სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე.
სახალხო დამცველმა გამოძიებაში არაერთი ხარვეზი გამოავლინა, რომელთა შედეგადაც საგამოძიებო ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს გარდაცვლილი დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება და სასამართლოსთვის წარდგენა.
სახალხო დამცველის განცხადებით, გამოძიებამ არ ჩაატარა ან დაგვიანებით ჩაატარა ის საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც დამნაშავეთა გამოსავლენად შედარებით და გაცილებით მაღალ ალბათობას შექმნიდა. ნინო ლომჯარიამ ჩაუტარებელი ან დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ჩამონათვალიც გაასაჯაროვა.
„არ იქნა დოკუმენტირებული ფარდულის ზუსტი პარამეტრები, რასაც შემდგომში ფარდულის დემონტაჟი მოჰყვა. ამ გარემოებამ ხელი შეუშალა შემთხვევის ადგილის, როგორც მტკიცებულების შენარჩუნებას; არ გაიჩხრიკა და არ იქნა ამოღებული ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის მ.კ.–ს ტანსაცმელი; გამოძიებას არც ტანსაცმლის მოპოვების მცდელობა – სახლის ჩხრეკა ჩაუტარებია; არ იქნა აღებული მ.კ.–ს ფრჩხილის ნიმუშები; არ იქნა აღებული ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის გ.მ.–ს ფრჩხილის ნიმუშები და ანაწმენდი;
არ იქნა აღებული ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის დ.ღ.–ს ფრჩხილის ნიმუშები და ანაწმენდი; არ ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება: ჩხუბის მონაწილეების – მ.კ.–ს, დ.ღ.–ს და თ.ნ.–ს ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა; არ იქნა მყისიერად მოპოვებული და შესწავლილი ტელეფონები და ტელეფონებით განხორციელებული კომუნიკაცია იმ პირებს შორის, რომლებსაც ჰქონდათ დანაშაულამდე და დანაშაულის შემდეგ კომუნიკაცია როგორც ერთმანეთში, ისე გარეშე პირებთან (გ.მ., ა.დ., ა.ს., თ.ჩ., დ.ღ., ლ.კ., თ.კ., მ.ს., მ.ს.–ს მეუღლე);
გამოძიებისას არ იქნა დაკითხული მ.ს.; გამოძიებისას არ იქნა დაკითხული მ.ს.–ს მეუღლე თ.კ. და მეუღლის და ლ.კ.;
გამოძიების პირველივე დღეებში არ იქნა მყისიერად შესწავლილი-დათვალიერებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები (მხოლოდ შენახვის შესახებ გაფრთხილება იქნა მიცემული);
არ ჩატარდა მოწმეთა გამოკითხვა ფარდულში მყოფი ყველა პირის როლის, განლაგების და მოქმედებათა ქრონოლოგიის დეტალური დაზუსტებისთვის; გამოძიების პირველივე დღეებში არ იქნა დაკითხული ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე დ.ღ. – იგი მხოლოდ 13 დღის შემდეგ დაიკითხა;
გამოძიების პირველივე დღეებში არ იქნა დაკითხული ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე თ.ნ. – იგი მხოლოდ 15 დღის შემდეგ დაიკითხა;
გამოძიების პირველივე დღეებში არ ჩატარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ზურგში მიღებული დაზიანებისთვის გ.მ.–ს ექსპერტიზა დაჭრის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის შემდეგ დაინიშნა;
არ დაიწყო და წარიმართა გამოძიება გ.მ.–ს სხეულის დაზიანების ფაქტზე, მიუხედავად იმისა, რომ 2 დეკემბერს გამოძიებამ იცოდა დაზიანების შესახებ და იმ დროისთვის უკვე არსებული საქმის მასალებით ფაქტის ჩამდენი პირის იდენტიფიკაციაც გონივრულად შესაძლებელი იყო;
არ ჩატარდა ფარული მიყურადება მ.ს-ს, მისი მეუღლის, დანაშაულის ინციდენტში მონაწილე პირების: ა.ს.–ს, მ.კ.–ს, გ.მ.–ს, დ.ღ.–ს, გ.ი.–ს, თ.ნ.–ი და ა.ს.–ს მიმართ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის წინადადებები და რეკომენდაციები საყურადღებოა და პრაქტიკულად ემთხვევა იმ მიმართულებას, რომელზეც ამ წუთში არის საგამოძიებო კომისია.
„ჩვენი კომისიის მუშაობის ფარგლებშიც უკვე ვნახეთ მრავალი გადაცდომა, ანუ არასათანადოდ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც არ ჩატარებულა საერთოდ და ბევრი კითხვის ნიშანი დაისვა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაგრძელებთ ჯერ კიდევ კომისიის ფარგლებში შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრებს და სავარაუდოდ, ჩვენი დასკვნები და რეკომენდაციები ამ კონკრეტულ დარღვევებთან დაკავშირებით გაიცემა მას შემდეგ, რაც ეს კონკრეტული წარმომადგენლები ჩვენთან მოვლენ და ასე ვთქვათ, მთელს ვერტიკალს გავივლით. ამიტომ, სახალხო დამცველის წინადადებები და რეკომენდაციები საყურადღებო რეკომენდაციებია და პრაქტიკულად ემთხვევა იმ მიმართულებას, რომელზეც ამ წუთში არის საგამოძიებო კომისია“, - განაცხადა კაპანაძემ.
საგამოძიებო კომისიის წევრმა ანრი ოხანაშვილმა კი აღნიშნა, რომ მისი პოზიციაა, ჯერ კომისიას დაედო კონკრეტული შეფასება და შემდეგ სახალხო დამცველის მხრიდან ყოფილიყო რეაგირება.
ანრი ოხანაშვილის თქმით, შეფასებები აღნიშნულ საქმეზე მაქსიმალური ანალიზის შედეგად უნდა გაკეთდეს. მისი თქმით, არ არის გამორიცხული კომისიის ფარგლებში კვლავ დადგეს საჭიროება ხელახლა დაიკითხონ უკვე დაკითხული პირები.
„მე ვისურვებდი, რომ ჯერ ჩვენ დაგვედო კონკრეტული შეფასება, ვინაიდან ჩვენ გვაქვს უფრო დეტალური წვდომა საქმის მასალებთან, კონკრეტულ მოწმეებთან და უშუალოდ ვიკვლევთ ყველა სახის ინფორმაციას, მათ შორის ექსპერტებსაც ვუსმენთ. ამიტომ ჩვენ გვაქვს უფრო მეტი შესაძლებლობა გავაკეთოთ კონკრეტული შეფასება ვიდრე ამ ეტაპზე სახალხო დამცველს. შესაძლოა, ჩვენ რამდენჯერმე მოვიწვიოთ პროკურატურის და შსს- ს წარმომადგენლები კომისიაზე. ჩვენ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ბევრ მოწმეს და შსს-ს თანამშრომელს კიდევ მოუწევთ მოსვლა, რადგან გარკვეული შეკითხვები კიდევ გაჩნდა.
ეს ხდება იმისთვის, რათა გავარკვიოთ, თუკი რაიმე საგამოძიებო მოქმედებები არ არის ჩატარებული, რა გავლენა შეეძლო ამას მოეხდინა საქმის გამოძიებაზე და თუ შეეძლო მოეხდინა, რაიმე სამსახურებრივ გადაცდომასთან ხომ არ გვაქვს ადგილი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.