მას მეტსახელად „მისტერ მედიას“, „მარშალ დილერს“ და „უჩინარ ადამიანს“ ეძახიან. ეს უკანასკნელი სახელი, მედიატექნოლოგიის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილით განთქმულ ბარი დილერს და ისეთი დიდი კორპორაციის თავკაცს, როგორიცაა USA Networks, არ უნდა შეეფერებოდეს. მაგრამ ყველა, ვინც მას პირადად იცნობს, ერთხმად აღნიშნავს დილერის თავმდაბლობას და ეფექტის მოხდენის სურვილის არარსებობას. იგი ყოველთვის ჩრდილში არის მოქცეული, სადაც სიტუაციის მართვის სადავეები ხელთ მყარად უპყრია. დილერი გამუდმებით ცივ, გაწონასწორებულ სიმშვიდეს ინარჩუნებს და მხოლოდ მაშინ რეაგირებს, როცა საჭიროდ ჩათვლის.
თუმცა, 1,2 მილიარდის ოდენობის კაპიტალის მფლობელი, 68 წლის ბარი ისეთი ცივსისხლიანი ბიზნეს-მანქანა სულაც არ არის, როგორადაც უმრავლესობას წარმოუდგენია, როგორც მასთან ძალიან დაახლოებული პირები აღნიშნავენ, საკმაოდ ტემპერამენტულიც არის. უბრალოდ, ამგვარი იმიჯი აქვს შექმნილი და როლს მშვენივრად თამაშობს. ამიტომაც იყო, რომ ბარი დილერის ბიოგრაფიით ფართო მასები მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც USA Networks-ის, Universal TV-ის და Sci-Fi Channel-ის მეპატრონე გახდა.
კურიერობიდან მერდოკამდე
ბარი დილერი დაიბადა 1942 წელს სან ფრანცისკოში და იზრდებოდა ლოს ანჯელესის განთქმულ უბან ბევერლი ჰილსში. ასე რომ, კინობიზნესში გზის გაკვლევა თითქოს წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული. მან თავდაპირველად მუშაობა შოუ-პროგრამებისათვის ახალგაზრდა ტალანტების მომძიებელ სააგენტო Wolloam Morris-ში კურიერად დაიწყო, 24 წლის კი ABC-ის ტელექსელის ერთ-ერთი განყოფილების მთავარი მენეჯერის ასისტენტი გახდა.
ამის შემდეგ დილერი ნიუ იორკში გადავიდა და სამი წლის განმავლობაში ABC Entertainment-ის ადგილობრივ სტუდია Prime Time Television-ს ხელმძღვანელობდა. ამ ხნის განმავლობაში მან თავისი პირველი სერიოზული იდეა განახორციელა - მისი ინიციატივით შეიქმნა გრძელი სერიალები: „ფესვები“, „მდიდარი“, „საბრალონი“, რომლებმაც უზარმაზარი აუდიტორიის ყურადღება მიიპყრო.
1974 წელს დილერი Paramount Pictures-ში დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ მიიწვიეს. სწორედ ამ თანამდებობაზე მუშაობისას გამოვლინდა მისი, როგორც დიდი ბიზნესმენის ტალანტი. ბარის ხელმძღვანელობით სულ მალე კორპორაციის შემოსავალი გაოთხმაგდა, ხოლო 80-იანი წლების დასაწყისში Paramount-ის ხელმძღვანელობის გარდა დილერი ახლადშექმნილი სატელეკომუნიკაციო კონგლომერატის Entertiment and Communications Group-ის, რომელშიც კორპორაციები Simon & Schuster, Madison Square Garden Corp და SEGA Enterprises შედიოდა, პრეზიდენტი გახდა.
ასე რომ, გასაკვირი სულაც არ იყო, ეგზომ წარმატებული მენეჯერით მსოფლიო მედიაინდუსტრიის ერთ-ერთი მეტრი რუპერტ მერდოკი რომ დაინტერესდა. 1984 წელს მერდოკმა დილერს მისი კუთვნილი სტუდია 20th Century Fox-ის ხელმძღვანელობა შესთავაზა. მათი ურთიერთობა მშვენივრად წარიმართა, სტუდიის კინოფილმებმა კინოდარბაზები დაიპყრო და „ოსკარებმაც“ არ დააყოვნა. გარდა ამისა, დილერის ბრწყინვალე ინტუიციის წყალობით რვა წლის განმავლობაში Fox Incorporated სერიოზულად გაფართოვდა და სეპურშემოსავლიან კორპორაცია Fox Television Stations-ად იქცა. სწორედ დილერის, რომელმაც სხვებზე ადრე სათანადოდ დააფასა მაღალი ტექნოლოგიები, გაიხსნა თანამგზავრული ტელესისტემა Fox Broadcasting Co და საინფორმაციო კომპანია Fox Network.
მაგრამ დროთა განმავლობაში ორმა დათვმა ერთ ბუნაგში თავი ვიწროდ იგრძნო და როცა ბარიმ რუპერტს Fox Inc-ში დიდი ფინანსური წილით მონაწილეობა და საქმიანი გადაწყვეტილებების მიღებისას თავისუფლება მოსთხოვა, სკანდალი მომწიფდა. ინკოგნიტო დამსწრეები ირწმუნებიან, რომ განრისხებული მერდოკი ლამის თმას იგლეჯდა და ღრიალებდა: „აქედან გაეთრიე, ჩემს კომპანიაში მხოლოდ ერთი უფროსი უნდა იყოს“.
იმპერიის მშენებლობა
დილერმა Fox 1992 წელს დატოვა. ამ დროისათვის მისი პირადი კაპიტალი 150 მილიონ დოლარს შეადგენდა. მალე იგი საკაბელო იმპერია Comcast-ის უმსხვილეს აქციონერებს, მამა-შვილ რომებტსებს შეხვდა, რომლებსაც ეგზომ განთქმული ბიზნესმენის მიწვევით საინფორმაციო-სავაჭრო არხ QVC Inc-ის განვითარება სურდათ. დილერმა მათი წინადადება მიიღო, QVC ძალიან სწრაფად ეკონომიკურად ეფექტურად აქცია და რობერტსებს მისი მთლიანად შესყიდვისაკენ მოუწოდა. ბარის აზრით, ამგვარად Paramount-ის ხელში ჩასაგდებად კარგი ტრამპლინი შეიქმნებოდა. მაგრამ რობერტსების მანიაკალურმა სიფრთხილემ და საკუთარი სახსრების სიმწირემ ამის საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ, იმავე მიზეზით დილერმა ვერ მოახერხა კორპორაცია CBS-ის დასაკუთრება.
ბოლოს და ბოლოს, 1995 წელს „უჩინარმა კაცმა“ იმ დროისათვის ნაკლებად ცნობილი სატელეტრანსლაციო კომპანია Silver King Communikations შეიძინა. ცოტა ხანში მან ხელში ჩაიგდო Home Shopping Network Inc-იც. ამგვარად ჩაეყარა საფუძველი დილერის საკუთარ „საკომუნიკაციო სახელმწიფოს“. ამის შემდეგ ბარი USA Networks-ის, ქსელის თავკაცი გახდა, რომლის ტრანსლაციებსაც ამერიკელთა 70 პროცენტამდე უცქერს.
90-იანი წლების ბოლოს დილერის ყურადღების ცენტრში პერსპექტიული ინტერნეტ-ბიზნესი მოექცა. 1999 წელს USA Networks-ს კომპანია-მეგაპორტალი Lycos შეუერთდა და შეიქმნა ახალი კორპორაცია USA_Lycos Interactive Networks. ამგვარად, სამნახევარ წელში პატარა, 250 მილიონ დოლარად ღირებული კომპანია დილერმა უმსხვილეს, 33,7 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კონგლომერატად აქცია.
სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ტერმინი „დილერის იმპერია“ და იგი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მოექცა. ყველას აინტერესებდა რა სიახლით გააოცებდა ყოფილი კურიერი, რომელმაც ლამის მთელი ჰოლივუდის გადატრიალება მოასწრო, რა გეგმები უნდა ჰქონდეს საქმიან ადამიანს, რომელმაც გაფურჩქვნის პერიოდში MCA/Universal-ის თავკაცობასა და დისნეის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტობაზე უარი თქვა, რა აზრები უტრიალებს ჭკვიან თავში ამერიკული ბოჰემის არატიპიურ, მაგრამ სრულფასოვან წარმომადგენელს, რომელთან მეგობრობითაც განთქმული პიროვნებები ამაყობენ და როგორია ბრძენი ბიზნესმენი, რომელიც 50 წლის ასაკში მოულოდნელად კალამს წაეტანა და 1992 წელს ბესტსელერი „PowerBook“ დაწერა, რომელსაც „ინტერაქტიული სახარება“ უწოდეს.
ამ დროისათვის, თავისი იმპერიის გაფართოვებისათვის დილერი სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარების გარდა გასართობი და ტურისტული ინდუსტრიის მშენებლობაზე ზრუნავს. ცოტახნის წინ მან კომპანია Expedia Online Travel Service-ის აქციების 75 პროცენტი შეიძინა. მისი მისწრაფება იოლი გასაგებია, ტურიზმი ხომ თანდათანობით ინტერნეტ-ბიზნესის განუყოფელი ნაწილი ხდება. არ უნდა დავივიწყოთ USA Networks-ის მიერ კონტროლირებადი სავაჭრო
ქსელი Home Shopping და შოუ-ბიზნესი, რომელიც კვლავინდებურად დილერის ინტერესის სფეროში რჩება.
მიუხედავად ეგზომ შთამბეჭდავი მდგომარეობის გამო ბარი დილერი მთლად „უჩინრად“ დარჩენას ვეღარ ახერხებს, თუმცა, საზოგადოებაში ხშირად გამოჩენას ყველანაირად ერიდება და ერთობ თავდაჭერილად იქცევა. თავისთავად ცხადია, დილერმა მშვერივრად იცის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მისი აზრი საქმიან წრეებში და ამიტომ, როცა საჭიროდ ჩათვლის, ინიციატივას საკუთარ ხელში იღებს და, როგორც ყოველთვის, სრულ ჭეშმარიტებას ღაღადებს.