„გერმანია რუსეთის ტყვეობაშია“

„გერმანია რუსეთის ტყვეობაშია“

„რუსეთი გერმანიას სრულად აკონტროლებს“, - ნატოს სამიტის წინ დონალდ ტრამპის კონფრონტაციული ტონი გაისმა. ტრამპმა გააკრიტიკა გერმანია და აღნიშნა, რომ გერმანია რუსეთს ბუნებრივი აირის მილსადენის გარშემო მილიარდდოლარიან პროექტზე გაურიგდა. ეს მაშინ, როცა გერმანია სწორედ აშშ-სგან მოელის რუსეთის აგრესიისგან დაცვას. მანვე გააკრიტიკა ნატოს წევრი სხვა ქვეყნებიც, რომლებმაც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობას დაუჭირეს მხარი, ვინაიდან, ტრამპის თქმით, „ახალი გაზსაცდენის აშენების შემდეგ ბუნებრივი გაზის 70% რუსეთიდან შემოვა“.

„ვიცავთ გერმანიას, ვიცავთ საფრანგეთს, ყველას ვიცავთ... უსამართლოა ეს ჩვენი ქვეყნის, ამერიკელი გადამხდელების მიმართ. ჩვენ უნდა დაგიცვათ, თქვენ კი მილიარდობით დოლარს რუსეთს უხდით, გერმანია რუსეთის ტყვეობაშია“, - მიიჩნევს აშშ-ის პრეზიდენტი.

დასავლეთში მოელიან, რომ ბრიუსელში რთული შეხვედრა შედგება, რადგან დონალდ ტრამპი ზეწოლას ახდენს ნატოელ მოკავშირეებზე იმისთვის, რომ მათ სამხედრო ხარჯები გაზარდონ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა დონალდ ტრამპი ნატოს წევრ ქვეყნებს სამხედრო ხარჯების დონის გამო აკრიტიკებს.

რაც შეეხება დონალდ ტრამპის მთავარ სამიზნე გერმანიას, ეს ქვეყანა რუსეთთან ნელ-თბილ დამოკიდებულებაში არაერთგზის შემჩნეულა. კერძოდ, საინტერესოა მერკელის წინამორბედის კანცლერ გერჰარდ შრედერის ურთიერთობა რუსეთთან როგორც პოლიტიკურ, ისე პირად დონეზე. კანცლერობის შემდეგ შრედერი „გაზპრომის“ კონსორციუმის საბჭოს წევრი იყო. გარდა ამისა, იგივე შრედერი „ნორდსტრიმ 2“-ის („ჩრდილოეთის ნაკადი 2“) აქციონერთა კომიტეტის თავმჯდომარეცაა, მანვე კანცლერობის ბოლო პერიოდში „ნორდსტრიმ 2“-ის განხორციელებას მოაწერა ხელი.

შრედერის შემდეგ სულ სხვა მოლოდინი არსებობდა. ფიქრობდნენ, რომ მერკელის იდეოლოგიიდან გამომდინარე, მისი კანცლერობის პერიოდში რუსეთთან ურთიერთობა გამკაცრდებოდა, ვინაიდან აღმოსავლეთ გერმანიაში გაზრდილი მერკელი კარგად იცნობდა ყოფილ საბჭოთა კავშირს. მიუხედავად იმისა, რომ მერკელს პუტინთან ახლო კავშირი არ დაუმყარებია, მის დროს რუსულ პოლიტიკასთან მიმართებით დიდად არაფერი შეცვლილა, რადგან რუსეთი კვლავ დარჩა გერმანიის მნიშვნელოვან პარტნიორად, რუსეთზე გერმანიის ენერგოდამოკიდებულება კი გაიზარდა.

რის მიღწევას ცდილობს დონალდ ტრამპი, როცა ამბობს, რომ რუსეთი გერმანიას სრულად აკონტროლებს?!

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი თამარ კიკნაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ყველანაირად მომგებიანია გერმანიისთვის, მათ შორის, გეოპოლიტიკური და ფინანსური თვალსაზრისითაც. აშკარაა, რომ გერმანიამ უკანა პლანზე გადადო პოლიტიკური ინტერესები და წინა პლანზე გამოიტანა ეკონომიკური ინტერესები.

პოლიტოლოგის განმარტებით, თუკი გავითვალისწინებთ შემოსავლებს, ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქცია 19 ტრილიონია, ხოლო ევროკავშირის 17 ტრილიონი, ამდენად, ტრამპი სამართლიანად ამბობს, დაახლოებით ერთნაირი შემოსავალი გვაქვს, მაგრამ გაცილებით უფრო მეტია ამერიკის დანახარჯი ნატოსთან მიმართებით, ვიდრე ევროკავშირის. შესაბამისად, ტრამპი ითხოვს, სამხედრო მიზნისთვის ყველა ქვეყანამ მთლიანი შიდა პროდუქტის 2% გაიღოს.

„ტრამპის თქმით, რუსეთი სრულად აკონტროლებს გერმანიას. ცხადია, აქ წინა პლანზეა ეკონომიკური ინტერესები. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი დაკავშირებულია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტთან და აქ ჩადებულია არა მხოლოდ გერმანიის ეკონომიკური ინტერესები, არამედ სხვა ქვეყნების ინტერესებიც, რადგან რუსული გაზი იაფია. ყველა ეკონომიკური პროექტი ყველა ქვეყნის მიერ გამოიყენება პოლიტიკური თვალსაზრისითაც. რადიკალურად იცვლება ევროპისა და ამერიკის ურთიერთობა. ამიტომ ასეთი გართულებული ურთიერთობების ფონზე, როცა ამერიკასა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ომია, გერმანიამ გადაწყვიტა, პრიორიტეტი თავის ეკონომიკურ ინტერესებს მიანიჭოს“, - აღნიშნა თამარ კიკნაძემ.

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ტრამპის მიზანია, გერმანელები საჯაროდ შეარცხვინოს, თორემ როგორ შეიძლება, მთლიანად აკონტროლებდეს რუსეთი გერმანიას?! უბრალოდ, ტრამპს სურს, გერმანიამ გაზარდოს თავდაცვის ხარჯები და, ასევე, სურს ჩაშალოს „ნორდსტრიმ-2“-ის პროექტი, რომელსაც ამერიკა სერიოზულად ეწინააღმდეგება, რადგან ეს პროექტი ზრდის ევროპის ენერგოდამოკიდებულებას რუსეთზე.

„არა მგონია, „ნორდსტრიმ-2“-ის პროექტით, 70%-ით განხორციელდეს ევროპის გაზით მომარაგება რუსეთიდან, მაგრამ ნამდვილად გაიზრდება რუსეთიდან გაზით მომარაგების დონე. ევროპა რუსეთიდან გაზს უკვე დიდი ხანია იღებს. ახლა კი რუსულ გაზზე დამოკიდებულება იზრდება. ევროპის სურვილია, რაც შეიძლება მეტი გაზსადენი მიდიოდეს ევროპაში, მათ შორის, თურქეთიდანაც და რუსეთიდანაც, არაფერზე უარს არ იტყვიან ევროპელები, რაც მეტი გაზი შევა ევროპაში, მით უკეთესი ევროპისთვის“, - აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.

შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი სამხედრო ხარჯები გააზრდევინოს ევროპას, ამის შესახებ პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, ევროპელები თავდაცვის ხარჯებს გაზრდიან.