საქართველოში, რომ ნარკოლიბერალიზაცია ნარკომანიას გაუხსნის გზას, ამის ნათელი მაგალითია შემთხვევა, რომელიც გუშინ რუსთავში დაფიქსირდა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ნარკოტიკები დედამ, მისმა 18 წლის ვაჟმა და 22 წლის რძალმა ერთად მიიღეს, რის შემდეგაც ისინი ცუდად გახდნენ. სააგენტოს ქალბატონმა დაუდასტურა, რომ შვილთან და რძალთან ერთად ნარკოტიკები მიიღო.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა მარიხუანასთან ერთად სხვა ნარკოტიკული საშუალებაც გასინჯეს, რის გამოც გონება დაკარგეს და ცუდად გახდნენ. ახალგაზრდა მამაკაცმა მოასწრო და 112-ში დარეკა, სადაც განაცხადა, რომ CO-თი მოიწამლნენ. შემთხვევის დროს ბინაში 2 წლის ბავშვიც იმყოფებოდა.
პოლიციის პოლკოვნიკი ომარ იმერლიშვილი ერთ-ერთია ვინც ნარკოლიბერალიზაცია წინააღმდეგია და საკითხის რეფერენდუმის გზით გადაჭრას ითხოვს. for.ge-სთან საუბრისას იმერლიშვილი აცხადებს, რომ თუკი სახელმწიფო დაუშვებს ნარკოლიბერალიზაციას, ამას მოჰყვება ნარკომომხარებელთა რაოდენობის კატასროფული ზრდა, რაც მძიმე შედეგით დასრულდება.
ნარკოლიბერალიზაცია - ეს არის თემა, რასთან დაკავშირებითაც ამ დრომდე არ არსებობს ერთიანი ხედვა. მაგალითად, არასამთვარობო სექტორი მკაცრი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგია, რასაც ბოლომდე არ იზიარებს ხელისუფლება და სპეციალისტები. რამდენად პრობლემურია ეს საკითხი ქართულ სინამდვილეში?
ომარ იმერლიშვილი: იცით, რა მაინტერესებს, ამ არასამთავრობოებს ვინმემ შესთავაზოს, რომ საკუთარი ოჯახის წევრებს - მამას, ძმას, მეუღლეს გააკეთებინონ ნარკოტიკი, ან მოაწევინონ. ჩემამდე არ დადის რატომ და რა მიზნით უნდათ სიკვდილის დაკანონება. არის ოჯახები და ასეთი ძალიან ბევრია, რომელიც ნარკოტიკების მიზეზით არის დანგრეული, რადგან ოჯახის ერთი წევრი რომ გახდა მომხმარებელი დაანგრია მთლიანად მთელი ოჯახი.
არ არსებობს მსუბუქი ნარკოტიკი და არ არსებობს მძიმე ნარკოტიკი, ნარკოტიკი ნარკოტიკია. როცა ნარკოტიკი არის მსუბუქი, მომხმარებელს აღარ ყოფნის და უკვე უჩნდება მოთხოვნილება გადავიდეს მძიმე ნარკოტიკზე. მარიხუანას ეძახიან „სასაცილო“ ნარკოტიკს, მოწვენ და იცინიან, მაგრამ მერე უკვე ტირიან, რადგან აღარ ყოფნით „სასაცილო“ მარიხუანა და უნდათ ნარკოტიკი, რომელიც უფრო ღრმა დეპრესიაში ჩააგდებთ.
ანუ, მარიხუანის მოხმარებელი ადვილად ხდება ნარკოდამოკიდებული?
- ერთი ნაბიჯია და ეს არის უბედურება. მარიხუანა არ აკმაყოფილებთ და გადადია ნარკოტიკებზე, ახლა უმრავლესობა „ბიოს“ მოხმარებაზე გადავიდა.
60-იან წლებში ხრუშოვმა რომ 25 წლიანი პატიმრები გაანთავისუფლა, ისინი თბილისში ჩამოვიდნენ, ნახევარზე მეტი ნარკოტიკზე იყო დამოკიდებული, მორფს უკეთებდნენ. მაშინ 2 აფთიაქი იყო, ერთი „სამაიას ბაღთან“, მეორე სვანეთის უბანში, სადაც აღრიცვხაზე აყვანილი ნარკოტიკის ყველა მომხმარებელი მიდოდა, იღებდა წამალს, თუ არ ვცდები 2 ამპულა იყო მაშინ, ამის შემდეგ მიდოდნენ პოლიციაში, სადაც იყო ექთანი და ის უკეთებდა წამალს მომხმარებლებს. მერე უკვე მოინდომეს 4 ამპულა, 2 აღარ გვყოფნისო. ეს იყო ტყუილი, იმიტომ, რომ 2-ს იკეთებდნენ და 2-ს ყიდდნენ. აი, 60-იანი წლებიდან დაიწყო ეს უბედურება საქართველოში, ამის შემდეგ დაიწყო ქვეყანაში ნარკომანიის გავრცელება, თვითონ სახელმწიფომ შეუწყო ხელი ამას. მაგრამ, მაშინ სუფთა წამალი იყო და ნარკომანი, რომელიც ამ წამალზე იჯდა, არავითარ შემთხვევაში არ გაუკეთებდა ვიღაცას, მით უმეტეს ახალგაზრდას. იყო ასეთი დამოკიდებულება, რომ ახალგაზრდას ახლოს არ მიუშვებდნენ, მაგრამ მერე გამრავლდა და უკვე ჩემი მუშაობის პერიოდში მარიხუნა იმდენი იყო, რომ მძიმე სტატისტიკა შეიქმნა.
დღესაც მომრავლებულია საქართველოში მარიხუანას მოყვანის ფაქტი, თითქმის ყოველ მეორე ოჯახში აქვთ მარიხუანა და ამ დროს პოლიცია უძლური ხდება ამ პრობლემის წინაშე, რაც იწვევს ახალგაზრდა თაობაში მარიხუანის მოხმარების დამკვიდრებას. ვხედავთ, რომ მკაცრი ნარკოპოლიტიკა არ არის გამოსავალი, რა ნაბიჯი უნდა გადადგას ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში?
- გაცვეთილ ფრაზას ვიტყვი - „შიში შეიქმნს სიყვარულსო“. როცა არსებობს შიში 100%-დან შეიძლება 5%-მა მოიხმაროს, მაგრამ როცა აღარ არსებობს შიში, შეიძლება 100%-დან 80%-მა მოიხმაროს და გაიზრდება ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა. ერთი შეიხედონ იმ ოჯახებში, ვისაც ოჯახში ნარკომანი ჰყავს, ერთი შევიდნენ, დაელაპარაკონ დედას, მამას, ძმას, დას, მეუღლეს ან შვილს რა დღეში ჰყავს ამ ერთ ადამიანს მთელი ოჯახი. ეს არის უდიდესი პრობლემა. მე მარიხუანას ლიბერალიზაციის წინააღმდეგიც ვარ, მაგრამ ერთი სიგარეტის მოწევაზე ადამიანის ციხეზე გაშვება, ეს ნამდვილად დაღუპვაა.
ნარკომანიც, რომელიც წამალდამოკიდებულია, ის არის ავადმყოფი და მისი ციხეში გაშვება არ არის პრობლემიდან გამოსავალი...
- კი ბატონო, გეთანხმებით, მაგრამ მას უნდა მკურნალობა.
სწორედ ამიტომ ითხოვს სამოქალაქო სექტორი უარი თქვას სახელმწიფომ მკაცრ ნარკოპოლიტიკაზე...
- სამოქალაქო სექტორმა შეიძლება ბევრი მოითხოვოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო ყველაფერზე დათანხმდეს. სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი ამ ადამიანის გამოჯანმრთელებას, პირველ რიგში - ოჯახმა და ასევე სკოლებმა, იმიტომ, რომ ნარკოტიკი შესულია სკოლებში. მე ვთვლი, რომ უნდა გამკაცრდეს ნარკოპოლიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუბედურდება მთელი საქართველო.
ეს ისეთი საკითხია, რომ მხოლოდ სამოქალაქო სექტორის გადასაწყვეტი არ არის. 300-400-მა კაცმა უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ბედი? ჩაატარონ რეფერნდუმი, ხალხმა გადაწყვიტოს და ნახავენ რა შედეგს მიიღებენ. ხალხს უნდა შევეკითხოთ და არა არასამთავრობოებს. სწორედ ამ არასამთვრობოების ოჯახის წევრები იქნებიან პირველ რიგში ნარკოლიბერალიზაციის წინააღმდეგი.