ნატო-ში შიშობენ, რომ დონალდ ტრამპი შესაძლოა, ვლადიმერ პუტინს მათ ზურგსუკან გაურიგდეს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა EL Pais-ი იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, თუ ადრე აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას ყველა იმედიანად უყურებდა, ახლა ეს იმედი შიშის შემცველია, რადგან დონალდ ტრამპი არაპროგნოზირებადია და ყველაფერი მის გუნებაზეა დამოკიდებული.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები შეეცდებიან, დაარწმუნონ ტრამპი, რომ მან ფინეთში მოკავშირეებთან შეთანხმებული პოზიცია დაიცვას.
ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ პოლიტოლოგები მოელიან, რომ ტრამპი როგორც კარგი მოვაჭრე, შეეცდება, რუსეთთანაც ივაჭროს. თავის მხრივ, არც რუსეთი იტყვის უარს ვაჭრობაზე. შესაბამისად, ვაჭრობის საგნად შეიძლება იქცეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბრის შეწყვეტა. თუკი რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს ჩაიგდებს ხელში, შესაძლოა, კომპრომისზე წავიდეს და ასადის რეჟიმიც კი დათმოს.
თავად აშშ-ის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, პუტინთან შეხვედრა უფრო მარტივი იყოს, ვიდრე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკების გამართვა.
როგორ მომართავს პრეზიდენტ ტრამპს მისი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი, უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს ჯონ ბოლტონი კრემლის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი იყო. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რუსეთისადმი ქორულად განწყობილი ჯონ ბოლტონი ახლა გადაიქცა ერთგვარ მშვიდობის მტრედად და სწორედ იგი ამზადებს ტრამპისა და პუტინის შეხვედრას.
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი თამარ კიკნაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს ბიზნესის ელემენტები გადააქვს პოლიტიკაში, რუსეთი კი ეკონომიკური თვალსაზრისით ამერიკისთვის ძალზე მომგებიანია, რადგან იგი არ არის ეკონომიკურად განვითარებული, ასე ვთქვათ, აუთვისებელია.
„მართალია, რუსეთს სამხედრო ძლიერება გააჩნია, მაგრამ არ არის ეკონომიკურად განვითარებული და სწორედ ამიტომაა რუსეთი მიმზიდველი როგორც ამერიკისთვის, ისე ევროპისთვის. ჩემი აზრით, ეს არის ე.წ. პაექრობა ამერიკა-ევროპას შორის. გარდა ამისა, რა იყო იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც მანამდე აწარმოებდნენ ამერიკა და ევროპა? ამის შედეგი იყო ის, რომ რუსეთი ჩაეხუტა ჩინეთს. რუსეთისთვის ჩინეთი აღმოჩნდა კარგი პარტნიორი იმ მხრივ, რომ ჩინეთი არ უწესებს სანქციებს რუსეთს, არ ამხელს, თუ რატომ მოახდინა მან ყირიმის ოკუპირება, რატომ არ იცავს ადამიანის უფლებებს, რასაც ევროპა და ამერიკა განუხრელად უყენებს რუსეთს. ამდენად, კომფორტულია რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობა, მაგრამ არც ამერიკისთვის და არც ევროპისთვის ჩინეთ-რუსეთის ასეთი ახლობლობა მომგებიანი არ არის“, - აცხადებს თამარ კიკნაძე და მიიჩნევს, რომ ტრამპი, როგორც ძალზე პრაგმატული ადამიანი, სხვანაირად უდგება რუსეთის საკითხს.
პოლიტოლოგის შეფასებით, დონალდ ტრამპს, ასევე, სჭირდება რუსეთთან ურთიერთობა სტაბილურობისთვის მთელ მსოფლიოში, რადგან, თუ იგი ვერ შეინარჩუნებს სტაბილურ მსოფლიოს, მაშინ მისი ოპონენტები აშშ-ში ეტყვიან, რომ დემოკრატები და ფინანსური კლანები გაცილებით უკეთესად ახერხებდნენ ამ პრობლემის გადაჭრას. ამიტომ ამ შემთხვევაშიც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება პუტინისა და ტრამპის შეხვედრას.
ექსპერტს საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძეს აინტერესებს, ტრამპისა და პუტინის შეხვედრის წინ გამუდმებით გარიგებებზე რატომ საუბრობენ? გამოდის, ხან ერთი „ურიგდება“ რუსეთს, ხან მეორე, მათ შორის, ტრამპიც თურმე რუსეთთან გარიგებას ცდილობს.
„ევროპელების შიშის შესახებ ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ, პუტინი გაცილებით გამოცდილი პოლიტიკოსია და რაღაც-რაღაცებში ტრამპს ნამდვილად აჯობებს. სწორედ ეს შიში აქვთ ევროპელებს“, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე For.ge-სთან საუბარში და შეკითხვის საპასუხოდ, შეძლებს კი პუტინი ტრამპს რამე დაათმობინოს, განმარტავს, პუტინი ამას ვერ შეძლებს, მაგრამ მას შეუძლია, ტრამპი შეცდომაში შეიყვანოს.