გიგი უგულავას მერობის პერიოდში დედაქალაქის მერის სარეზერვო ფონდიდან თანხების განკარგვა აქამდეც რომ ბევრ კითხვას აჩენდა, ამაზე ბ&ფ უკვე წერდა. წინა წლებში მერის სარეზერვო ფონდიდან თანხების არამიზნობრივად გაცემის შესახებ ცოტა ქვემოთ, მანამდე კი მიმდინარე წლის პირველ 3 თვის განმავლობაში სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების შესახებ გიამბობთ.
დედაქალაქის მერის სარეზერვო ფონდიდან, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, „კომედი გრუპისთვის“ 62 ათასი ლარი გამოიყო. მიმდინარე წლის 27 იანვარს, მერის განკარგულებით, "ქომედი გრუპს" სპორტის სასახლეში 14 თებერვალს ჯგუფ „კენზოს“ და ქართული ესტრადის მომღერლების მონაწილეობით კონცერტის გამართვასთან დაკავშირებით, ტექნიკური საორგანიზაციო საქმეების უზრუნველსაყოფად, 12 000 ლარი გამოეყო.
ასევე, 18 თებერვალს, „კომედი გრუპს“ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იუმორისტული კონცერტის ჩასატარებლად დედალაქის მერის სარეზერვო ფონდიდან, 50 000 ლარი გამოეყო.
მოკლედ, როგორც ჩანს, გიგი უგულავა აღფრთოვანებულია „კომედი გრუპის“ იუმორით და ამისთვის მხოლოდ პირველ კვარტალში 62 000 ლარი გამოუყო.
უგულავას ეს სიკეთე არც „კომედი გრუპის“ წევრებმა დაივიწყეს და საზოგადოებას, ალბათ, კარგად ახსოვს 30 მაისის საღამოს, ჯერ კიდევ მერობის კანდიდატისთვის ქართული შოუ ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად რიგში მდგომი „კომედი გრუპის“ წევრები, რომლებიც უგულავასთან მერის არჩევნებში გამარჯვების მისალოცად იყვნენ მისულნი.
ამას გარდა, დედაქალაქის მერის სარეზერვო ფონდიდან „ფორმულა კრეატივ გრუპს“ რაგბის ეროვნული ნაკრებისთვის დოკუმენტური ფილმის გადასაღებად, 25 თებერვალს, 30 ათასი ლარი გამოეყო.
შეიძლება ვინმემ თქვას, რომ საქართველოს რაგბის ნაკრებზე ფილმის გადაღება ნამდვილად არაა ცუდი საქმეო. გეთანხმებით, რომ ამ ბიჭებზე ფილმის გადაღება მართლაც ალალია და ისინი ბევრად მეტსაც იმსახურებენ, მაგრამ აქ საუბარი იმაზეა, თუ საიდან უნდა ხდებოდეს ამ ფილმის გადაღების დაფინანსება და უნდა იყოს თუ არა ამ თანხის წყარო მაინცდამაინც დედაქალაქის მერის სარეზერვო ფონდი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან სახსრები მიზნობრივი დანიშნულებით, გაჭირვებული ადამიანებისთვის ერთჯერადი დახმარებისთვის, მერიის გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის, ფორსმაჟორული ვითარებისას გამოიყოფა და თანხები მხოლოდ მერის განკარგულებით გაიცემა.
ბიუჯეტისგან განსხვავებით, სარეზერვო ფონდიდან ფულის ხარჯვა არ არის წინასწარ გაწერილი, ასევე არ არის აუცილებელი მისი ხარჯვის დროს რთული ადმინისტრაციული პროცედურების გავლა. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ფორსმაჟორულ პირობებში ფულის ხარჯვა უფრო ეფექტურად და მოქნილად გახდეს შესაძლებელი.
საინტერესოა, „კომედი გრუპის“ კონცერტები გაჭირვებული ადამიანების ერთჯერად დახმარებას უნდა მივაკუთვნოთ, მერიის გაუთვალისწინებელ ხარჯებს თუ ფორსმაჟორულ ვითარებას.
გარდა ამისა, მიმდინარე წლის I კვარტალში მერის სარეზერვო ფონდიდან თანხები შემდეგ საკითხებზეც გამოიყო:
ქ. თბილისის 18.02.2010 წლის N484 განკარგულებით ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურს ტელეკომპანია მზე-ს მიერ მომზადებული გადაცემის მძიმე სამუშაო-ს გაგრძელებისთვის გამოეყო 40710 ლარი.
ქ. თბილსის მერის 23.02.2010 წლის N499 განკარგულებით კატალოგის - მე მიყვარს თბილისი გამოსაცემად გამოიყო 6118 ლარი.
ქ. თბილისის მერის 15.02. 2010 წლის N409 განკარგულებით მერიის ადმინისტრაციას წიგნის პოეზიის სამეფო 1000 ეგზემპლიარის შესაძენად გამოეყო 17000 ლარი. უცნობია, რისთვის იქნა ეს წიგნები შეძენილი და ვის გადაეცა ისინი.
ქ. თბილისის მერის 15.01.2010 წლის N126 განკარგულებით მსოფლიოში აღიარებული იაპონელი ჯაზ-პიანისტის ჰირომი მიჰარას სოლო კონცერტისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული ჰონორარის ასანაზღაურებლად გამოეყო 33 139 ლარი.
ქ. თბილისის მერის 25.02.2010 წლის N552 განკარგულებით შპს „თბილისი ივენთ ჰოლს“ საერთაშორისო ჯაზ ფესტივალის ჯაზ-სერიები-ს განხორციელების ხელშესაწყობად გამოეყო 23600 ლარი.
გარდა ამისა, სარეზერვო ფონდიდან თანხები ასობით სოციალურად დაუცველ ადამიანს გამოეყო. როგორც ჩანს, ასეთივე სოციალურად დაუცველები არიან პარლამენტის დეპუტატი გიორგი მელაძე და ამჟამად უგულავას ცოლი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი ლელა კილაძე, რომელთაც 2008 წელს დედაქალაქის მერმა 9277 ლარი გამოუყო.
ეს მაშინ, როცა გიორგი მელაძეს ხელფასმა იმ წელს 52 000 ლარს გადააჭარბა, ხოლო მისი მეუღლის 26 000 ლარს. ამასთან, იმავე წელს მისმა მეუღლემ, მაკა ლაჩაშვილმა 35 ათას დოლარიანი „მიცუბიში პაჯერო“ შეიძინა. ამასთან, მიუხედავად რამდენიმე ბინისა და საბანკო ანგარიშზე საკმაოდ სოლიდური თანხებისა, მას მერის სარეზერვო ფონდიდან მაინც გამოეყო ეს თანხა.
რაც შეეხება ლელა კილაძეს, მისი იმდროინდელი ქონების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის.
მოკლედ, დედაქალაქის მერის სარეზერვო ფონდის არამიზნობრივი ხარჯვა გრძელდება და, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მსგავსი არაერთი ფაქტი გამოვლინდება.