რასელ ქროუს ახალი პროექტი

რასელ ქროუს ახალი პროექტი

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ავსტრალიელი მსახიობი რასელ ქროუ სუპერმენზე გადაღებულ ახალ მხატვრულ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს.

 

ამ სურათს “ფოლადის ადამიანი” ერქმევა და მას კინორეჟისორი ზაკ სნაიდერი გადაიღებს. “გლადიატორის” როლის უკვდავი შემსრულებელი ამ ნამუშევარში სუპერმენის ბიოლოგიური მამის სტატუსით წარმოგვიდგება.

 

რეჟისორი ზაკ სნაიდერის სახელი კინოს მოყვარულებისათვის კარგადაა ცნობილი. ის არის ავტორი ისეთი პოპულარული სურათებისა, როგორებიც არიან “სამასი სპარტელი”, “მცველები” და “აკრძალული ილეთი”.

 

სუპერმენის ახალ თავგადასავლებში მთავარ გმირს მსახიობი ჰენრი კევილი განასახიერებს. მის დედამიწელ მშობლებს დაიან ლეინი და კევინ კოსტნერი ითამაშებენ. სუპერმენის სატრფოს, მშვენიერი ლოის ლეინის როლი ემი ადამსს ერგო.

 

ამ ფილმის სიუჟეტი მკაცრად გასაიდუმლოებულია.

 

“ფოლადის ადამიანზე” მუშაობის დაწყებას ზაკ სნაიდერი მიმდინარე წლის დასასრულს გეგმავს. ამისი მიზეზი ის გახლავთ, რომ რასელ ქროუ ამჟამად დაკავებულია სურათზე “77”, რომელშიც მთავარი როლის შესრულებასთან ერთად, ფილმის რეჟისორადაც გვევლინება.