მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი დაპატიმრებულია - გაიზრდება თუ არა ბრალდებულთა წრე

მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი დაპატიმრებულია - გაიზრდება თუ არა ბრალდებულთა წრე

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 19 წლის მწყემსს, რომელსაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, გამოძიება სამი პირის მკვლელობას ედავება, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის. ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი მალხაზ კობაური აცხადებს, რომ მას სმიტები არ დაუხოცავს.

ბრალდებული ამბობს, რომ ისინი ორმა უცხოელმა კაცმა დახოცა - „ისინი მე არ დამიხოცავს. ორი უცხოელი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს. მე დამემუქრნენ, რომ ოჯახს ამომიწყვეტდნენ“, - განაცხადა კობაურმა.

ბრალდებულის ადვოკატმა მურმან ნიკოლეიშვილმა კი განმარტა, რომ სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული, დანაშაულის ჩამდენებად არა უცხოელებს, არამედ უცხო პირებს ასახელებს.

იქიდან გამომდინარე, რომ დანაშაულის თვითმხილველი არ არსებობს, კითხვები და ეჭვები საკმაოდ მრავალია, თუმცა საქმის პროკურორის ინფორმაციით, სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებულმა მალხაზ კობაურმა სამართალდამცველებს მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი თავად აპოვნინა.

როგორც პროკურორმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, უშუალოდ ბრალდებულმა მიუთითა პოლიციელებს ის ადგილი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი და სხვადასხვა ნივთი გადამალა.

ამასთან, პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა ბრალდებულის მიერ სასამართლოზე გაჟღერებულ ვერსიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კობაური ისეთ დეტალებზე საუბრობს, რომ შეუძლებელია ეს დეტალები ისეთმა პირმა იცოდეს, ვინც შემთხვევის ადგილზე, დანაშაულის მოხდენისას არ იმყოფებოდა.

„უშუალოდ მალხაზ კობაურმა მიუთითა ის ადგილი, სადაც გადამალული ჰქონდა მცირეწლოვანი ბავშვის გვამი და სხვადასხვა ნივთი, რომელიც ნანახი იყო ხადას ხეობაში. დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ თითქოს ბრალდებულს ვინმემ დააძალა, ოჯახის წევრებზე რაიმე სახის ძალადობის განხორციელების მუქარით, რომ დაებრალებინა დანაშაული. თუმცა აღსანიშნავია, რომ მალხაზ კობაურმა ისეთ დეტალებზე ისაუბრა გამოძიებასთან, რომელიც შეუძლებელია იცოდეს პირმა, თუ ის ადგილზე არ იმყოფებოდა და უშულოდ არ ჩადიოდა დანაშაულს. კერძოდ, თუ როგორ მოკლა მამაკაცი, რომელსაც ჯერ ზურგში ესროლა და შემდეგ თავში, შემდგომ როგორ ესროლა ბავშვს, როგორ გამოეკიდა დედას და ა.შ. ეს ყველა დეტალი შეუძლებელია იცოდეს იმ ადამინმა, ვინც უშუალოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და ვინც არ ახორციელებდა ყოველივე ზემოაღნიშნულს, მით უმეტეს, რომ მას გააჩნდა ამის საშუალება, ჰქონდა თოფი და იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში“, - აღნიშნა პროკურორმა.

პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ ბრალდებულთან მიმართებაში განხორციელდა ფარული საგამოძიებო ღონისძიება და ამ დროს მალხაზ კობაურმა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის თანამშრომელთან იმ დეტალებზე ისაუბრა, რომელიც მის მიერ დანაშაულის ჩადენას მიუთითებდა.

კითხვებს ბადებს, რატომ ვერ იპოვეს გადაცვლილი მამაკაცი ძებნის დაწყების პირველ დღეს? ვინმემ მიიტანა თუ არა მისი გვამი იქ, სადაც ის მეორე დღეს აღმოაჩინეს? შეეძლო თუ არა, ამის გაკეთება ბრალდებულს? ასევე საინტერესოა, რა დასკვნას დადებს ექსპერტიზა ბრალდებულის ფსიქიური მდგომარეობის შესახებ.

საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ საქმეზე ბრალდებულ პირთა წრე გაიზარდოს. მისი ინფორმაციით, გამოძიების მიერ დანაშაულის ყველა შესაძლო ვერსია მოწმდება. ყაზარაშვილის განმარტებით, ბრალდებულ მალხაზ კობაურის მიერ სასამართლოში გაჟღერებულ მკვლელობის ვერსიაზე გამოძიება ჩატარდება.

„ვერსია ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. ბრალდებული გამოიკითხება და ყველა შესაძლო ვერსია გამოძიების პროცესში გადამოწმდება. მიმდინარეობს გამოძიება. თუ ვინმეს ბრალეულობა კიდევ გამოიკვეთა, რა თქმა უნდა, ამ პირთა მიმართ იქნება მიღებული შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება“, - განაცხადა პროკურორმა.

ყაზარაშვილი ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით საქმეზე გარკვეული მტკიცებულებები არაა მოპოვებული.

„გეთანხმებით, რომ დღეის მდგომარეობით გარკვეული მტკიცებულებები არ არის, თუმცა საქმეში არსებული მასალების ანალიზით დგინდება, რომ მალხაზ კობაურმა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, რა თქმა უნდა, დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე. რაც შეეხება იმ ექსპერტიზებს, რომელიც დასანიშნია, მათი ნაწილი უკვე დანიშნულია და ეს დასკვნებიც დაერთვება საქმეს“, - განაცხადა ყაზარაშვილმა.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, გავრცელებული განმარტების თანახმად, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შერჩევისას, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-20 წლამდე ვადით პატიმრობას.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება, ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. შესაბამისად, წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, მოსალოდნელი მკაცრი სასჯელისაგან თავის არიდების, დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელებისა და მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების რისკების, ბრალდებულის მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩარევისა და განაჩენის აღუსრულებლობის საფრთხეების გათვალისწინებით, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეურჩია პატიმრობა.

მისიონერებისოჯახი

რაიან სმიტის მიერ დაარსებული კომპანიის reWoven-ის ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, რაიანმა ამერიკის შეერთებული შტატები 2002 წელს დატოვა. მან აზერბაიჯანი მოგზაურობისა და უცნობ კულტურათა აღმოჩენის სიყვარულის გამო არჩია.

ხალიჩების ბიზნესში ბაქოში ცხოვრებისას ჩაერთო და საკუთარი კომპანიაც დააფუძნა. რაიანს ჰყავს ტყუპისცალი ძმა, რომელიც ამავე ბიზნესით არის დაკავებული.

კომპანიის ვებსაიტზე ასევე ვკითხულობთ, რომ რაიანი ბაქოში ნანახმა ხალიჩათა ქსოვის უძველესმა ტექნიკამ აღაფრთოვანა და იქვე წამოიწყო ბიზნესი. 2005 წელს გაუთვალისწინებელმა გარემოებებმა მას სამშობლოში დაგეგმილზე ადრე დაბრუნება აიძულა. ის შეხვდა ლორას და დაქორწინდნენ.

2012 წლიდან ლორა და რაიან სმითები საქართველოს მოქალაქეობას იღებენ და ორმაგი მოქალაქეები ხდებიან. რაიანი სრულყოფილად ფლობდა აზერბაიჯანულ ენას.

სმითები ღრმად მორწმუნე ქრისტიანები იყვნენ, მათი საქართველოში დარჩენის ერთ-ერთი მიზეზი ოჯახური ტრაგედია იყო. მათ არ სურდათ დაეტოვებინათ პირველი შვილის საფლავი, რომელიც საქართველოში ცხოვრების პირველ წლებში შეეძინათ და აქაა დაკრძალული. 4 წლის ვაჟი, რომელიც ხადის ხეობაში მშობლებთან ერთად მოკლეს, მათი მეორე შვილი იყო, რომელზედაც ორივე მშობელი განსაკუთრებით ზრუნავდა.

2011 წელს ერთ-ერთ ევანგელისტურ ვებ-საიტზე რაიან და ლორა სმითები სხვა რამდენიმე პირთან ერთად, რომლებიც ასევე სამშობლოდან შორს, სხვა ქვეყნებში ცხოვრობდნენ, ბავშვების ქრისტესთან მიმყვან მისიონერებად არიან მოხსენიებულები. ​

აქ სმითებზე წერია, რომ ისინი საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ეხმარებიან შემდეგი პროექტებით: - „ახალგაზრდები მისიით“ და „ათასწლეულის განვითარების სერვისები“. ისინი ცდილობენ სახარება ადგილობრივ აზერბაიჯანელებს გაუზიარონ. ლორა ინგლისური ენის მასწავლებელია, რაიანი კი ადგილობრივი თემის დასახმარებლად საჭირო ახალი გზების მუდმივ ძიებაშია.

საბავშვო მოედანი, რომლის მოწყობასაც რაიანი მარნეულის ცენტრში გეგმავდა, სურდა რომ ქრისტეს სახელის ყოფილიყო.

მარნეულის გამგეობაში სხვადასხვა მედიასაშუალებებისთვის ნათქვამი მიზეზი, რის გამოც საბავშვო მოედნისთვის ადგილის გამოყოფაზე თანხმობას არ აძლევდნენ რაიან სმიტს, დაფინანსების წყაროების საეჭვოობა და შერჩეული ადგილის ნაკლები გამწვანება იყო, თუმცა ადგილობრივები ეჭვობენ, რომ პარკისთვის ღმერთის სახელის დარქმევამ შეაფერხა ეს პროცესი.

„რადიო თავისუფლება“ ერთ-ერთმა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, გამგეობის თანამშრომლების თქმით, რაიანი უშიშროების სამსახურის დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა მისი საქმიანობის გამო, რომელიც ეჭვებს აჩენდა და ასეთი პირისთვის ქალაქის ცენტრში პარკის მოსაწყობად ტერიტორიის გადაცემა არ გამოვიდოდა.

აღსანიშნავია, რომ რაიანის ნაცნობები მკვლელობის ვერსიაზე საუბრისას მის ძლიერ აღნაგობაზე აკეთებენ აქცენტს და ამბობენ, რომ ერთ ადამიანს მასთან გამკლავება გაუჭირდებოდა და ეჭვობენ, რომ ტრაგედიას შესაძლოა, ერთზე მეტი დამნაშავე ჰყავდეს.