები, რადგან 7 ადამიანის დაკავებით და ჩატაევის ლიკვიდაციით საფრთხე მოხსნილი არ არის. 21–ე საუკუნეში ტერორიტული საფრთხისგან არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული, მით უმეტეს საქართველო. ახლოს ვართ რეგიონთან, რომელიც ფეთქებადსაშიშია. ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანია იმ კავშირების გაშიფვრა, რომელიც ჩატაევს და მისი ჯგუფს აკავშირებს საქართველოსთან“, – ამბობს ზურაბ აგლაძე.
საფრთხე რომ მოხსნილი არ არის, ამაზე ყურადღებას ამახვილებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, ბევრ რამეზე უწევთ დაფიქრება სპეცსამსახურებს და იმაზეც, რომ კავკასიელებთან, ამ შემთხვევაში, იმ ტერორისტულ ჯგუფთან, რომელსაც ჩატაევი წარმოადგენდა, მეგობრულ რეჟიმში ვიმყოფებით.
„ეს იძლევა იმის გარანტიას, რომ ეს ჯგუფი არაფერს ავნებს საქართველოს? – რასაკველია - არა. ამიტომ, ალბათ, სულ გვექნება პრობლემა და სულ იქნება იმაზე ზრუნვა საჭირო, რომ ვიყოთ უსაფრთხოდ. დასავლეთმაც ახლა აღმოაჩინა, რომ როდესაც საქმე ტერორიზმს ეხება, უსაფრთხოება არ არის გარანტირებული. უსაფრთხოება არის ის, რაზეც მუდმივად უნდა იზრუნო. რაღაც ანალოგიურ რეჟიმში ჩვენც მოგვიწვეს ყოფნა – თუ მე არავის ვავნებ, მეც არავინ დამემუქრება, ეს კონცეფცია ამ შემთხვევაში არ გამოდგება, საფრთხე ყოველთვის იქნება და ვიზურნოთ იმაზე, რომ შევამციროთ საფრთხის რისკი“, – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.