მას შემდეგ რაც სიღნაღი სიყვარულის ქალაქი გახდა, მოსახლეობას პრობლემები არ ელევა. ზოგს მიწის ნაკვეთი წაართვეს, ზოგს კარგად გადახურული სახურავი ცუდად გადაუხურეს, მუშებს ხელფასსი არ მისცეს.
პრობლემები განსაკუთრებით ცნობილ ერეკლე მეორის ქუჩაზე იჩენს, ხოლმე თავს, სადაც გეოლოგების ინფორმაციით, არასწორად ჩატარებული სამუშაოების გამო დრო და დრო მოსახლეობა მეწყერის გააქტიურების საფრთხის წინაშე დგება.
ამჯერად, ერეკლე მეორის ქუჩაზე მცხოვრებლებს მეწყერმა არა, მაგრამ ფეკალურმა მასებმა შეუტია. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სიღნაღში, ერეკლე მეორეს ქუჩაზე, უკვე რამდენიმე დღეა, დაზიანებული საკანალიზაციო მილიდან ფეკალური მასები ღიად მოედინება. მოსახლეობამ დახმარებისთვის მუნიციპალიტეტის გამგეობას არაერთხელ მიმართა, მაგრამ მათ ყურადღებას არავინ აქცევს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ექიმი - ეპიდემიოლოგის მარინა კაპანაძის თქმით, ქუჩაში ფეკალური მასების ღიად მოდინებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს დიზენტერია, „ა“ ჰეპატიტი და მუცლის ტიფი.
„არსებული მდგომარეობა ეპიდემიის გავრცელების საშიშროებას ქმნის“, - აღნიშნა მარინა კაპანაძემ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნოდარ კოჭლამაზაშვილის განცხადებით, საკანალიზაციო მილები რამდენჯერმე შეაკეთეს, მაგრამ ისევ დაზიანდა, რადგან კანალიზაციის მილი მთლიანად გამოსაცვლელია.
„აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება“, - განაცხადა სიღნაღის გამგებელმა.
სიღნაღის რეაბილიტაციის ფარგლებში შესრულებული სარემონტო სამუშაოებით მოსახლეობა დღემდე უკმაყოფილოა. მართალია, ქალაქის აღმშენებლობის პირველი ეტაპი უკვე დიდი ხნის დასრულებულია, მაგრამ ამ დრომდე სიღნაღში კვლავ ბევრი დაუსრულებელი და მიტოვებული სამშენებლო ობიექტია.
ვასილ ნადირაშვილი, რომელიც სიღნაღში რუსთაველის N33 ცხოვრობს, რადიო „ჰერეთთან“ საუბარში აცხადებს, რომ მისი სახლი რეაბილიტაციის შემდეგ კატასტროფულ მდგომარეობაში, მშენებლების დაუდევრობით და სამშენებლო კომპანიის გულგრილობით აღმოჩნდა.
„ჩემს სახლს ე.წ. ცინკის სახურავი ჰქონდა. რეაბილიტაციის დროს კი მშენებლებმა მოხადეს და კრამიტით გადახურეს, ამის შემდეგ რამდენი წვიმა მოდის, სახლში წყალი ჩამომდის. დახმარებისთვის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობას მივმართე, თუმცა პრობლემით ჯერ არავინ დაინტერესებულა“, - აცხადებს ვასილ ნადირაშვილი.
მისივე თქმით, ოჯახი ჯერ კიდევ ელოდება რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სპეციალური სამსახურების რეაგირებას და თუ ყურადღებას არავინ მიაქცევს, სამშენებლო კომპანია „თბილისის“ წინააღმდეგ (რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა) უკვე სარჩელს სასამართლოში შეიტანს.
სამშენებლო კომპანია „თბილისს“ ვასილ ნადირაშვილი კი არა სიღნაღში დასაქმებული მუშების დიდი ამალა უჩივის. მუშახელს, რომლებმაც სიღნაღის რეაბილიტაციაზე სამუშაოები შეასრულეს ხელფასები დღემდე არ მიუღიათ. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამების ტაძრის ამშენებელი სამშენებლო კომპანია „თბილისი“ გაკოტრდა და სიღნაღელი მუშების ხელფასებიც თან გაიყოლა.
გარდა ამისა, სიღნაღში ერეკლე მეორისა და გიორგი აბრამიშვილის ქუჩებზე დრო და დრო მეწყერის გააქტიურების საფრთხე იქმნება და 85 ოჯახი საფრთხის წინაშე დგება. ერეკლე მეორის ქუჩაზე მცხოვრებლების თქმით, რამდენიმე ოჯახის სახლებს ბზარები უფრო და უფრო ემატება. სიღნაღის მუნიციპალიტეტში კი როგორც ყოველთვის აცხადებენ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი პრობლემის მოგვარებას ვერ გაწვდება.
ისიც ყველასთვის ცნობილია, რესტორნების, სასტუმროებისა და კაფეების მშენებლობისთვის როგორ ჩამოართვეს მიწები და მათი საკუთრების უფლება ისე დაარღვიეს, რომ ეს მოსახლეობის გარდა, არავის გაუპროტესტებია. მოსახლოების პროტესტს კი, ბუნებრივია, შედეგი არ მოჰყოლია.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებას, ძალიან ბევრი მოქალაქე აპროტესტებს, თუმცა უმეტესმა მათგანმა ბრძოლას თავი დაანება, ვინაიდან მიხვდა, რომ არაფერი გამოუვიდოდა.
სიღნაღელების თქმით, კომისიამ კომისია უფლებამოსილებას გადააჭარბა და უკანონო გადაწყვეტილებები მიიღო. მათი განცხადებით, პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე, ბევრ მათგანს დაკანონებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება კომისიამ უკანონოდ გაუუქმა. კომისიის მუშაობის და მისი გადაწყვეტილების ფაქტებზე დღემდე მიმდინარეობს გამოძიება.
ასე რომ, სიყვარულის ქალაქში მცხოვრებლებს იმდენი პრობლემა აქვთ, რომ არც სიყვარულისთვის ცხელათ და არც სიხარულისთვის, ისინი ხან წართმეულ საკუთრებაზე ნაღვლობენ, ხან ფეკალური მასების სუნის გამო, წვიმას კი შიშით უყურებენ, რათა მათი დაბზარული სახლები მეწყერმა არ შთანთქას.